სამშაბათს დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტისადმი (AI) უცნაური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოავლინა და საპრეზიდენტო განკარგულებაზე ხელის მოწერით ტექნოლოგიას ახალი, ტრამპისეული, იმიჯი შეუქმნა.

ამ ხელმოწერით ტრამპმა აშშ-ის მთავრობას დაავალა, ხელოვნურ ინტელექტს "სუპერინტელექტი" — იგივე "ზეინტელექტი" — ეწოდოს. ამ გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება საჯარო მოხელეებს ბიუროკრატიული პროცესები გაურთულდეთ, მოსახლეობა კი აღნიშნული ტექნოლოგიის მოხსენიებას, სავარაუდოდ, კვლავ ძველი დასახელებით გააგრძელებს.

სახელის შეცვლის მიღმა, სამშაბათს ტრამპის რეალური მიზანი AI-ს სფეროს ლიდერთა დახმარება იყო, საკუთარი რეპუტაციისთვის ლაქები ჩამოეშორებინათ. ამისთვის პრეზიდენტმა სუპერინტელექტი ამერიკული ბიზნესისა და ინოვაციების მომავლად შერაცხა, ხოლო ამერიკელთა შეშფოთებას გადაჭარბებული უწოდა.

ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი

მან ეს პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა, როდესაც AI-ს შესაძლო საფრთხეები უარყო და საზოგადოების შიშს ამ საკითხის მიმართ "ცრუ" უწოდა, შემდეგ კი დასძინა:

"სწორედ ამიტომ შევცვალე სახელი. ცრუ უფრო ძველ დასახელებას ერგებოდა, ახლა კი ეს სუპერინტელექტია და მასში ყალბი არაფერია".

განკარგულებაზე ხელის მოწერამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა თეთრ სახლში ლანჩზე ინდუსტრიის ლიდერებს უმასპინძლა, მათ შორის ილონ მასკს, სუნდარ პიჩაის, დარიო ამოდეისა და სფეროს სხვა წარმომადგენლებს. ამის შემდეგ მან ღია ცის ქვეშ პრესკონფერენცია გამართა. მის გვერდით ამოდეი და ის ექსპერტები იდგნენ, რომლებიც სახელმწიფოსგან ტექნოლოგიისთვის უსაფრთხოების ბარიერების დაწესებას ითხოვენ, მაგრამ ტრამპმა მთელი ყურადღება მაინც რებრენდინგზე გაამახვილა. აღნიშნა, რომ კომპანიებმა "მორალურად სავალდებულო" შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ინდუსტრიის თვითრეგულირებას გულისხმობს.

ფოტო: Getty

"ეს გარკვეულწილად კონსტიტუციასავით არის", — განაცხადა პრეზიდენტმა — "მას მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ადამიანებმა მოაწერეს ხელი. მეც მოვაწერე ხელი, როგორც პრეზიდენტმა. ეს მართლაც დაცვის გარკვეული ფორმაა".

როგორც ჩანს, ესაა ხელოვნური ინტელექტის ერთადერთი "უსაფრთხოების ბარიერი", რომელსაც მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში უნდა ველოდოთ. ტექნოლოგიურ ლიდერებსა და ტრამპს შორის დადებული შეთანხმების ასლი პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ინდუსტრია ვალდებულებას იღებს, შიდა კონტროლის მყარი მექანიზმები დანერგოს და უზრუნველყოს, რომ მოდელებმა უნებართვოდ არ შეაღწიონ ტექნიკურ სისტემებში. დაუწერელი დასკვნა ისაა, რომ ამ სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში კომპანიების წინააღმდეგ არანაირი ახალი სანქცია თუ იძულებითი ზომა არ გატარდება.

