ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
ფოტო: DESI Legacy Imaging Surveys
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი ორგანზომილებიანი რუკა შექმნეს, რომელიც ცის 3/4-ს გვიჩვენებს და 4 მილიარდამდე კოსმოსურ ობიექტს მოიცავს.
ამისთვის მეცნიერებმა ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მონაცემები გამოიყენეს — 263 000 ტელესკოპური დაკვირვება დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში. შედეგად მიიღეს გამოსახულება, რომელიც 5.6 ტრილიონი პიქსელისგან შედგება.
ახალი რუკა (სანახავად გადადით ბმულზე) ხილულ და ახლო ინფრაწითელ სპექტრში გადაღებულ სურათებს აერთიანებს. მასზე ვარსკვლავები, გალაქტიკები და სხვა კოსმოსური ობიექტები თუ ფენომენებია ნაჩვენები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რუკა ასტრონომების მიერ კვლევებში გამოსაყენებლად მზადაა.
ამ შედეგის მისაღებად 13-წლიანი დაკვირვებები და მონაცემთა დამუშავება დასჭირდათ. პროექტ The Legacy Imaging Surveys-ის პირველადი მიზანი DESI-ს ათასობით რობოტული ოპტიკური ბოჭკოს სამიზნე მიმართულების განსაზღვრა იყო. ესაა "2D საფუძველი", რომელიც უფრო მასშტაბურ გეგმას — 3D რუკის შექმნას — ჩაეყარა.
DESI არიზონაში მდებარე კიტ-პიკის ეროვნული ობსერვატორიის 4-მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული. ინსტრუმენტი გალაქტიკებისა და კვაზარების (აქტიური და კაშკაშა გალაქტიკური ბირთვი) სპექტრს აკვირდება, რისი მეშვეობითაც მეცნიერები ადგენენ, რამდენადაა "გაწელილი" ამ ობიექტებიდან მომავალი სინათლე სამყაროს გაფართოების გამო. ასე დისტანციების გამოთვლაა შესაძლებელი, ანუ უკვე სამგანზომილებიანი სურათის დანახვა.
DESI-ს მთავარი კვლევითი მისია 2021 წელს დაიწყო. მიზანი კოსმოსის გაფართოების შესწავლა იყო, რათა ამ პროცესში მონაწილე ბნელ ენერგიაზე მეტი გაეგოთ. 2026 წლის აპრილისთვის ინსტრუმენტმა უკვე 47 მილიონი გალაქტიკა და კვაზარი აღბეჭდა, რის შედეგადაც სამყაროს უდიდესი სამგანზომილებიანი რუკა მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ DESI-ს აქამდე არსებული მონაცემები მეცნიერებმა 1800-ზე მეტ ნაშრომში უკვე გამოიყენეს. ახალი რუკა მათ იშვიათი ფენომენებისა და გალაქტიკათა ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.
კომენტარები