სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
ფოტო: Stockcake
12 წლის ასაკში საკუთარი სმარტფონის ქონამ მოზარდებში კვებითი დარღვევის სიმპტომების გამოვლენის რისკი, შესაძლოა, საგრძნობლად გაზარდოს. მათში ეს პრობლემა ბევრად უფრო ხშირად იჩენს თავს, ვიდრე იმ თანატოლებში, რომლებიც მობილურ ტელეფონს არ ფლობენ. სამედიცინო ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებული ნაშრომი აშშ-ში ჩატარებულ მასშტაბურ კვლევას ეყრდნობა. მეცნიერებმა პროექტის ფარგლებში 9000-ამდე მოზარდის მონაცემები შეისწავლეს.
"სმარტფონს მოზარდის ჯიბეში გარეგნობაზე ორიენტირებული შიგთავსის მთელი სამყაროს მოთავსება შეუძლია", — აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი, დოქტორი ჯეისონ ნაგატა.
ასე ახალგაზრდებამდე ისეთი ვიზუალური მასალა და გზავნილები აღწევს, რომლებმაც, შესაძლოა, არაჯანსაღი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.
"მნიშვნელოვანია, მშობლებმა გაიაზრონ, რომ სმარტფონის შეძენა მხოლოდ ახალი მოწყობილობის ყიდვას არ ნიშნავს. ის ციფრულ სამყაროში სხვაგვარ შიგთავსზე ბავშვის წვდომას ფუნდამენტურად ცვლის", — ამბობს ნაგატა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, უყიდით თუ არა შვილს ტელეფონს, არამედ ისიც, თუ როდის გააკეთებთ ამას.
რა აჩვენა კვლევამ
ეკრანებთან და სოციალურ ქსელებში დროის გატარება ბავშვებში მთელ რიგ უარყოფით შედეგებს უკავშირდება. მათ შორის არის დეპრესია, თვითშეფასების დაქვეითება, ასევე ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი ინტერესის გაჩენა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) პედიატრიის ასოცირებული პროფესორის, ჯეისონ ნაგატას, თქმით, ადრინდელი კვლევებისას ძირითადად იმას შეისწავლიდნენ, თუ რამდენ დროს ატარებენ მოზარდები ციფრულ მოწყობილობებთან. ახალ ნაშრომში მეცნიერს ყურადღების გამახვილება იმ ასაკზე სურდა, როდესაც ბავშვები ტელეფონის აქტიურ გამოყენებას იწყებენ. მან გამოიკვლია, თუ როგორ შეიძლებოდა, ამ ფაქტორს მომავალში კვებითი დარღვევების განვითარებაზე ემოქმედა.
სავარაუდო მონაცემებით, მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების დაახლოებით 22%-ს კვებითი ქცევის დარღვევის ნიშნები აქვს. არაჯანსაღ კვებით ქცევასა და უშუალოდ კვებით აშლილობას (დიაგნოზს) შორის განსხვავება, არსებითად, პრობლემის სიმძიმის ხარისხსა და იმ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებში მდგომარეობს, რომლებსაც ადამიანი აკმაყოფილებს. ორივე მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს საკვებსა და სხეულის მასაზე აკვიატებულ ფიქრს, სხეულის ფორმისა და ზომის დამახინჯებულ აღქმას, კვების მკაცრ შეზღუდვასა და მიღებული კალორიების "კომპენსირების" მცდელობას ღებინებითა თუ გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვით.
ნაგატამ და მისმა გუნდმა ამერიკელი ბავშვების ტვინის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე დაკვირვების მასშტაბური, გრძელვადიანი კვლევის მონაცემები გამოიყენეს. დაადგინეს, რომ მონაწილეთა 70% საკუთარ სმარტფონს ფლობდა. 14 წლის ასაკში ამ ჯგუფის 24%-ში კვებითი დარღვევის სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც დაფიქსირდა. შედარებისთვის, იმ მოზარდებში, რომლებსაც 12 წლის ასაკში სმარტფონი არ ჰქონდათ, ორი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი 16%-ზე ნაკლები აღმოჩნდა.
