რატომ გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება ჩრდილშიც კი? — "გზააბნეული" სხივების მეცნიერება
გგონია, ქოლგის ქვეშ თუ დაჯდები, მზე ვეღარ მოგწვდება? ან ჩრდილი დაგიცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან? სამწუხაროდ, იმედები უნდა გაგიცრუო.
ჩრდილი ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან გარკვეულწილად გვიცავს — მზის გულზე ყოფნას ნამდვილად ჯობია — თუმცა სრულად არა. შესაბამისად, მზისგან დამცავის გარეშე ასეთი "თავდაცვითაც" ნარჩუნდება კანის ხანმოკლე და ხანგრძლივი დაზიანების რისკი.
აგიხსნი, რა საჭიროა ჩრდილში — და თოვლშიც კი! — მზისგან დამცავი. ამისათვის "გზააბნეული" სხივების მეცნიერება უნდა მიმოვიხილოთ.
გაფანტული, არეკლილი და "შემოპარული" სხივები
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოღწევისას მზის სხივები ჰაერის მოლეკულებსა და პატარ-პატარა ნაწილაკებს ეჯახება. შედეგად გამოსხივება სხვადასხვა მიმართულებით განიბნევა. პროცესს რელეისეული სინათლის გაბნევის სახელითაც ვიცნობთ. შედეგად UV გამოსხივების დაახლოებით ნახევარი ასეთი მიმოფანტული სახით აღწევს ჩვენამდე, ნაცვლად პირდაპირი სხივებისა.
ატმოსფეროში გაბნეული სხივები სხვადასხვა ზედაპირიდან განსხვავებული ინტენსივობით ირეკლება. WHO-ს მიხედვით, ბალახი, ნიადაგი და წყალი UV გამოსხივების მაქსიმუმ 10%-ს ირეკლავს, ქვიშა 15%-ამდე, ზღვის ქაფი კი — დაახლოებით 25%-ს. განსაკუთრებით ძლიერად მათ ღია ფერის ზედაპირები ირეკლავს, მაგალითად თოვლი (სხვათა შორის, ამის გამო მეცნიერებს დედამიწის 2%-ის თეთრად შეღებვაზეც კი უფიქრიათ პლანეტის გასაგრილებლად).
გამოდის, აუცილებელი არ არის, რომ მზის პირდაპირი სხივები ზემოდან მოგვხვდეს — ულტრაიისფერ გამოსხივებას კანი სხვადასხვა ზედაპირიდან არეკლილსაც იღებს, როცა ქოლგას ვაფარებთ თავს ან "თავის დაჩრდილვას" ვცდილობთ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ულტრაიისფერი სხივები ფანჯრებიდან სახლშიც აღწევს. ჩვეულებრივი მინა დამწვრობის გამომწვევ UVB სხივებს თითქმის სრულად ბლოკავს, თუმცა UVA სხივების 50-75% მინაში მაინც შემოდის. შესაბამისად, კანის გარუჯვისა და დაზიანების რისკი სახლშიც გვაქვს, არათუ მხოლოდ ჩრდილში. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ღრუბლებზეც — დაბალი და საშუალო სიმკვრივის ღრუბლები UV სხივების დიდ ნაწილს მაინც ატარებს, ანუ კანის დაზიანება მოღრუბლულ, უმზეო, ამინდშიც შეიძლება.
ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი აღარ მოგეჩვენება, რომ მზისგან დამცავი თითქმის ყველგან და ყოველთვის (ცხადია, ჩაბნელებულ ოთახში ან ღამით არა) გვჭირდება, რომ კანი დაბერებისგან თუ კანის კიბოს რისკისგან დავიცვათ.
მზისგან დამცავის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ, WHO-ს რეკომენდაციით, იგი ფართო სპექტრისა უნდა იყოს, ანუ UVA და UVB, ორივე სახის, სხივებისგან უნდა გვიცავდეს. ამასთანავე, მას მინიმუმ 30 SPF უნდა ჰქონდეს. და, ჰო, მისი გამოყენება წელიწადის ნებისმიერ დროს არის საჭირო — ზამთარშიც, თოვლშიც.
მზისგან დამცავის შერჩევისას, იგი შენი კანის საჭიროებებს რომ უკეთ მოერგოს, უმჯობესია დერმატოლოგი ან ფარმაცევტი დაიხმარო.

კომენტარები