თევზი, სახელად Gangaichthys indonepalicus, ღრმად მიწისქვეშ, წყლიან ჰორიზონტებში ბინადრობს, რაც ამ ცხოველების შესწავლას თითქმის შეუძლებელს ხდის.

"2024 წელს, სოციალურ ქსელ TikTok-ში, ინდოეთ-ნეპალის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოქვეყნებულ ვიდეოს წავაწყდით, რომელშიც ნაჩვენები იყო ჭაბურღილიდან ამოსული პატარა, სავარაუდოდ მიწისქვეშა წყლებში მცხოვრები, ნაკლები მელანინისა და მკვეთრად შემცირებული თვალების მქონე თევზი", — წერენ ახალი სახეობის აღმწერი ნაშრომის ავტორები.

მხოლოდ იმ ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით, სადაც ვიდეო გადაიღეს, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის ჭაბურღილიდან ამოვიდა, მკვლევრებს მაშინვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ახალი სახეობა იქნებოდა.

"ამან გვიბიძგა, 2024 და 2025 წლებში, ინდოეთში, ბიჰარის შტატში მდებარე ინდ-განგის დაბლობიდან ამ პატარა თევზის ეგზემპლარების მოპოვება გვეცადა", — წერენ ისინი — "მრავალი ჭაბურღილის შემოწმების შემდეგ, ერთი მთლიანი ცოცხალი და ორი დაზიანებული ეგზემპლარის შეგროვება შევძელით".

თევზი, რომელიც... ნიადაგში ბინადრობს?

თევზი მიეკუთვნება ოჯახს, რომელიც ცნობილია როგორც Chaudhuriidae, ან უფრო ხშირად — მიწის ჭიისებრი გველთევზები, რასაც სავსებით ლოგიკური მიზეზები აქვს. ეს თევზები არა მხოლოდ ჰგვანან მიწის ჭიებს, არამედ მათსავით იქცევიან კიდეც. ისინი იმ უფრო ფართო ჯგუფის ნაწილი არიან, რომელიც მეცნიერებისთვის ცნობილ ზოგიერთ ყველაზე ნაკლებად თევზისებრ თევზს აერთიანებს.

მათ შორისაა ჭაობის გველთევზები. ჭაობის გველთევზების მრავალი სახეობა მტკნარი წყლის ნაკადულებში კი არ ბინადრობს, არამედ მათ გარშემო არსებულ ტალახსა და ფესვებში. ზოგიერთი ინდივიდი წყლის წყაროდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, ნიადაგში სოროს თხრის დროსაც კი უპოვიათ.

სხვა სახეობები, როგორიცაა ეს ახლად აღწერილი თევზი, ღრმად მიწისქვეშ, წყლიან ჰორიზონტებში ბინადრობენ. ეს არის წყლის შემცველი მასალის ფენები, რომლებიც, როგორც წესი, დანაწევრებული ქანების, ხრეშისა და ქვიშისგან შედგება.

ეს ნიშნავს, რომ მათ მიწისქვეშა ცხოვრებასთან ყველანაირი უცნაური ადაპტაცია აქვთ გავლილი: გრძელი, გველთევზას მსგავსი სხეულები განუვითარდათ, თვალები დაკარგეს და ფერი სრულად მოიშორეს. მუდმივ სიბნელეში ცხოვრებისას პიგმენტის ქონის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს. ამ უახლესმა სახეობამ ნეკნებიც კი დაკარგა, სავარაუდოდ იმისათვის, რომ მიწისქვეშა ქანებს შორის გზა უფრო მარტივად გაიკვლიოს.

ახალი თევზის თვალები მკვეთრად შემცირებულია, კანზე კი პიგმენტი არ აქვს

ფოტო: Ishan Agarwal

ღრმად მიწისქვეშ ცხოვრების ჩვევა ამ თევზების შესწავლას განსაკუთრებულად ართულებს. ხშირად ისინი ზედაპირზე მხოლოდ ძლიერი წვიმის დროს ხვდებიან, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით წყლიანი ჰორიზონტებიდან გამოირეცხებიან, ან ჭაბურღილების მეშვეობით ამოდიან.

"ამ უჩვეულო თევზის ეგზემპლარების მოპოვება რთული აღმოჩნდა", — განმარტა Thackeray Wildlife Foundation-ის მკვლევარმა, აქშაი ხანდეკარმა განცხადებაში.

"პოტენციური ხელის ტუმბოების (ჭაბურღილების) და ჭების იდენტიფიცირება, ასევე მათი მფლობელებისგან თევზის ძიების მიზნით წყლის ამოტუმბვის ნებართვის მიღება, რთული აღმოჩნდა. ეს პროცესი კიდევ უფრო შრომატევადი მას შემდეგ გახდა, რაც წყლის ხელით ამოტუმბვა დავიწყეთ".

მკვლევრებმა მთელი კვირა 15 სხვადასხვა ჭაბურღილიდან წყლის ხელით ამოტუმბვას დაუთმეს და ჯამში მხოლოდ სამი ეგზემპლარის შეგროვება მოახერხეს, რომელთაგან თითოეულის სიგრძე მხოლოდ 4 სანტიმეტრი იყო.

"პირველი ეგზემპლარი დაახლოებით 2000 ლიტრი წყლის ამოტუმბვის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა პროცესის დროს დაზიანება მიიღო და მაშინვე მოკვდა", — ამბობს ხანდეკარი — "მეორე და ერთადერთი უვნებელი ეგზემპლარი იმავე ჭაბურღილიდან, დამატებით 500 ლიტრი წყლის ამოტუმბვის შემდეგ ვიპოვეთ".

მიუხედავად ეგზემპლარების სიმცირისა, ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ხანდეკარისა და მისი კოლეგებისთვის, რათა თევზი ახალ სახეობად აღეწერათ. მდინარე განგის პატივსაცემად და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ინდოეთისა და ნეპალის საზღვარზე აღმოაჩინეს, თევზს Gangaichthys indonepalicus დაარქვეს.

აღწერა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.