მე-3 ფაზის კლინიკური კვლევის თანახმად, რომელსაც უაილ კორნელის მედიცინის ინსტიტუტი (Weill Cornell Medicine), ნიუ-იორკ-პრესბიტერიანის ჰოსპიტალი (NewYork-Presbyterian), მემორიალ სლოუნ კეტერინგის კიბოს ცენტრი (MSK) და მსოფლიოს სხვადასხვა დაწესებულების მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ, მიზანმიმართული რადიონუკლიდური თერაპიის ადრეულ ეტაპზე გამოყენება, სამი პრეპარატისგან შემდგარი კომბინაციის სახით, მეტასტაზური პროსტატის კიბოს პროგრესირებას აფერხებს.

6 აგვისტოს, ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულმა შედეგებმა, შესაძლოა, მრავალი პაციენტისთვის, რომლებსაც პროსტატის სპეციფიკური მემბრანული ანტიგენის (PSMA) მიმართ დადებითი მეტასტაზური პროსტატის კიბო აქვთ, მკურნალობის სტანდარტი შეცვალოს.

პროსტატის სპეციფიკური მემბრანული ანტიგენი (PSMA) არის ცილა, რომელიც პროსტატის კიბოს უჯრედების ზედაპირზე ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით გვხვდება. სიმსივნის "PSMA-დადებითობა" სპეციალური სკანირებით მოწმდება და ნიშნავს, რომ სიმსივნეს ეს ცილა დიდი რაოდენობით აქვს. ექიმებს სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ, ამ ცილაზე მიმართული პრეპარატებით დაავადებული უჯრედები გაანადგურონ.

აქამდე თერაპიის სტანდარტულ საბაზისო მეთოდს ორი პრეპარატის, ანდროგენული რეცეპტორების გზის ინჰიბიტორის (ARPI) და ანდროგენულ-დეპრივაციული თერაპიის (ADT), კომბინაცია წარმოადგენდა.

კვლევამ აჩვენა, რომ PSMA-დადებითი კიბოს მქონე პაციენტებში ამ საბაზისო თერაპიისთვის ახალი პრეპარატის, 177Lu-PSMA-617-ის (ანუ ლუტეციუმ PSMA 617 ვიპივოტიდ ტეტრაქსეტანის), დამატება სასარგებლოა: დიაგნოზის დასმისთანავე დამატებული ეს პრეპარატი სიკვდილის ან დაავადების პროგრესირების რისკს 28%-ით ამცირებს. ამ შედეგების საფუძველზე, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), ივლისის ბოლოს, PSMA-დადებითი მეტასტაზური პროსტატის კიბოს დროს ამ პრეპარატის ადრეულ ეტაპზე გამოყენება დაამტკიცა.

"მეტასტაზური პროსტატის კიბოს მქონე 10-დან დაახლოებით ცხრა პაციენტს აქვს სიმსივნე, რომელიც PSMA-დადებითია", — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი სკოტ ტაგავა — "ახლა ჩვენ ახალი თერაპია გვაქვს, რომელმაც საბაზისო მკურნალობაზე დამატებისას, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მქონე თითქმის ყველა პაციენტისთვის რადიოგრაფიული პროგრესირების გარეშე ცხოვრების ხანგრძლივობა გაზარდა".

კვლევას PSMAddition ჰქვია. მასში 1100-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, ყველას მეტასტაზური პროსტატის კიბო ჰქონდა და სიმსივნეზე PSMA-ცილა აღმოაჩნდა. მათი უმეტესობა ან საერთოდ არ იყო ნამკურნალები, ან მკურნალობის მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. კვლევა 20 ქვეყნის 169 კლინიკაში ჩატარდა. მკვლევრებმა პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად გაყვეს:

  • ერთ ჯგუფს ჩვეულებრივი მკურნალობის, ანუ ADT-ისა და ARPI-ის, პარალელურად ახალ პრეპარატსაც, 177Lu-PSMA-617-საც აძლევდნენ. ეს პრეპარატი პაციენტების ვენაში ყოველ ექვს კვირაში ერთხელ შეჰყავდათ;
  • მეორე ჯგუფს კი მხოლოდ ჩვეულებრივი მკურნალობა უტარდებოდა, ახალი პრეპარატის გარეშე. თუ ამ, საკონტროლო ჯგუფში, პაციენტს დაავადება გაუარესდებოდა, ახალ პრეპარატზე გადასვლა მასაც შეეძლო.

ბოლოს მკვლევრებმა შეადარეს, რომელ ჯგუფში იყო დაავადების პროგრესირება უფრო ნელი და რა ხასიათის გვერდითი ეფექტები ჰქონდათ პაციენტებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალი პრეპარატის მიმღებ ჯგუფში, სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით, დაავადების პროგრესირების ან სიკვდილის რისკი 28%-ით დაბალი იყო.

