რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
პეპლების ფრთები მხოლოდ თვალისმომჭრელი სილამაზით არ გამოირჩევა. აღმოჩნდა, რომ ეს მათ სასიკვდილო საფრთხისგანაც იცავს.
ფოტო: Magda Patynska
პეპლები თავიანთ ფრთებზე არსებული შთამბეჭდავი და ჭრელი "ორნამენტებით" არიან ცნობილნი, თუმცა ეს მხოლოდ სილამაზისთვის არ სჭირდებათ. ახალი კვლევის თანახმად, პეპლის ფრენის მანერა და ფრთის ფერადი ლაქები ერთობლივად ძლიერ ვიზუალურ ილუზიას ქმნის, რაც მათ მტაცებლებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
კვლევა ინგლისის ექსტერისა და ესექსის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს. მისი შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
პეპლების ოჯახი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: იქ შევხვდებით როგორც გამჭვირვალეფრთიან სახეობებს, ასევე ისეთებს, რომელთა ფრთებიც გამომშრალ ფოთლებს საოცრად წააგავს. მკვლევრებმა დიდი ხანია იციან, რომ ეს უნიკალური მწერი მტაცებლების დასაფრთხობად და თავიდან ასაცილებლად კამუფლაჟს (ლაქებით, ზოლებით დაფარული სხეული), მიმიკრიასა და სხვა მრავალ ხრიკს იყენებს. მეორე მხრივ, ფრენისას კამუფლაჟი ხშირად ეფექტს კარგავს.
ეს ახალი კვლევა პირველად ადასტურებს, რომ პეპლები ვიზუალური გზა-კვალის აბნევის ოსტატებიც არიან: ფრენის მანერითა და ფრთების "მოხატულობით" ისინი მტაცებელს სიჩქარისა და მიმართულების აღქმაში ხელს უშლიან.
"ეს ილუზია მტაცებლის ყველაზე მარტივ მხედველობით თავდასხმით სისტემას ხელს უშლის, რაც საბოლოო 'ბალისტიკურ შეტევას' იმ რამდენიმე ათეულ მილიწამში აფერხებს, როდესაც ის მსხვერპლის დაჭერას ცდილობს. კურსის შესაცვლელად კი თავდამსხმელს დრო აღარ რჩება. შედეგად, ფრინველები და სხვა მტაცებლები ხშირად სამიზნეს უბრალოდ ასცდებიან ხოლმე", — აღნიშნა ექსეტერის უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და კონსერვაციის ცენტრში მომუშავე ჯორჯ ჰენკოკმა.
ფრთების მექანიზმის შესწავლა
"ფრენისას პეპლის ფრთები ფორმას იცვლის: ზემოთ ამოძრავებისას ისინი ერთმანეთს ებჯინება, ხოლო ქვემოთ დაშვებისას ცალკევდება. შესაბამისად, ფრთების ქნევისას ზოლები კუთხეს იცვლის და სხვადასხვა მხარესაა მიმართული", — აღნიშნა ექსეტერის უნივერსიტეტში მომუშავე ჯოლიონ ტროსციანკომ. "ფრენის არაპროგნოზირებად ტრაექტორიასთან შერწყმით მსგავსი ორნამენტები მოძრაობის მცდარ ილუზიას ქმნის. შედეგად, მტაცებელი მიზანს სრულიად სცდება ან ფრთის შედარებით უსაფრთხო ნაწილს, მაგალითად, უკანა ფრთას (ფრთის ქვედა ნაწილს) აზიანებს".
ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მკვლევრებმა რამდენიმე მტკიცებულება გააერთიანეს. თავდაპირველად, მათ სწრაფი კამერა გამოიყენეს, რომელიც წამში 1000-ზე მეტ კადრს იღებდა და პეპლის აფრენის პროცესი აღბეჭდეს. მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ ხედავს ფრინველის თვალი მოძრაობისას ფრთების ლაქების ცვლილებას.
შემდეგ მათ ევროპული პეპლის 400-ამდე სახეობის "ორნამენტები" გამოიკვლიეს იმის დასადასტურებლად, რომ მსგავსი მოძრაობის ილუზიის შექმნის უნარი სხვადასხვა სახეობაში ფართოდაა გავრცელებული. რეალური თავდასხმის გასათამაშებლად 100-მა მოხალისემ მტაცებლის როლი მოირგო — ისინი სენსორულ ეკრანზე ვირტუალურ პეპლებს ეძებდნენ და მათ დაჭერას ცდილობდნენ.
"შეიძლება უცნაურია, რომ ევოლუციის პროცესში პეპელა ასეთი შესამჩნევი გახდა, მითუმეტეს, რომ ევროპული პეპლების სახეობებიდან შხამიანი ან უგემური ძალიან ცოტაა. მეორე მხრივ, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მტაცებლების შეცდომაში შესაყვანად ილუზიების შესაქმნელად პეპლები ფრთების მრავალგვარ მოხატულობას იყენებენ", — განაცხადა დოქტორმა ჰენკოკმა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მექანიზმი მხოლოდ პეპლებში არ გვხვდება. ზებრებისა და გველების ზოლებიდან დაწყებული, ფრინველების ფრთების ფარფატითა თუ თევზების კუდის სხარტი მოძრაობით დამთავრებული, მსგავსი მოძრაობით მტაცებლის დაბნევა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული.

კომენტარები