პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
ფოტო: Getty Images
ადამიანის ენის მთავარ მახასიათებლად მისი სირთულე და მრავალფეროვნება მიიჩნევა. ჩვენი საუბარი გარკვეულ შაბლონებს მიჰყვება: მცირე გრამატიკული ერთეულები უფრო დიდ სტრუქტურებში თავსდება და სინტაქსის რთულ, მრავალშრიან "ქსელს" ქმნის.
ასევე იხილეთ: რას გვეუბნება ენა ადამიანის ბუნებაზე — შესავალი გენერაციულ გრამატიკაში
წლების განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ენის ასეთი სტრუქტურები — ცნობილი, როგორც ზე-რეგულარული რეკურსიული გრამატიკა — ევოლუციურად ჩვენი, როგორც სახეობის, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო. ამის მიუხედავად, ციურიხის უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი ნაშრომი ამ ფუნდამენტურ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს. კვლევა bioRxiv-ზე გამოქვეყნდა და რეცენზირება არ გაუვლია.
კვლევის მიხედვით, ზე-რეგულარული გრამატიკის ელემენტებს ერთმანეთთან კომუნიკაციისას, სავარაუდოდ, სულ მცირე სამი სახეობის პრიმატი იყენებს. კერძოდ, ესენი არიან: ჩვეულებრივი მარმოსეტი (Callithrix jacchus), ზეთისხილისფერი კოლობუსი (Procolobus verus) და ბონობო (Pan paniscus).
"ჩვენი კვლევა პირველად აჩვენებს, რომ ცხოველები ბგერათა ისეთ თანმიმდევრობებს ქმნიან, რომლებიც ზე-რეგულარული რეკურსიული გრამატიკის ჩარჩოებში ექცევა. შესაბამისად, ისინი ადამიანის ენასთან იმაზე მეტ მსგავსებას იზიარებს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა", — წერია ციურიხის უნივერსიტეტის ლინგვისტ რემო ნიჩკესა და მისი კოლეგების ნაშრომში.
მეცნიერებმა არ იცოდნენ, კონკრეტულად რას ნიშნავს პრიმატებისთვის დამახასიათებელი ესა თუ ის ბგერა, ამიტომ მათ რთულ მათემატიკურ მოდელირებას მიმართეს. მკვლევრებმა ორი განსხვავებული ალგორითმი შექმნეს, რომლებიც აუდიოჩანაწერების მიხედვით პროგნოზირებდა, თუ რომელი ბგერა იყო რიგში მომდევნო.
ერთი მოდელი მარტივ, სწორხაზოვან გრამატიკას (რომელიც ზოგ ცხოველში გვხვდება) ეყრდნობოდა, მეორე კი — რთულსა და იერარქიულს, რომელიც აქამდე მხოლოდ ადამიანისთვის უნიკალურად მიიჩნეოდა. მოდელები ჯერ ადამიანის საუბრის ჩანაწერებზე გამოცადეს, შემდეგ კი პრიმატების ხმებზე დატესტეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ სამივე სახეობის პრიმატის კომუნიკაცია რთული, ზე-რეგულარული გრამატიკის ნიშნებს შეიცავდა.
ავტორები ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი კვლევა ალბათობებზეა დაფუძნებული.
"შესაძლებელია, რომ ეს თანმიმდევრობები მხოლოდ ფორმალურ სტრუქტურას ასახავდეს, მაგალითად, ადამიანებში მუსიკისთვის დამახასიათებელი სინტაქსის ან ცხოველების ვოკალიზაციების მსგავსად. იმის დასადგენად, თუ ამ ახსნებიდან რომელია სწორი, გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო", — აღნიშნავენ მკვლევრები.
მიუხედავად ამისა, ნაშრომი ენის ევოლუციის შესახებ არსებულ ხედვებს სერიოზულად არყევს. აქამდე სწორედ რთული სინტაქსის არარსებობა მიიჩნეოდა ჰომინინების ევოლუციაში იმ მთავარ საზღვრად, რომელიც ადამიანს ცხოველთა სამყაროსგან მიჯნავდა.
"ჩვენი მიგნებები ენის ევოლუციის კვლევის დღის წესრიგს თავიდან აყალიბებს: თუ არა სინტაქსი, მაშინ რა არის ის კრიტიკული ნაბიჯი, რომელმაც პრიმატების მაგვარი საკომუნიკაციო სისტემიდან ენის ევოლუცია განაპირობა?" — ამბობენ ნაშრომის ავტორები.
მეცნიერების თქმით, ენის წარმოშობაზე ჩვენი წარმოდგენა შეიძლება გადახედვას საჭიროებდეს და ადამიანის უნიკალურობის ასახსნელად ახალი ბიოლოგიური თუ კოგნიტიური მექანიზმების ძიება იყოს აუცილებელი.

კომენტარები