ტაგავას განმარტებით, 177Lu-PSMA-617-ის მიმღებ პაციენტებში მეტი არასასურველი მოვლენა დაფიქსირდა, რაც სამმაგი თერაპიის დროს მოსალოდნელი შედეგია. ყველაზე გავრცელებული იყო პირის სიმშრალე, რაც პაციენტთა 46%-ს აღენიშნებოდა. ასევე ხშირი იყო დაღლილობა, რადიაციული და ჰორმონალური თერაპიის ტიპური გვერდითი ეფექტი.

დაავადების პროგრესირების შეფერხებასთან ერთად, 177Lu-PSMA-617-მა გაზარდა დრო იმ მომენტამდე, როცა პაციენტს რეზისტენტობა განუვითარდებოდა და ახალ თერაპიაზე გადასვლა დასჭირდებოდა. პრეპარტამა კიბოს ძვლებში გავრცელების სიმპტომებიც შეაფერხა. ტაგავასა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მკურნალობის მიმართ რეზისტენტული მეტასტაზური პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში ეფექტიანი იყო და 2022 წელს ის სწორედ ამ მიზნით დამტკიცდა.

"ახლა ჩვენს პაციენტებს 177Lu-PSMA-617-ის მიღება დიაგნოზის დასმისთანავე შეუძლიათ და აღარ უწევთ ლოდინი, სანამ მათ საბაზისო თერაპიების მიმართ რეზისტენტობა გამოუმუშავდებათ", — თქვა ტაგავამ.

პრეპარატის წარმატება Weill Cornell Medicine-ის მკვლევართა მულტიდისციპლინურ გუნდსა და MSK-ში მომუშავე მათ კოლეგებს შორის ორ ათეულზე მეტი წლის თანამშრომლობის შედეგია. პრეპარატი ორი ნაწილისგან შედგება: დამიზნებითი აგენტისგან, რომელიც პროსტატის კიბოს უჯრედების ზედაპირზე არსებულ PSMA ცილას პოულობს, და მასთან მიბმული მოლეკულისგან, რომელიც რადიაციის დოზას ატარებს. ეს კომბინაცია პროსტატის კიბოს პოვნასა და განადგურებაში ეხმარება, ისე რომ ნორმალური ქსოვილები შედარებით ხელუხლებელი რჩება.

ტაგავასა და მისი გუნდის კვლევა ჯერ არ დასრულებულა. ისინი PSMAddition-ის მონაცემების შესწავლას აგრძელებენ, რათა დაადგინონ, თერაპია პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საბოლოოდ როგორ მოქმედებს და პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, რა რისკები შეიძლება გამოვლინდეს.

ტაგავას თქმით, ეს თერაპია, შესაძლოა, ყველა პაციენტისთვის საუკეთესო არჩევანი არ იყოს. პრეპარატის შეყვანა მხოლოდ ბირთვული მედიცინის ექიმებს ან რადიაციულ ონკოლოგებს შეუძლიათ, შესაბამისი პაციენტების გამოსავლენად კი სპეციალიზებული სკანირებაა საჭირო. ასეთი მომსახურება ჩვეულებრივ მხოლოდ დიდ სამედიცინო ცენტრებშია ხელმისაწვდომი. ამიტომ იმ პაციენტებს, ვინც ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპეციალისტების სიმცირეა, შესაძლოა, შორ მანძილზე მგზავრობა მოუწიოთ. გარდა ამისა, რადიოთერაპიის დროს დამატებითი უსაფრთხოების ზომებია საჭირო, რათა რადიაციას ოჯახის სხვა წევრებზე არ ჰქონდეს გავლენა.

ამავე დროს, ტაგავამ თქვა, რომ ახლა მეტასტაზური პროსტატის კიბოს საბაზისო თერაპიაზე დასამატებლად მიზანმიმართული თერაპიის მრავალი ვარიანტი არსებობს, რაც პაციენტის სიმსივნის ბიომარკერებსა და პრეფერენციებზეა დამოკიდებული. რამდენიმე ახალი სკანირების აგენტი ექიმებს ეხმარება, კიბო უფრო ადრე გამოავლინონ და პაციენტისთვის შესაფერისი წამალი შეარჩიონ.

"ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სიმსივნეები, რომლებსაც ადრე ვერ ვხედავდით", — თქვა მან — "ახლა მრავალი პრეპარატი გვაქვს, რომლებიც მეტასტაზური პროსტატის კიბოს პროგრესირებას აფერხებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, აფერხებს თუ არა ის ყველა მიზეზით გამოწვეულ სიკვდილს, თუმცა ყველა მათგანის მონაცემები ამ ტენდენციაზე მიუთითებს".

კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.