გარდატეხის ასაკი და საკუთარი გარეგნობის აღქმა
გარდატეხის ასაკი ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის გადამწყვეტი პერიოდია. სქესობრივ მომწიფებას თან სხეულისა და საკუთარი გარეგნობის აღქმის მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლავს. ნაგატას თქმით, ამ დროს სრულიად ბუნებრივია, რომ ბავშვები საკუთარ და სხვების ფიზიკურ ნიშნებს აკვირდებიან. სმარტფონებისა და სოციალური ქსელების გამოჩენამდე მოზარდები თავს ძირითადად თანატოლებს ადარებდნენ.
"მეორე მხრივ, როცა საკუთარ გარეგნობას ინფლუენსერების ფოტოებს ადარებ, რომლებიც საგანგებოდაა დამუშავებული, ეს საკუთარი სხეულით უკმაყოფილებასა და დაბალ თვითშეფასებას იწვევს. ამგვარი რამ კვებითი დარღვევების განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორია", — განმარტავს მეცნიერი.
კვლევის თანახმად, 12 წლის ასაკში სმარტფონის მქონე ბავშვები ორჯერ უფრო ხშირად უკავშირებდნენ სხეულის მასას იმას, თუ რამდენად ღირებულნი იყვნენ. ამასთან, ისინი 1 ½ - ჯერ უფრო ხშირად ცდილობდნენ მასის გაკონტროლებას, მაგალითად, დაბალკალორიული საკვების მიღებითა თუ გადაჭარბებული ვარჯიშით.
სმარტფონის შეძენის გადავადებამ მოზარდები, შესაძლოა, სხეულის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემებისგან გარკვეული დროით მაინც დაიცვას. ამის შესახებ ჩაპელჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების პროფესორი, დოქტორი მიტჩ პრინშტეინი, საუბრობს, რომელიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა. ის აღნიშნავს, რომ ახალი სამეცნიერო მონაცემებით, ტელეფონებსა თუ სხვა ციფრულ მოწყობილობებზე წვდომის თუნდაც ნახევარი ან ერთი წლით გადავადება ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა
იგი მშობლებს ურჩევს, რომ სმარტფონის შეძენის შემთხვევაში სოციალურ ქსელებთან წვდომა მოზარდს ეტაპობრივად გაუზარდონ, დროთა განმავლობაში. ის ამბობს, რომ არ ღირს ბავშვისთვის სრულიად შეუზღუდავი მოწყობილობის გადაცემა, სადაც მას ნებისმიერი შინაარსის შიგთავსის ნახვა შეეძლება და გაჯეტს დიდხანსაც გამოიყენებს.
ნაგატას თქმით, სოციალური მედიის უმსხვილესი პლატფორმების უმეტესობაში მომხმარებლის მინიმალურ ასაკად 13 წელი მოიაზრება. მეორე მხრივ, მისმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ 11-12 წლის ბავშვების თითქმის ორ მესამედს უკვე აქვს საკუთარი ანგარიში ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok და Instagram.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ თუ მშობლები ამ ასაკის მოზარდს საკუთარ ტელეფონს მაინც ანდობენ, უმჯობესია, რომ დამატებითი უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინონ. მათ შორისაა ჩამოსატვირთი აპლიკაციების შეზღუდვა და ტელეფონის საძინებელი ოთახის მიღმა დატოვება, რათა ბავშვის აქტივობის მეთვალყურეობა უფრო გაადვილდეს.
"მნიშვნელოვანია, რომ მშობლები შვილების ციფრულ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი", — აღნიშნავს ნაგატა.
მეცნიერი მშობლებს ურჩევს, რომ ტელეფონის მოხმარების ძირითადი წესები დანერგონ; ღიად ესაუბრონ ბავშვებს ონლაინ ხელმისაწვდომ შიგთავსზე და ყურადღებით დააკვირდნენ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც კვებით ჩვევებსა თუ საკუთარი სხეულის შესახებ საუბარს უკავშირდება.
კომენტარები