ტრანსპლანტაცია ხშირად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა, მაგრამ რა ემართება ორგანოებს გადანერგვის შემდეგ?

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა დონორის გული ხანდაზმულის ორგანიზმში სწრაფად ბერდება, პირიქით კი გაახალგაზრდავებას იწყებს. კვლევა არარეფერირებად სამეცნიერო პლატფორმაზე bioRxiv გამოქვეყნდა. ნაშრომს ჯერ რეცენზირება არ გაუვლია, თუმცა მიღებული მონაცემები ტრანსპლანტოლოგიაში მნიშვნელოვან პერსპექტივას აჩენს. შედეგების მიხედვით, ორგანოების დონორი იმაზე უფრო დიდი ასაკის ადამიანიც შეიძლება იყოს, ვიდრე დღევანდელი სტანდარტით მიიჩნევა.

მსოფლიოს მასშტაბით გულის ტრანსპლანტაცია სულ უფრო ხშირია, თანაც დიდი ასაკის პაციენტებში (ეს, ნაწილობრივ, მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდითაა განპირობებული). მაგალითად, აშშ-ში 2024 წელს 4636 ასეთი პროცედურა ჩატარდა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 81.5%-ით აღემატება. მეორე მხრივ, დონორული ორგანოების მომლოდინეთა სიაში მყოფი ასობით პაციენტი ყოველწლიურად მაინც იხოცება.

ამ პრობლემამ ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვის მცდელობებს ბიძგი მისცა. ამასთან, ბევრ ქვეყანაში სამედიცინო წესდებაც შეიცვალა, რათა გადანერგვისთვის ხელმისაწვდომი ადამიანის გულების რაოდენობა გაზრდილიყო. როგორც წესი, 45 წელზე ნაკლები ასაკის დონორები ოპტიმალურად მიიჩნევა. მეორე მხრივ, ექიმები შედარებით ასაკოვან კანდიდატებსაც განიხილავენ, თუ მათ კორონალური არტერიების სერიოზული დაავადების ნიშნები არ აქვთ.

თაგვებზე ჩატარებული კვლევა

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ჯესი პოგანიკმა, და მისმა კოლეგებმა ტრანსპლანტაციის შემდეგ დონორული გულის ბიოლოგიური ასაკის ცვლილება შეისწავლეს. ბიოლოგიური ასაკი უჯრედულ დონეზე დაგროვილი დაზიანებების რაოდენობას ასახავს. მეცნიერებმა აღნიშნული პროცესი თაგვებსა და ადამიანებში გამოიკვლიეს.

ექსპერიმენტში სამი ასაკობრივი ჯგუფის თაგვები ჩართეს: ახალგაზრდა (3 თვის), საშუალო ასაკის (1 წლის) და ხანდაზმული (1.5-1.67 წლის). მათ დამატებითი გულები გადაუნერგეს. შედეგად, თაგვები ერთდროულად საკუთარი და გადანერგილი ორგანოთი ცხოვრობდნენ.

ოპერაციიდან დაახლოებით 4-6 თვის შემდეგ მკვლევრებმა თაგვების ქსოვილის ნიმუშები აიღეს. მათ დაახლოებით 320 000 გენეტიკურ რეგიონში დნმ-ის მეთილირების დონე გაზომეს. ეს პროცესი დნმ-ის მოლეკულაზე მეთილის ჯგუფების სახელით ცნობილი ქიმიური ნიშნულების დამატებას ან ჩამოცილებას გულისხმობს. ამ გზით მეცნიერები დაბერების შედეგად გამოწვეულ უჯრედულ ცვლილებებს ეძებდნენ. ბოლოს მათ გადანერგილი გულების მეთილირების მაჩვენებლები ცხოველების საკუთარი გულების მონაცემებს შეადარეს.

ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დონორული გულების ბიოლოგიური ასაკი მიმღები ორგანიზმის მონაცემებს დაუახლოვდა: ხანდაზმულ ცხოველებში გადანერგილი ახალგაზრდა ორგანოები სწრაფად დაბერდა, ხოლო ახალგაზრდა სხეულში გადატანილმა ასაკოვანმა გულებმა გაახალგაზრდავება დაიწყო.

