კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
ფოტო: Getty Images
ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის თანახმად, 2024 წელს დიაგნოსტირებული სიმსივნის შემთხვევების 12% — ანუ 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა — ინფექციებთანაა დაკავშირებული. კიბოს ეპიდემიოლოგების მიერ ჩატარებული გლობალური კვლევის ანალიზი აჩვენებს, რომ ამ 12%-იდან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ 5 ძირითად პათოგენთანაა ასოციაციაში.
სიის სათავეშია კუჭის ბაქტერია Helicobacter pylori, რომელიც 2024 წელს დაფიქსირებული კიბოს შემთხვევების 4%-თან დააკავშირეს (760 000 შემთხვევა). სტატისტიკურად, მსოფლიოში ყოველი მეორე ადამიანი ამ მიკრობის მატარებელია. მართალია, ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეულმა შტამებმა, შესაძლოა, კუჭის წყლული და, საბოლოოდ, ამავე ორგანოს სიმსივნე გამოიწვიოს.
კიდევ 4% (750 000 შემთხვევა) ადამიანის პაპილომავირუსს (HPV) უკავშირდება, B ჰეპატიტის ვირუსს (HBV) — 2%, ეპშტეინ-ბარის ვირუსს (EBV) კი — 1%. C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) შემთხვევების 1%-ზე ნაკლებთან ასოცირდება.
აღსანიშნავია, რომ EBV ამ სიაში ახალია. წინა გლობალური შეფასებების შემდეგ კიბოსთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ინფექციების სათანადო მკურნალობასა და პრევენციას სიმსივნის მაჩვენებლების რადიკალურად შემცირება შეუძლია.
"ჩვენი განახლებული შეფასებები კიბოს პრევენციის გლობალურ სტრატეგიებში ინფექციის კონტროლის მუდმივ მნიშვნელობას ცხადყოფს", — აღნიშნავს კვლევის წამყვანი ავტორი, ჰარიეტ რუმგაი.
მისი თქმით, "ბევრი კანცეროგენური ინფექციური აგენტის წინააღმდეგ უკვე არსებული ან პოტენციური პრევენციული მეთოდებია ხელმისაწვდომი, მათ შორის ვაქცინები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და უსაფრთხო ინიექციის პრაქტიკა".
ავტორები გლობალურ უთანასწორობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და წერენ:
"ვაქცინაციასა და სკრინინგში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ინფექციასთან დაკავშირებული კიბო მთავარ გლობალურ გამოწვევად რჩება მუდმივი უთანასწორობის გამო, რომელიც განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს აზარალებს".
კვლევის თანახმად, ინფექციით გამოწვეული კიბოს შემთხვევების სამი მეოთხედი სწორედ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (ძირითადად აღმოსავლეთ აზიაზე, სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე) მოდის. 2024 წელს მხოლოდ აღმოსავლეთ აზიაში ინფექციებთან დაკავშირებული სიმსივნის გლობალური მაჩვენებლის 42% დაფიქსირდა. იქ მთავარი პათოგენები H. pylori და B ჰეპატიტია.
პაპილომავირუსისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდას კიბოს მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება შეუძლია, მაგრამ კუჭის ბაქტერიის შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით რთულია.
"ჯერჯერობით მცირე პროგრესია H. pylori-ს ვაქცინების ან მაღალეფექტიანი თერაპიების შემუშავებაში, რომლებითაც არაეფექტიანი ანტიბიოტიკების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა შეგვიძლია. ეს გლობალურად კუჭის სიმსივნის კონტროლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა", — წერენ ავტორები.
ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა ეპშტეინ-ბარის ვირუსისთვის, რომელიც ზრდასრულთა დაახლოებით 95%-ს აინფიცირებს. ამ მიმართულებით კლინიკური კვლევები უკვე მიმდინარეობს.
"მიუხედავად იმისა, რომ EBV-ს, H. pylori-სა და კაპოშის სარკომის ახალი პრევენციული ვაქცინების შესამუშავებლად ინვესტიციები აუცილებელია, ცნობილია, რომ პრევენციის ბევრი სტრატეგია უფრო ხარჯთეფექტიანია", — აღნიშნულია ნაშრომში.
მკვლევრები იქვე ამბობენ, რომ "სამწუხაროდ, ასეთი სტრატეგიები ხშირად სოციალური, ფინანსური და პოლიტიკური ბარიერების გამო არასაკმარისად გამოიყენება" იმ გარემოში, სადაც ისინი ყველაზე მეტადაა საჭირო.
ავტორების დასკვნით, "კიბოსთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური დანახარჯის გათვალისწინებით, პრევენციაში ინვესტირება გადამწყვეტია".
შესაბამისად, მეცნიერთა აზრით, ინფექციური დაავადებების კონტროლი, დროული ვაქცინაცია და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკა ონკოლოგიის ერთ-ერთ მთავარ იარაღად უნდა იქცეს, რათა მომავალში პრევენციული მედიცინით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გახდეს შესაძლებელი.
კომენტარები