ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
ფოტო: JUSTIN TALLIS/AFP/Getty Images
საიდუმლო არ არის, რომ თანამედროვე ადამიანები და ნეანდერტალელები ერთმანეთთან წყვილდებოდნენ: დღეს მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას ნეანდერტალელის დნმ-ის დაახლოებით 1 ან 2 პროცენტი აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ამ გენეტიკური წარმომავლობას გავლენა აქვს, მაგალითად, იმუნურ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უცნობია, ჩვენს სხეულზე ეს გენები დღეს როგორ მოქმედებს.
ახლა კი, ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ზოგიერთი ჩვენგანის კუნთები, შესაძლოა, ნეანდერტალელთა გენეტიკის წყალობით უფრო ძლიერი იყოს.
მკვლევრებმა თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის გენომებს შორის არსებული განსხვავებები შეისწავლეს და ნეანდერტალელების ზრდის ჰორმონის რეცეპტორში გამოკვეთილი გენეტიკური ცვლილებები გამოავლინეს. ეს არის უჯრედის მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც სხეულის ზრდას არეგულირებს. ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, ნეანდერტალელის რეცეპტორის მქონე უჯრედები უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე თანამედროვე ადამიანის ვერსიის მქონე უჯრედები. ავტორები წერენ, რომ ეს შედეგები, შესაძლოა, ნეანდერტალელების "მძლავრი აღნაგობის" ახსნაში დაგვეხმაროს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ეფექტი კონკრეტულად ერთ გენეტიკურ ცვლილებას, რეცეპტორის 561-ე პოზიციაზე ამინომჟავის ჩანაცვლებას, უკავშირდება, ხოლო ორ სხვა ნეანდერტალურ ვარიანტს მსგავსი გავლენა არ აღმოაჩნდა.
კვლევის ავტორების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც რეცეპტორის მინიმუმ ერთ ნეანდერტალელურ ვერსიას ატარებენ, ჩვეულებრივ, 271 გრამით მეტი კუნთოვანი მასა და გარკვეულწილად მეტი სიმაღლეც აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ეს ვერსია არ გააჩნია. ადამიანებს, რომლებმაც ეს მახასიათებელი მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან მიიღეს, ხშირად კიდევ უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვთ. კვლევის თანახმად, ეს ვარიანტი ყველაზე მეტად სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. სამხრეთ აზიაში მისი საშუალო სიხშირე 20,5 პროცენტია, პაკისტანის მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 24 პროცენტამდეც აღწევს, ევროპაში კი მხოლოდ დაახლოებით 0,5 პროცენტს შეადგენს.
მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს, ამ გენეტიკური ცვლილების გავლენა როდის იჩენს თავს. 6000-ზე მეტი ბავშვის სხეულის მაჩვენებლების შესწავლისას თერთმეტ წლამდე ასაკში ნეანდერტალურ ვერსიასა და ზრდას შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეფექტი მხოლოდ მოგვიანებით, შესაძლოა, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვლინდება, როცა ზრდის ჰორმონის დონე მკვეთრად იზრდება.
"იშვიათად ვხედავთ, რომ ლაბორატორიული და პოპულაციური მტკიცებულებები ასე ნათლად ემთხვეოდეს ერთმანეთს", — აღნიშნა კვლევის ავტორმა და გერმანიაში, ლაიფციგში მდებარე მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა, ფილიპ კანისმა განცხადებაში — "ლაბორატორიაში გაზრდილმა უჯრედებმა უფრო ძლიერი რეაქცია აჩვენა, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებმა მიუთითა, რომ ორგანიზმშიც იგივე ეფექტი ვლინდება".
"როგორც CrossFit-ის მიმდევარს, ძალიან გამიხარდა, რომ ნეანდერტალელთა გენეტიკა და კუნთოვანი მასა ერთსა და იმავე კვლევაში იკვეთება", — თქვა კვლევის თანაავტორმა და შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის დოქტორანტმა, მირიამ ბერაიტერმა იმავე განცხადებაში — "თუმცა ვარჯიშს ნეანდერტალელის ზრდის ჰორმონის რეცეპტორიც კი ვერ ჩაანაცვლებს".
75 000 წლის ნეანდერტალელის თავის ქალა ერაყიდან, რომელსაც შანიდარ Z ეწოდება
ფოტო: JUSTIN TALLIS/AFP/Getty Images
ზრდის ჰორმონის რეცეპტორის ნეანდერტალური ვერსია ასევე დაკავშირებულია თავის ქალასა და კბილების ცვლილებებთან. ამ ვერსიის მატარებლებს, ჩვეულებრივ, ოდნავ უფრო მოკლე ქვედა ყბის უკანა ნაწილი და უფრო მოკლე კბილის ფესვები აქვთ. ორივე ეს თვისება ნეანდერტალელისთვის დამახასიათებელია.
"საოცარია, რომ ნეანდერტალელისგან მემკვიდრეობით მიღებულმა ერთმა გენეტიკურმა ცვლილებამ ადამიანის სხეულზე გავლენა დღემდე შეინარჩუნა", — აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჰუგო ცებერგმა — "თუმცა ეს მხოლოდ ერთია იმ მრავალ გენეტიკურ ფაქტორს შორის, რომელიც ზრდასა და აღნაგობაზე მოქმედებს. ნეანდერტალური სხეულის ტიპს მარტო ის ვერ ხსნის და ადამიანის საერთო გარეგნობას ნამდვილად ვერ განსაზღვრავს".
კვლევა ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.
- 1.4 მლნ წლის ნაკვალევის მიხედვით, ადამიანის წინაპარი, შესაძლოა, გაცილებით დიდი იყო
- მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
კომენტარები