კვლევის შედეგები ადრინდელი ექსპერიმენტების შედეგებს ამყარებს. ამ კვლევებში ორი ცოცხალი ორგანიზმი ქირურგიულად ისე შეაერთეს, რომ მათ სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა ჰქონოდათ — ამ პროცესს პარაბიოზი ეწოდება. დადგინდა, რომ ახალგაზრდა თაგვის სისხლი მასთან დაკავშირებული ასაკოვანი მღრღნელის სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ხოლო მეხსიერებასა და სწავლის უნარს აუმჯობესებს; ხანდაზმული თაგვის სისხლს კი ახალგაზრდა ორგანიზმში ბიოლოგიური ასაკის გაზრდა შეუძლია.

ტრანსპლანტაცია და ბიოლოგიური ასაკი

ამის შემდეგ პოგანიკმა და მისმა კოლეგებმა ბოსტონის The Brigham-ის კლინიკაში გულის ტრანსპლანტაციის ისტორიული შემთხვევები შეისწავლეს. ისინი ეძებდნენ პაციენტებს, რომელთა ბიოფსიური ნიმუშებიც დნმ-ის მეთილირების ტესტის ჩასატარებლად ხელმისაწვდომი იყო. მკვლევრებმა ტრანსპლანტაციის 11 ასეთი შემთხვევა გამოიკვლიეს, სადაც დონორსა და მიმღებს შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდი იყო. კერძოდ, ახალგაზრდებში გადანერგილი ასაკოვანი გულების შემთხვევაში სხვაობა 8-24 წელს შეადგენდა, ხოლო პირიქით — 38–50 წელს.

პოგანიკის თქმით: "ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ ადამიანებში ზუსტად იგივე ეფექტი გამოვლინდა, რომელიც თაგვებზე დაკვირვებისას ვიხილეთ". გადანერგილი გულები ახალი ორგანიზმის ბიოლოგიურ ასაკს მოერგო.

მკვლევრებმა ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ გულის ტრანსპლანტატის მქონე ასობით პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ანკეტებიც შეისწავლეს. მათ სურდათ გაერკვიათ, რამდენად ეფექტიანად მუშაობდა გადანერგილი ორგანოები და როგორ უკავშირდებოდა ეს ბიოლოგიურ ასაკს. დადგინდა, რომ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა გულისცემის სიხშირე, გულის უკანა კედლის სისქე და ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი სწორედ მიმღების ასაკს უკავშირდებოდა და არა დონორისას.

"ზოგიერთი, თუმცა არა ყველა, ფუნქციური მაჩვენებელი ადასტურებდა ვარაუდს, რომ ახალგაზრდა ორგანიზმში გადანერგილი ასაკოვანი გული ისე ფუნქციონირებდა, თითქოს ბიოლოგიურად უფრო ახალგაზრდა ყოფილიყო და პირიქით. სავარაუდოდ, ზოგიერთი პროცესი, უბრალოდ, შექცევადი არ არის", — აღნიშნავს პოგანიკი.

გულის ტრანსპლანტაციის შედეგად სხვა ორგანოების ფუნქციონირებაში ცვლილებები არ გამოვლენილა.

"ეს ბრწყინვალე კვლევა თანხვედრაშია დაბერების შემსწავლელ თანამედროვე მეცნიერებასა და სისხლის ფაქტორების იმ ეფექტებთან, რომლებშიც, შესაძლოა, 'მარადიული ახალგაზრდობის წყაროს' საიდუმლო იმალებოდეს", — აღნიშნავს ბალტიმორში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქირურგი, ბარტლი გრიფიტი. მან 2022 წელს ადამიანის ორგანიზმში გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული პირველად გადანერგა.

ავტორების თქმით, საჭიროა, რომ მიღებული შედეგები უფრო დიდ ჯგუფებისა და სხვა გადანერგვითი პროგრამების მაგალითზე გადაამოწმონ. სან ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კარდიოქირურგის, ემი ფიდლერის, თქმით, ახალგაზრდა პაციენტებში ასაკოვანი დონორების გულის გადანერგვას ექიმები ჯერ კიდევ დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ამის მიზეზი ამ ორგანოების სიცოცხლისუნარიანობასა და გამძლეობასთან დაკავშირებული ეჭვებია. ახალმა კვლევამ შეიძლება ეს შეცვალოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.