ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჰარვი ანდერსონის ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სრულცხიმიანი რძის პროდუქტი ჯანსაღი კვების ნაწილი შეიძლება იყოს.

12-კვირიანი კვლევის ფარგლებში, 74 ზრდასრული სხვადასხვა დიეტურ პირობებში რძის პროდუქტების განსხვავებულ რაოდენობას მოიხმარდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში სამი ულუფა სრულცხიმიანი რძის პროდუქტების მიღებას, სხეულის წონაზე, სხეულის შემადგენლობაზე, ენერგეტიკულ მეტაბოლიზმსა თუ სისხლში ლიპიდების დონეზე გავლენა არ ჰქონია. მიგნებები ცოტა ხნის წინ ჟურნალ The Journal of Nutrition-ში გამოქვეყნდა.

რძის პროდუქტები ნაჯერ ცხიმებს შეიცავს, რაც ტრადიციულად მაღალ ქოლესტერინთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან ასოცირდება. შედეგად, დიეტური რეკომენდაციები, ნაჯერი ცხიმების შესამცირებლად, მოგვიწოდებს უცხიმო ან დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები ავირჩიოთ.

ტორონტოს უნივერსიტეტის ტემერტის მედიცინის ფაკულტეტის კვების მეცნიერებების პროფესორი, ჰარვი ანდერსონი ამბობს, რომ ადამიანებზე ჩატარებული კვლევების მტკიცებულებები ამ შეშფოთებას ყოველთვის არ ემთხვეოდა. ადამიანებზე ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ სრულცხიმიანი რძის პროდუქტების მიღებასა და ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინა. ზოგიერთმა კვლევამ, მათ შორის ცოტა ხნის წინანდელმა ნაშრომმა, რძის პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული პოზიტიური ან დამცავი ეფექტებიც კი აჩვენა.

რძის პროდუქტების სამი ყოველდღიური ულუფის ტესტირება

მკვლევრებმა 74 ჭარბწონიანი ან სიმსუქნის მქონე ზრდასრული, შემთხვევითობის პრინციპით, სამ ჯგუფად გაანაწილეს. პირველი ჯგუფი დაბალკალორიულ დიეტას იცავდა და რძის პროდუქტების მცირე რაოდენობას მოიხმარდა. მეორე და მესამე ჯგუფი, შესაბამისად ენერგონეიტრალურ და შეუზღუდავ დიეტაზე იყო და დღეში რძის პროდუქტების სამ ულუფას იღებდა.

პირველ ჯგუფს დღეში 1 ულუფაზე ნაკლები დაბალცხიმიანი რძის პროდუქტი ან მცენარეული ალტერნატივა თავად უნდა აერჩია. მეორე და მესამე ჯგუფს ძროხის რძისგან დამზადებული კონკრეტული სრულცხიმიანი პროდუქტები მიეწოდებოდა: 3.25%-ცხიმიანობის მქონე რძე, 2%-ცხიმიანობის მქონე ბერძნული იოგურტი და 31%-ცხიმიანობის მქონე ყველის ჩხირები.

12 კვირის შემდეგ, მკვლევრებმა ნაკლები და მეტი რძის პროდუქტის მომხმარებელ ჯგუფებს შორის, წონის მატებაში, სხეულის შემადგენლობასა და ქოლესტერინის დონეში მნიშვნელოვანი სხვაობა ვერ აღმოაჩინეს. მეტი რძის პროდუქტის მომხმარებლებს კი დამატებით არტერიული წნევაც გაუუმჯობესდათ და მეტი კალციუმი, ცილა და D ვიტამინიც მიიღეს.

"მათ, ვინც რძის პროდუქტების სამ ულუფას იღებდა, სისხლში ქოლესტერინის ან ლიპიდების საზიანო დონე, ან ინსულინრეზისტენტობის ნიშნები არ ჰქონდათ", — ამბობს ანდერსონი.

რატომ მოქმედებს რძის პროდუქტი ნაჯერი ცხიმისგან განსხვავებულად?

ნაჯერი ცხიმების მოსალოდნელ ზიანსა და ზოგიერთ კვლევაში დაფიქსირებულ რძის პროდუქტების ნეიტრალურ ან სასარგებლო ეფექტებს შორის აშკარა შეუსაბამობა, შეიძლება აიხსნას იმით, რასაც მკვლევრები რძის მატრიცის ჰიპოთეზას უწოდებენ.

ამ იდეის მიხედვით, რძის პროდუქტების ფიზიკური სტრუქტურა განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მათი საკვები ნივთიერებების მონელება და შეწოვა, რაც საბოლოოდ ორგანიზმზეც აისახება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკვების ჯანმრთელობაზე ეფექტი, შესაძლოა, მისი კომპონენტების ურთიერთქმედებაზე იყოს დამოკიდებული და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ნივთიერების რაოდენობაზე.

"რაც შეეხება რძის პროდუქტებს, მათ აქვთ ორი ცილა: კაზეინი და შრატის ცილა, რომლებიც ცხიმსა და სხვა შერეულ საკვებ ნივთიერებებთანაა დაკავშირებული", — ამბობს ანდერსონი.

ანდერსონის თქმით, ეს რთული სტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ რძის პროდუქტებში არსებული საკვები ნივთიერებები ორგანიზმს ეტაპობრივად მიეწოდოს. ამან შეიძლება ახსნას, რატომ შეიძლება განსხვავდებოდეს რძის პროდუქტების მიღების ეფექტები იმისგან, რაც მხოლოდ ნაჯერი ცხიმის ან სხვა ცალკეული საკვები ნივთიერებების იზოლირებულად განხილვისას იქნებოდა მოსალოდნელი.

პოტენციური მნიშვნელობა ხანდაზმულებისთვის

ანდერსონის თქმით, ეს აღმოჩენა განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვისაა მნიშვნელოვანი. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ნაკლები ენერგია სჭირდება, ამიტომ ზოგს საკმარისი ცილისა და სხვა საკვები ნივთიერების მიღება, კალორიების ჯამური რაოდენობის გაზრდის გარეშე, უჭირს.

ბევრი ხანდაზმულისთვის რძის პროდუქტები უკვე ნაცნობი საკვებია, რომელიც ენერგიის, ცილისა და სხვა საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან რაოდენობას უზრუნველყოფს. ანდერსონის თქმით, რძეს შეუძლია კვებითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პრაქტიკული გზა ისე შემოგვთავაზოს, რომ დიაბეტის ან სხვა ქრონიკული დაავადებების რისკი არ გაიზარდოს.

უფრო ფართო გაგებით, შედეგები კვების კვლევებისა და დიეტური მითითებების ისეთ მიდგომას უჭერს მხარს, რომელიც მთლიან საკვებს ითვალისწინებს და არა საკვების ცალკეული ნივთიერებების მიხედვით შეფასებას.

იმის გათვალისწინებით, რომ კვების ტენდენციები მუდმივად იცვლება და დიეტური რჩევები ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ჩანს, ანდერსონი მარტივ გზავნილს გვთავაზობს: "სიმარტივე შეინარჩუნეთ, მრავალფეროვანი საკვები მიირთვით და ზედმეტი რაოდენობით ნურაფერს მიიღებთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.