ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
ფოტო: Shirley Markham Collection/Heritage Images / Getty Images
ინჟინერმა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ნაპოლეონ ბონაპარტის საიდუმლო შეტყობინება გაშიფრა, რომელიც კოდური სიმბოლოებისგანაა შედგენილი. 217 წლის წინ შექმნილი წერილის წაკითხვა ახლა პირველად შევძელით.
კარტერ ჩარჩმა, კიბერუსაფრთხოების ფირმა Sentinel One-ის AI ინჟინერმა, მიგნებები 30 სექტემბერს გაგვიზიარა პლატფორმა X-ზე. ჩარჩმა OpenAI-ს ახალ მოდელს, GPT-6 Astra-ს, მე-19 საუკუნეში შექმნილი კოდი ერთი სურათითა და ერთი მითითებით გააშიფვრინა. ამისათვის მოდელს 6 საათი დასჭირდა.
"ყველას გამოუცდია, რომ მოდელი რაღაც აბსურდულს ამტკიცებს, თუმცა ამ შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ გამოსავალი მექანიკურად შემოწმებადია: არსებითად ნულია იმის შანსი, რომ არასწორ გასაღებს კოჰერენტული და ისტორიასთან შესაბამისი შედეგი მოეცა", — განაცხადა ჩარჩმა Live Science-თან საუბრისას.
წერილი 1809 წელს ნაპოლეონის მოთხოვნით გაგზავნა მისმა გერმა ეჟენმა, იტალიის მეფისნაცვალმა, მარშალ ოგიუსტ მარმონთან. ეს უკანასკნელი სხვა ფრანგული რაზმებისგან შორს, ადრიატიკის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, იმყოფებოდა. წერილით მარმონისთვის საფრანგეთისა და სხვა მოკავშირე რაზმების პოზიციები უნდა ეცნობებინათ. სამხედრო საიდუმლოები რომ მტერს არ ჩაეგდო ხელში, წერილი უნდა დაეშიფრათ, და იგი კოდის გამოყენებით დაწერეს.
ჩარჩს GPT-6 Astra-ს შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა და შესაბამის დაშიფრულ მასალას ეძებდა. ნაპოლეონის წერილსაც ამ დროს წააწყდა. ინჟინრის თქმით, წერილის ერთადერთი გამოსახულება, რომელზეც ხელი მიუწვდებოდა, დაბალი გარჩევადობისა იყო და იგი 1969 წელს გამოქვეყნდა საფრანგეთის სამხედრო ჟურნალში. მასში 155 სხვადასხვანაირი ნიშანი გვხვდება, ჯამში — 1300 ნიშანი. კოდი ჰომოფონიურია, ანუ თითოეული ასოს ნაცვლად რამდენიმე ურთიერთშენაცვლებადი სიმბოლოა გამოყენებული.
უხარისხო სურათი და ერთი მითითება საკმარისი აღმოჩნდა, რომ GPT-6 Astra-ს ტექსტის ტრანსკრიპტი გაეკეთებინა და კრიპტოლოგიის ისტორიკოსის, დანიელ ტანტის, მიერ შედგენილი არასრული ცხრილისთვის მიეგნო. ამ ცხრილში — იგი მანამდე ამ წერილთან დაკავშირებული არ ყოფილა — 33 სიმბოლოს მნიშვნელობა იყო ახსნილი. ეს წერილის დაახლოებით მესამედს შეადგენდა.
"Astra-მ ეს კავშირი თავად იპოვა ინტერნეტში ძიების პროცესში", — განაცხადა ჩარჩმა — "როგორც ვხვდები, ტანმა ეს ცხრილი შემდეგი დასახელებით შეიტანა კატალოგში: "Code entre Eugène de Beauharnais et le Général Grammont", რაც, შესაძლოა, სახელში დაშვებული შეცდომა ყოფილიყო (გრამონი მარმონის ნაცვლად?). ასეა თუ ისე, Astra-მ ეს მაგალითი ამოიცნო და გადაწყვიტა, ამ კოდზე მოერგო... და გამოვიდა!"
GPT-6-მა წარმატებით გამოიყენა არასრული ცხრილი და გაარკვია, რომელი სიმბოლო რას ნიშნავდა. შეტყობინებაც გადათარგმნა.
მაიკლ როუმ, ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარმა ევროპის ისტორიის მიმართულებით, Live Science-თან საუბრისას მიღწეულ შედეგს შთამბეჭდავი უწოდა. მისი თქმით, ნაპოლეონის მხრიდან გერისათვის გაგზავნილი ორიგინალი წერილებიც ხელმისაწვდომია, სადაც იგი დეტალურად აღწერდა, რა უნდა ყოფილიყო დაშიფრულ წერილში. შესაბამისად, მისი თქმით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეჟენის წერილი მოდელმა სწორად თარგმნა.
გამოდის, საიდუმლო წერილის შინაარსი ისტორიკოსებისათვის მაინცდამაინც გასაკვირი არ ყოფილა. როუს თქმით, დაშიფრული ვერსია "უბრალოდ იმეორებდა დიდ ნაწილს იმისა, რაც ორიგინალ წერილში წერია, ამიტომ ამ გაგებით იგი ახალს არაფერს გვეუბნება".
ჯარებისა და მათი მეთაურების განლაგების გარდა, ეჟენის შეტყობინება მარმონს მოუწოდებს, წინააღმდეგობას არ შეუშინდეს:
"როდესაც გალაშქრების ბრძანებას მიიღებთ, უფლება არ უნდა მისცეთ თავს, რამდენიმე ჯარისკაცმა ან ბრბოს შეკრებამ დაგაშინოთ", — ვკითხულობთ ახლახან თარგმნილ წერილში.
ზაკ უაითის, პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევრის, თქმით, თარგმანი "საინტერესო კითხვებს ბადებს ნაპოლეონის განწყობასა და აზროვნებაზე, როცა იგი 1809 წლის ავსტრიის კამპანიისთვის ემზადებოდა". მაგალითად, მკვლევარმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ნაპოლეონს საბრძოლველად რეალურად 60 ათასით ნაკლები ჯარისკაცი ჰყავდა, ვიდრე ამ წერილშია მითითებული.
"მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსებმა AI-ს მიერ შესრულებული სამუშაო ახლა ამ პერიოდის ისტორიის უფრო ფართო კონტექსტში განიხილონ", — განაცხადა უაითმა და დასძინა: "ასევე საინტერესო იქნება იმის ნახვა, გამოდგება თუ არა AI-ს მიერ მოცემული გასაღები სხვა შეტყობინებების გასაშიფრადაც".
კომენტარები