სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას იწყებენ. მიზეზი კრიტიკაა, რომელიც ნამუშევრის შექმნისას ხელოვნური ინტელექტის (AI) სავარაუდო გამოყენებას მოჰყვა.

კომპანია Nikon-ის განცხადებით, ისინი ნინგ სიუს მიწოდებულ ინფორმაციას ყურადღებით ამოწმებენ. სიუს მოკლე ვიდეომ, რომელშიც უჯრედების რთული მოძრაობაა ასახული, სექტემბერში ყოველწლიურ კონკურსში Small World In Motion გაიმარჯვა.

კონკურსის მიმდინარეობისას სიუ ჩინეთის ცინგხუას უნივერსიტეტის მკვლევარი იყო. Nikon-ის ცნობით, სიუ შემდეგ სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში გადავიდა და მუშაობას მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე აგრძელებს. შაბათს LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში Nikon-მა აღნიშნა, რომ " სიუ აქტიურად თანამშრომლობს მათთან და დეტალური ტექნიკური დოკუმენტაციაც წარმოადგინა". მასალებში აღწერილია მიკროსკოპის აღჭურვილობა, გამოსახულების მიღების მეთოდები და დამუშავების ის ტექნიკა, რომელიც საწყისი ვიდეოს შესაქმნელად გამოიყენეს.

გამარჯვებულის გამოვლენისას Nikon-მა განმარტა, რომ ვიდეოში სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმის ანომალიური მოძრაობაა ასახული. ეს წამწამები თმის მსგავსი სტრუქტურებია, რომლებიც ადამიანის სხეულის უჯრედებიდანაა გამოშვერილი, კადრები კი იშვიათი გენეტიკური დაავადების — პირველადი ცილიარული დისკინეზიის (PCD) — მქონე ბავშვის ორგანიზმშია გადაღებული.

სექტემბრის შუა რიცხვებში გამოცხადდა, რომ თანამედროვე მიკროსკოპული ტექნოლოგიით შექმნილმა ამ ვიდეომ პირველი ადგილი დაიკავა Nikon-ის Smart World in Motion-ის მე-16 ყოველწლიურ კონკურსში. გასულ კვირას კონკურსის ორგანიზატორებმა ვიდეო LinkedIn-ზე გამოაქვეყნეს, რასაც მომხმარებლების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

ფლორიდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ედვარდ ფელპსმა, აღნიშნა, რომ "ამ ვიდეოსთან დაკავშირებით ბევრი სერიოზული კითხვა არსებობს". მისი თქმით, კადრებში ნაჩვენები ზოგიერთი ბიოლოგიური სტრუქტურა ისე არ მოქმედებს, როგორც ეს ბუნებრივად არის მოსალოდნელი.

"მიკროსკოპულ სტრუქტურებთან მომუშავე საზოგადოება Nikon-ისგან განმარტებას საჭიროებს", — თქვა ფელპსმა.

ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრის დოქტორანტმა, იან დონოვანმა, დაწერა, რომ ვიდეოს "SynthID-ის ნიშნული აქვს ჩაშენებული, რაც სინთეზურ ან AI-თ გენერირებულ მასალაზე მიუთითებს".

"ექსპერიმენტული ვიდეოს, წამწამებისა თუ მათი მოძრაობის დასაგენერირებლად ხელოვნური ინტელექტი არ გამოგვიყენებია. AI მოგვიანებით გამოვიყენეთ რეკონსტრუირებულ ნაცრისფერ მონაცემებზე, რათა ანალოგიური მორფოლოგიის მქონე სტრუქტურები ერთმანეთისგან გამოგვერჩია და კარგად აღქმადი ყოფილიყო", — განმარტავს სიუ LinkedIn-ზე გავრცელებული კრიტიკის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ოპტიკური სისტემის უფრო დეტალური აღწერა და წამწამების მოძრაობის რაოდენობრივი ანალიზი გამოსაქვეყნებლად უკვე მზადდება და ეს მასალები მალე გახდება ხელმისაწვდომი.

"ჩემთვის მთავარი ზღვარი გამოსახულების სამეცნიერო მტკიცებულებად გამოყენებასა და სამეცნიერო მონაცემების სილამაზის ვიზუალურად გადმოცემას შორის გადის. ორივე მიდგომას აქვს არსებობის უფლება, სანამ გაცხადებულია, რომელთან გვაქვს საქმე", — აღნიშნა ავტორმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.