ჩვენ მიერ დაფიქსირებული რენტგენული გამოსხივების მქონე კოსმოსური წყაროების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. საქმე ისაა, რომ მეცნიერებმა თითქმის 2 მილიონი ასეთი მაღალენერგიული ობიექტი აღმოაჩინეს, მათ შორისაა ზემასიური შავი ხვრელები, გალაქტიკათა შეჯგუფებები, აფეთქებული ვარსკვლავები და სხვა.

ისინი რენტგენული ინსტრუმენტის eROSITA მეშვეობით აღბეჭდეს. ეს მისი რიგით მეორე მასშტაბური მონაცემთა ბაზაა, რომელსაც DR2 ეწოდება. ასტრონომების თქმით, აღნიშნული ინფორმაცია შავი ხვრელების ზრდის, გალაქტიკათა ევოლუციისა და სხვა პროცესების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

მონაცემები მთლიან ცაზე 556-დღიანი დაკვირვებებისას მოიპოვეს. მათ ის მკრთალი წყაროებიც დააფიქსირეს, რომლებიც სხვა კვლევებში ვერ გამოვლინდა. 2 მილიონი ობიექტიდან 1.9 მილიონი უბრალო წერტილის სახით მოჩანს. მათი უმეტესობა ირმის ნახტომში მდებარე ვარსკვლავი ან შორეული ზემასიური შავი ხვრელია, რომელიც გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს და მატერიას აქტიურად შთანთქავს.

ცის დასავლეთ ნაწილი რენტგენულ სპექტრში.

ფოტო: MPE, J. Sanders

დაახლოებით 64 000 რენტგენული წყარო სხვადასხვა ობიექტს მოიცავს, როგორიც მასიური გალაქტიკური კლასტერები, ახლომდებარე გალაქტიკები და აფეთქებული ვარსკვლავების ელვარე ნარჩენებია. პირველი მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სამყაროს უდიდეს სტრუქტურებს შორისაა. მათზე დაკვირვებით კოსმოსის ევოლუციაში ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის როლის შესახებ მეტის გაგება შეგვიძლია.

ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში

რენტგენული გამოსხივების მქონე ობიექტები მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ტალღები მაღალენერგიული მოვლენებისას გამოიყოფა. მაგალითად, მსგავს სპექტრში "ანათებს" შავ ხვრელში ჩამავალი გაცხელებული მატერია, რომლის ტემპერატურაც მილიონობით გრადუს ცელსიუსს შეიძლება აღწევდეს.

ბაზაში არსებული აქტიური გალაქტიკური ბირთვები წერტილების სახითაა ნაჩვენები. სიბრტყის ცენტრიდან მათი დისტანცია მიანიშნებს, რამდენად შორსაა ჩვენგან თითოეული.

ფოტო: MPE, J. Sanders

ასეთ ფენომენებს ხილულ სინათლეზე დაკვირვებით სიღრმისეულად ვერ შევისწავლით, ამიტომ რენტგენული გამოსხივება ახალ ფანჯარას გვიხსნის. მასშტაბური მონაცემთა ბაზა იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ კოსმოსური ობიექტების სხვადასხვა პოპულაცია ერთმანეთს შევადაროთ და მათი მახასიათებლები გამოვავლინოთ.

მონაცემებში ოპტიკური და ინფრაწითელი დაკვირვებების შედეგებიცაა ინტეგრირებული, რაც შესაბამისი წყაროების კლასიფიკაციას ამარტივებს. რამდენიმე სპექტრული პროფილის მქონე ობიექტთა დაახლოებით 88% შორეული გალაქტიკაა, რომლის ცენტრშიც ზემასიური შავი ხვრელია.

eROSITA-ს მისია დასრულებულია, მაგრამ მან იმდენი ინფორმაცია შეაგროვა, რომ ბაზა ეტაპობრივად ფართოვდება. მომდევნო ჯერზე მონაცემების გამოქვეყნება 2028 წელს იგეგმება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.