ყოველდღიურ მცირეხნიან გონებრივ აქტივობებს, როგორიცაა, მაგალითად, კროსვორდების ამოხსნა, კითხვა ან მუსიკის მოსმენა, ხანდაზმულებში კოგნიტიური ჯანმრთელობის შენარჩუნება და უკვე დაწყებული გაუარესების შეჩერებაც კი შეუძლია. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში The Lancet Primary Care-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობა 60-იდან 85 წლამდე ასაკის 11 500-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაც კოგნიტიური დარღვევები მსუბუქიდან მძიმემდე ფორმით აღენიშნებოდათ. მათი მდგომარეობა სპეციალური კომპიუტერული ტესტით (ბადელის ტესტი) შეაფასეს.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს: პირველ (საკონტროლო) ჯგუფს ყოველდღიური აქტივობებისა თუ ჩვევების შესახებ გამოჰკითხეს და ტვინის მარტივად სტიმულირებისთვის რჩევები მისცეს; მეორე ჯგუფს ამასთან ერთად სპეციალურ დამხმარე ვებსაიტზე წვდომაც ჰქონდა; მესამე ჯგუფი კი დამატებით ფასილიტატორის (ძირითადად ექთნის) სატელეფონო კონსულტაციებს იღებდა.

ერთი წლის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა, რომ კოგნიტიური გაუმჯობესება სამივე ჯგუფში დაფიქსირდა. საკონტროლო ჯგუფის წევრთა 28%-ს კოგნიტიური დარღვევის ნიშნები საერთოდ გაუქრა. მეორე ჯგუფში ეს მაჩვენებელი თითქმის 33% იყო, ხოლო მესამეში — 32%. ამასთან, დამატებითი მხარდაჭერის მქონე მესამე ჯგუფში მძიმე კოგნიტიური დარღვევების პაციენტთა რაოდენობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 18%-ით შემცირდა.

მკვლევართა შეფასებით, ვინაიდან მონაწილეები ისედაც ფიზიკურად აქტიურები იყვნენ და ჯანსაღად იკვებებოდნენ, მიღწეული პროგრესი სწორედ ტვინის სტიმულირებამ (კითხვამ, თავსატეხების ამოხსნამ, მუსიკის მოსმენამ, სოციალიზაციამ) განაპირობა.

ავტორები ერთ დეტალსაც აღნიშნავენ: კვლევაში ტრადიციული საკონტროლო ჯგუფი არ მონაწილეობდა. თავდაპირველმა ტესტირებამ და მიცემულმა რჩევებმა პირველი ჯგუფის წევრებსაც კი უბიძგა, საკუთარი ქცევა შეეცვალათ და გონებრივად უფრო აქტიურები გამხდარიყვნენ. ასევე, მსგავსი აქტივობების გრძელვადიანი ეფექტისა და დემენციის პრევენციის დასადასტურებლად კვლევები უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენი კვლევის მთავარი გზავნილი მნიშვნელოვანია: ტვინი პლასტიკურობას ინარჩუნებს და ახლის სწავლა ხანდაზმულ ასაკშიც შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურ მცირე აქტივობებსაც კი კოგნიტიურ დარღვევებთან ბრძოლაში რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია", — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კოგნიტიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საყვარელი ჰობით დაკავება, წიგნის წაკითხვა ან მეგობრებთან საუბარი ის მარტივი ყოველდღიური ნაბიჯებია, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში ტვინს იცავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.