ბრიტანელმა და გერმანელმა მეცნიერებმა რამდენიმე სახეობის ორგანიზმის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდეს, ზოგ შემთხვევაში — 25%-ზე მეტით. ჟურნალ Aging Cell-ში გამოქვეყნებული პრეკლინიკური კვლევის თანახმად, ეს შედეგი ორგანიზმში ენერგიის მარეგულირებელი ცილის გააქტიურების პერსპექტივაზე მიანიშნებს. ამას "ენერგიის დაზოგვის რეჟიმს" ადარებენ.

ინგლისის სამედიცინო კვლევის საბჭოს (MRC) სამედიცინო მეცნიერებათა ლაბორატორიის, ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და კიოლნის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მთავარ სამიზნედ ფერმენტი AMPK აირჩიეს. ის უჯრედებში ენერგიის დონეს აკონტროლებს. მაგალითად, როდესაც ეს დონე ეცემა (ვარჯიშის ან შიმშილის დროს), AMPK ენერგიული დანახარჯის მხრივ ინტენსიურ პროცესებს (ცილების სინთეზს, ცხიმის დაგროვებას) აჩერებს. სამაგიეროდ, იგი ცხიმისა და შაქრის "წვას" ააქტიურებს.

დიაბეტის სამკურნალო და სხეულის მასის კლების ხელშემწყობი ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, მეტფორმინი და სემაგლუტიდი) ფერმენტზე ირიბად მოქმედებს. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა ამ შემთხვევაში გამოიყენეს პრეპარატი "991", რომელიც AMPK-ს პირდაპირ ააქტიურებს. ექსპერიმენტი საფუარ სოკოზე (S. pombe), ნემატოდურ ჭიებსა (C. elegans) და ხილის ბუზებზე (დროზოფილი) ჩაატარეს.

"ეს კვლევა არის პირველი დასტური იმისა, რომ AMPK-ზე პირდაპირმა ფარმაკოლოგიურმა ზემოქმედებამ შეიძლება ცოცხალ ორგანიზმებში სიცოცხლე გაახანგრძლივოს...

თუ ამ სამ განსხვავებულ სახეობაში მკურნალობა შედეგიანია, მაშინ ეს თავდაჯერებულობას გვმატებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტი ძუძუმწოვრებზე და, საბოლოოდ, ადამიანებზეც გავრცელდება", — აცხადებს MRC-ის მკვლევარი, დოქტორი ელენა კოშემე.

პროექტის ხელმძღვანელების თქმით, ფერმენტის პირდაპირი სტიმულირება გვერდითი მოვლენებისგან გვაზღვევს და ბევრად უფრო სუფთა კლინიკურ სურათს იძლევა. ექსპერიმენტული მოდელებიდან მიღებული მყარი მტკიცებულებების შემდეგ მეცნიერები მომდევნო ეტაპზე კვლევის თაგვებზე ჩატარებას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი (რადგან სამედიცინო კლასიფიკაციით დაბერება დაავადებად არ მოიაზრება), მკვლევრები ამ მიმართულებას პერსპექტიულად მიიჩნევენ. დაბერება ისეთი მძიმე პათოლოგიების მთავარი რისკფაქტორია, როგორიცაა, მაგალითად, გულის დაავადებები, დიაბეტი, კიბო და დემენცია. შესაბამისად, ორგანიზმის ენერგობალანსის ფარმაკოლოგიური მართვით ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნება დიდი სამედიცინო მიღწევა იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.