ახალი კვლევის თანახმად, მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერის ერთ-ერთი არეალი (ე.წ. Margin Unit) წყლის არსებობის გაცილებით რთულ ისტორიას ინახავს, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია სხვადასხვა დროს ზედაპირქვეშა წყლების, ტბისა და, მოგვიანებით, ჰიდროთერმული აქტივობის ეპიცენტრი იყო.

2023 წლის სექტემბერში NASA-ს მარსმავალი Perseverance ჯეზეროს კრატერის შიდა კიდეს მიუახლოვდა. მკვლევრები ელოდნენ, რომ იქ დახვდებოდათ დანალექი ქანები, რომლებიც მარსის უძველესი ტბის სანაპირო ზოლს ქმნიდა. დედამიწაზე თიხისა და ლამისგან წარმოქმნილი დანალექი მეცნიერულად განსაკუთრებით ფასეულია, რადგან მათ უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალის შენახვა შეუძლია. მეცნიერების ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ მარსის ორბიტალურმა აპარატებმა ამ არეალში კარბონატული მინერალების კვალი დააფიქსირა.

დანალექი ფენების ნაცვლად, მარსმავალს ადგილზე მაგმური ქანები დახვდა. ჟურნალ Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს ქანები მიუთითებს, რომ მათ წყალთან სულ მცირე სამი განსხვავებული პერიოდის დროს ჰქონდა შეხება. თითოეულმა ზემოქმედებამ მათი ქიმიური შედგენილობა და ფიზიკური იერსახე სხვადასხვანაირად შეცვალა.

ამ დასკვნების უმეტესობა ინსტრუმენტ SuperCam-ის მონაცემებს ეყრდნობა. მას შეუძლია, ლაზერის გამოყენებით პლაზმის მცირე "აფეთქება" გამოიწვიოს და არეკლილი სპექტრის ანალიზით ქანის ქიმიური შედგენილობა დაადგინოს. ამ მეთოდით Perseverance-მა Margin Unit-ის მიმდებარედ 185-ზე მეტი სამიზნე შეისწავლა.

"სანამ Margin Unit-ში მივიდოდით, ორბიტალურ დაკვირვებებზე დაფუძნებული მთავარი ჰიპოთეზა ის იყო, რომ ორბიტიდან დანახული კარბონატი ჯეზეროს კრატერში არსებულ ტბასთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნა", — აღნიშნავს კვლევის მთავარი ავტორი, ინდიანას შტატის პერდიუს უნივერსიტეტის მკვლევარი, ქენდის ბედფორდი.

"ახლა უკვე ვიცით, რომ ეს ლოკაცია წყლის სისტემების ერთგვარ გზაჯვარედინად იქცა. Margin Unit-ის მიმდებარედ აღმოჩენები მნიშვნელოვანია, რადგან ჯეზეროს კრატერი მარსზე კარბონატული ქანების გავრცელების ერთ-ერთ უდიდეს არეალში მდებარეობს. შესაბამისად. ის, რასაც აქედან ვიგებთ, ამ კრატერის ფარგლებს სცდება", — ამბობს მკვლევარი

Perseverance-მა აღნიშნული არეალი დაახლოებით 265 მეტრ სიმაღლემდე შეისწავლა. ზედა ნაწილებში მარსმავალმა აღმოაჩინა უხეში კრისტალური ქანები, რომლებიც მინერალ ოლივინითაა მდიდარი და წყლის ზემოქმედების თითქმის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

მკვლევართა დასკვნით, ეს ქანები თავდაპირველად მარსის ზედაპირის სიღრმეში არსებულ მაგმაში ჩამოყალიბდა და ზედაპირზე მხოლოდ მოგვიანებით, ეროზიის შედეგად, გამოჩნდა. სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო ქვედა ნაწილში, უძველესი ტბის ფსკერთან ახლოს, სადაც ოლივინი ძლიერაა შეცვლილი და მის "მარცვლებს" შორის არსებული სივრცე სილიციუმითაა ამოვსებული.

მეცნიერებმა შეძლეს იმის რეკონსტრუქცია, თუ რა თანმიმდევრობით შეცვალა წყალმა აღნიშნული ქანები. პირველი ცნობილი ეპიზოდი ნახშირორჟანგით მდიდარ მიწისქვეშა წყლებს უკავშირდება — როდესაც ამ სითხემ ქანებში გაიარა, ის ოლივინთან შევიდა რეაქციაში და ქვედა დონეებზე არსებულ ბზარებში კარბონატი წარმოქმნა; წყლის აქტივობის მეორე პერიოდი უკავშირდება უძველეს ტბას, რომელიც ოდესღაც ჯეზეროს კრატერს ავსებდა.

"Margin Unit-ის ზოგიერთი ქანი ასევე შეიცავს სილიციუმს", — ამბობს კვლევის თანაავტორი და ჰავაის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი, ელენი რავანისი. "ოლივინის კარბონატად გარდაქმნის შემდეგ შეიძლება სილიციუმი განცალკევებულად დარჩეს. მას უფრო მეტად ვხედავთ ისეთ ქანებში, რომლებიც წყლის დონის ქვემოთ მდებარეობდა", — აღნიშნავს ის.

მესამე და უფრო გვიანი ეპიზოდი ზედაპირის ქვეშ გამდინარე ცხელ წყალს უკავშირდება. არეალის აღმოსავლეთ ნაწილში მარსმავალმა აღმოაჩინა დაახლოებით 25 სანტიმეტრი სისქის მინერალების ერთგვარი ქსელები, რომლებიც კალციუმის სულფატსა და ფლუორიტს შეიცავს. ფლუორიტი ძირითადად მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ვულკანურ ქანებში ცხელი წყალი ცირკულირებს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტბასთან ურთიერთქმედების შემდეგ ჯეზეროს კრატერმა გაცხელებული ზედაპირქვეშა წყლების აქტივობაც გამოცადა.

"თუკი მარსმავალებთან მუშაობის 10 წლის განმავლობაში რამე მისწავლია, ეს ის არის, რომ მარსი მუდმივად სიურპრიზებს გთავაზობს. ძალიან იშვიათია, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ორბიტალური მონაცემების მიხედვით ველოდებით", — აღნიშნავს ქენდის ბედფორდი. "ვიმედოვნებ, ეს ნაშრომი მეცნიერებს ჯეზეროს კრატერსა და მთლიანად მარსზე წყლის ისტორიის გადახედვაში დაეხმარება".

ახალი აღმოჩენა მეცნიერებს საშუალებას აძლევს, მარსზე წყლის ევოლუციის ისტორია სრულიად ახლებურად დაინახონ და წითელი პლანეტის ადრეული კლიმატი უფრო ზუსტად აღადგინონ. ეს მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, არსებობდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.