Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
Google-მა Gemini 4 Argon მოდელი წარადგინა.
ფოტო: Google
ხელოვნური ინტელექტის (AI) რბოლაში ლიდერობის დასაბრუნებლად Google-მა ოთხშაბათს Gemini 4 სერიის ახალი ფლაგმანი მოდელი, სახელად Argon, წარადგინა.
ასევე იხილეთ: OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
კომპანიის სპიკერის ცნობით, ახალი მოდელი ზომით მნიშვნელოვნად აღემატება Pro სერიის წინა მოდელებს და ყველაზე რთული სამუშაო პროცესებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ მიიღო, რომლის გამოც მან კონკურენტებთან, OpenAI-სთან და Anthropic-თან, გარკვეული პოზიციები დათმო.
"ეს ჩვენი ყველაზე მძლავრი მოდელია, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია რთული დავალებებისთვის. კოდირებისა და კიბერუსაფრთხოების საკვანძო ბენჩმარკებში მას მოწინავე მოდელების, Astra-სა (OpenAI) და Opus-ის (Anthropic), კონკურენტად ვაფასებთ", — აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
პრესრელიზის თანახმად, Argon-მა რამდენიმე ინდუსტრიულ ტესტში მართლაც აჯობა Astra-სა და Opus-ს. მეორე მხრივ, Google-ის კოდირების ოთხი ტესტიდან ორში, როგორც კომპანიამ გაასაჯაროვა, ის კვლავ ჩამორჩება კონკურენტებს.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გახდება მოდელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. Google-მა განაცხადა, რომ Argon-ზე წვდომას ჯერჯერობით მხოლოდ კიბერუსაფრთხოების შერჩეულ პარტნიორებს აძლევს. ამასთანავე, კომპანია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებულ პროცესშია ჩართული, რომლის ფარგლებშიც მოდელებზე წინასწარ ნებაყოფლობით გასცემენ წვდომას. ეს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ Gemini 3.5 Pro-ს გამოშვებაზე ოფიციალურად თქვა უარი. ამ მოდელის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი თავდაპირველად ივნისში გეგმავდა.
ამ შეფერხებების პარალელურად Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში, DeepMind-ში, მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ლაბორატორიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დემის ჰასაბისმა, თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, კომპანიიდან Gemini-ზე მომუშავე გუნდის რამდენიმე წამყვანი ფიგურაც წავიდა.
ივლისში სუნდარ პიჩაი უარყოფდა AI რბოლაში Google-ის პოზიციების შესუსტებას, მაგრამ ბოლო თვეებში კომპანიის რიტორიკა აშკარად შეიცვალა. თუკი ადრე Google მხოლოდ თავისი მოდელების ტექნოლოგიურ უპირატესობებზე აკეთებდა აქცენტს, ახლა მთავარი არგუმენტი კონკურენტებთან შედარებით მათი გამოყენების სიიაფე და ხარჯთეფექტიანობაა.
კომენტარები