ტრამპის გვერდით შეკრებილ ბიზნესლიდერებსა და კომპანიების ხელმძღვანელებს შორის მხოლოდ მცირე დიალოგი გაიმართა. მათ შორის იყო დარიო ამოდეიც, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ტექნოლოგიას კაცობრიობისთვის როგორც უდიდესი სარგებელი, ისე ძალიან რეალური რისკებიც მოაქვს.

სამშაბათს, ტრამპის ღონისძიებაზე, Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ მხოლოდ მოკლედ ისაუბრა. მას სიტყვით გამოსვლისას არ უხსენებია თავისივე მოწოდება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელების შესახებ.

ფოტო: Getty

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია, მათ შორის მედიცინის სფეროში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ვინც ხელოვნურ ინტელექტში გაიმარჯვებს, საბოლოო გამარჯვებაც მას დარჩება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს გამარჯვება მოვიპოვოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, პრეზიდენტთან და აქ შეკრებილ თითოეულ ადამიანთან თანამშრომლობით წარმატებას უსაფრთხოდ მივაღწევთ", — განაცხადა ამოდეიმ.

ამოდეის გამოსვლა მკვეთრად განსხვავდებოდა საგანგაშო რიტორიკისგან, რომელსაც ის და სფეროს სხვა ლიდერები ბოლო დღეებში მიმართავდნენ. ეს განცხადებები იმ არაერთი ცნობის ფონზე გაჟღერდა, რომ AI აგენტებმა უნებართვო წვდომა მოიპოვეს დაცულ სისტემებსა თუ საჯაროდ გამოუქვეყნებელ ინფორმაციაზე.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, რომელმაც ამ პრობლემის მასშტაბები პირველმა გააშუქა, AI აგენტების არასათანადო ქცევა მოიცავდა უსაფრთხოების ბარიერებისთვის გვერდის ავლას, ფორუმების შექმნას, იზოლირებული გარემოდან თავის დაღწევას, ვებგვერდების მიტაცებას, თვითპრომპტირებასა და მეთვალყურეობის სისტემებისგან დამალვას.

"მჯერა, რომ, თუ ტემპის შენელება თუნდაც დამატებით 1-2 წელს მოგვცემს, სანამ მოდელები შესაძლებლობების კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, და თუ ამ დროს უსაფრთხოების მექანიზმების გასაუმჯობესებლად გამოვიყენებთ, მნიშვნელოვნად შევამცირებთ იმის რისკს, რომ რამე სერიოზულად ცუდად წავიდეს", — დაწერა ამოდეიმ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში.

ინფორმაცია Hugging Face-ის ბოლო ინციდენტს უკავშირდება, როდესაც OpenAI-ს ექსპერიმენტულმა ინსტრუმენტები იზოლირებულ სივრცეს გასცდა და Hugging Face-ის გამოთვლით სისტემებზე უნებართვო წვდომა მოიპოვა. 2026 წლის ივლისის შემთხვევის შემდეგ OpenAI იძულებული გახდა, AI აგენტების უსაფრთხოების მექანიზმები გადაეხედა.

Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ზაკერბერგი, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც ტრამპის მიერ შემოღებული ტერმინი — "სუპერინტელექტი" მოიწონა.

ფოტო: Getty

ამავდროულად, გასულ თვეში ექსპერტთა საგანგაშო განცხადებებმაც იმატა. სექტემბრის დასაწყისში OpenAI-სა და Anthropic-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ჯეიკობ კოქსონმა, სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნა, რომ ახალ სისტემებს მალე შეეძლება ჰაკერობა, ნებისმიერი დარგის მყისიერი გარდაქმნა და რეალური ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მისი კოლეგის, ევან ჰუბინგერის, შეფასებით, არსებობს 10%-იანი რისკი იმისა, რომ ამ ტექნოლოგიამ კაცობრიობა განადგურებამდე მიიყვანოს.

მისი აზრით, სუპერინტელექტის უსაფრთხოდ მართვის გეგმა ჯერ არ გაგვაჩნია და არც მის შემუშავებასთან ვართ ახლოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.