ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
ფოტო: ESA/Webb, NASA & CSA
ზედა ფოტო ვიზუალურად შთამბეჭდავია, მაგრამ მომაკვდავ ვარსკვლავსა და მის გარშემო არსებულ ექსტრემალურ გარემოს გვიჩვენებს. ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს მდებარეობს და IRS 3 ეწოდება.
ეს მნათობი დიდძალ მატერიას კარგავს, რომელიც მტვრისა და აირის ერთგვარ გარსს ქმნის. ამ უკანასკნელის შიგნით ასტრონომებმა წყლის კვალი დააფიქსირეს, რასაც ის გამოარჩევს, რომ ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე ზემასიურ შავ ხვრელთან (მშვილდოსანი A*) ასე ახლოს მსგავსი რამ აქამდე არ ჰქონდათ აღმოჩენილი.
მეცნიერთა მიგნება მიანიშნებს, რომ გალაქტიკის შუაგულის მახლობლად არსებულ მკაცრ გარემოში IRS 3-ის მსგავსი ხნიერი ვარსკვლავები შეიძლება მიმდებარე სივრცეს მტვრით "კვებავდეს". აქამდე მიიჩნეოდა, ეს არეალები ამგვარი პროცესებისთვის ზედმეტად შეუსაბამოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არაა.
ეს რადიაციული რეგიონი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახლო და შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტებით გადაიღეს. შედეგად IRS 3-ის სილიკატური მტვრის ანალიზი შეძლეს და მნათობის ქიმიური მახასიათებლები უფრო სიღრმისეულად გამოიკვლიეს.
IRS 3 ახლა სიცოცხლის იმ ფაზაშია, რომელსაც ასტრონომები ასიმპტოტური გიგანტების განშტოებას უწოდებენ. ასეთი მნათობები მომაკვდავია, დიდი ზომისაა, შედარებით გრილია და ძლიერი სიკაშკაშე ახასიათებს. ვარსკვლავური ქარების გამო მათი შრეები სივრცეში იფრქვევა და კოსმოსური მტვრის ახალ წყაროდ იქცევა. ამის მიუხედავად, ზემასიურ შავ ხვრელთან სიახლოვის გამო უცნობი იყო, რამდენად შეუძლია ეს IRS 3-ს.
ამის გასაგებად ვების ტელესკოპის მონაცემები და კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს, რომლებიც მტვრის სხვადასხვა კონფიგურაციისას მასში ვარსკვლავის სხივების გავლას გვიჩვენებს. საუკეთესო თანხვედრა იმ მოდელთან გამოვლინდა, რომლის თანახმადაც IRS 3-იდან 10 000 ასტრონომიულ ერთეულ მანძილამდე შრიანი სტრუქტურის მტვერია განფენილი. ასევე, იქ ტემპერატურა თითქმის 927°C-ს უნდა აღწევდეს, გარსის გარე კიდესთან კი — 173°C-ს.
გარსში წყლის კვალი აღმოჩნდა, რაც ზემასიურ შავ ხვრელთან სიახლოვის გამო მოულოდნელი იყო. ეს იმიტომ, რომ ამ კოსმოსური ობიექტის მიმდებარედ ძლიერი რადიაციაა, რაც წყლის შენარჩუნებას ართულებს.
"წყლის დაფიქსირება განსაკუთრებულად სასიხარულოა, რადგან მიანიშნებს, რომ ძლიერი რადიაციის მქონე გარემოში მოლეკულური მატერიის გადარჩენა შესაძლებელია", — აცხადებენ ავტორები.
შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის მონაცემებში სპეციალისტებმა IRS 3-ის გარშემო ჟანგბადით გამდიდრებული მტვრის მკაფიო კვალი დააფიქსირეს. ეს ეწინააღმდეგება ადრეულ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული ვარსკვლავი ნახშირბადითაა მდიდარი (დასკვნა გარსის ფორმაზე დაყრდნობით გამოიტანეს). ახალმა ანალიზმა ამ რეგიონში სილიკატური მტვრის ორი ძლიერი ინფრაწითელი სიგნალი გამოავლინა. ისინი სილიციუმსა და ჟანგბადს შეესაბამება, რაც სწორედ უხვი ჟანგბადის შემცველ ქიმიურ გარემოზე მიანიშნებს.
ვარაუდობენ, რომ IRS 3 მზეზე დაახლოებით 6-ჯერ მასიურია, მისი ასაკი კი 72 მილიონ წელს უნდა შეადგენდეს. ის ჩვენს ვარსკვლავზე თითქმის 60 000-ჯერ კაშკაშაა.
ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

კომენტარები