ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI, როგორც ჩანს, ახალ-ახალი გზებით ცდილობს, რომ მომხმარებლებს ონლაინშოპინგი გაგვიმარტივოს.
1-ელ ოქტომბერს კომპანიამ გამოაცხადა, რომ ChatGPT-ს იგი შოპინგისთვის განკუთვნილ ორ ახალ ფუნქციას ამატებს გლობალურად. აქედან ერთი ტანისამოსისა თუ აქსესუარების ვირტუალურად მოსინჯვის შესაძლებლობას მოგვცემს, მეორე კი — ჩვენი ფავორიტი პროდუქტების შენახვის საშუალებას, რომ მოგვიანებით ისევ ვიხილოთ.
მსგავსი სიახლეები ბოლო დროს სხვა AI ასისტენტებსაც ემატება. სხვათა შორის, OpenAI-ს აქამდეც უცდია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამარტივება და სწრაფი თვითმომსახურების ფუნქცია დაამატა, მაგრამ იდეამ მაინცდამაინც არ გაამართლა. სულ ახლახან აგენტური AI-ს სტარტაპმა, Instinct-მა, მომხმარებლებისთვის პროდუქტების რეკომენდირება დაიწყო, თუმცა ზოგმა ეს რეკლამებად უფრო აღიქვა, ვიდრე სასარგებლო შეთავაზებებად.
OpenAI-ს განცხადებით, შოპინგისთვის განკუთვნილი ახალი ფუნქციები ChatGPT Images 2.5 მოდელზე იმუშავებს, რომელიც ახლახან გამოუშვეს. კომპანიის მტკიცებით, მოდელი მეტად ბუნებრივ განათებასა და უფრო მდიდარ ტექსტურებს უზრუნველყოფს; იგი რედაქტირების ინსტრუქციებსაც უფრო ზედმიწევნით მიყვება და ნაკლებ ხანს ყოვნდება გამოსახულების გენერირებამდე.
ფუნქციით რომ ვისარგებლოთ, ChatGPT საშუალებას გვაძლევს, სელფი ან ჩვენი მთლიანი ფოტო ავტვირთოთ. ასე შეძლებს გამოსახოს, როგორი იქნებოდა ჩვენზე სამოსი ან რაიმე აქსესუარი. ეს ფუნქცია Try On ღილაკიდან იქნება ხელმისაწვდომი შოპინგის შედეგებში. შესაძლებელია ისიც, რომ ნივთის სურათი ავტვირთოთ, თუნდაც ეკრანის ანაბეჭდი, და ჩატბოტს ვთხოვოთ, იგი მოგვაზომოს.
კიდევ ერთი ახალი ფუნქცია Favorites საშუალებას იძლევა, ნაპოვნი პროდუქტები აპლიკაციის Library-ში შევინახოთ და მოგვიანებით სურვილისამებრ დავუბრუნდეთ.
OpenAI-ს განცხადებით, ChatGPT შოპინგში სხვა გზებითაც დაგვეხმარება. მაგალითად, შეგვიძლია აღვუწეროთ, რა სტილის მოსინჯვა გვინდა, შემდეგ კი "ლუქის" ასაწყობად საჭირო ნივთები მოვაძებნინოთ. ასევე შესაძლებელია, რომ ცნობილი ადამიანების ჩაცმულობის ამსახველი ფოტოები ავტვირთოთ და შესაბამისი სამოსის მოძიება ვთხოვოთ შესაძენად.
ცხადია, ჯერ ვერ ვიტყვით, რამდენად გახდება ChatGPT ამ საქმისთვის ხალხის საყვარელი ინსტრუმენტი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ Google-მა ვირტუალურად მოსინჯვის ფუნქცია გასულ წელს გამოუშვა.
კომენტარები