შესაძლოა, ახალგაზრდული გარეგნობის ქონა და კანის ბიოლოგიური დაბერების შექცევა ერთი და იგივე სულაც არ იყოს. ფილერები, ლაზერები, "მიკრონიდლინგი" და სხვა პოპულარული ესთეტიკური პროცედურები კანს ვიზუალურად აუმჯობესებს, მაგრამ, ახალი მიმოხილვის თანახმად, ეს შეიძლება ბიოლოგიური თვალსაზრისით "გაახალგაზრდავებას" ან "რეგენერაციას" საერთოდ არ გულისხმობდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის მტკიცებულებები მწირია.

მკვლევრებმა პოპულარული ესთეტიკური პროცედურების შესახებ 136 ნაშრომი გააანალიზეს. მათი მიზანი იმის დადგენა იყო, ეს საშუალებები კანს მხოლოდ ვიზუალურად აუმჯობესებს თუ დაბერებულ ქსოვილებსაც აახლებს.

ამ კვლევებში გავრცელებული პროცედურებია შესწავლილი: ფილერები, ლაზერები, PRP-თერაპია, ულთერაპია, ე,წ, მიკრონიდლინგი და RF-ლიფტინგი. მკვლევრებმა 22-ქულიანი სისტემა გამოიყენეს, რათა დაედგინათ, რამდენად შეცვალა ამ პროცედურებმა ადამიანებში კანის სტრუქტურა, ფუნქციურობა და უჯრედები.

ფოტო: Wingfield Aesthetics


34 ძირითადი კვლევიდან 26 (ე.ი. 76,5%) "არასაკმარისი მტკიცებულების" კატეგორიაში აღმოჩნდა. ასევე, 22 ქულიდან 5-ზე მაღალი არცერთ ნაშრომს არ მიუღია. შეფასების სისტემის თანახმად კი გაახალგაზრდავების დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებების კატეგორია 6 ქულიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ ის კვლევა, რომელმაც 5 ქულა მიიღო, ლაბორატორიულ უჯრედებზე ჩაატარეს და არა ადამიანებზე. რეალურ ცდისპირებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში უმაღლეს შეფასებად 4 ქულა დაფიქსირდა.

ეს არ ნიშნავს, რომ ესთეტიკური პროცედურები კანს ვიზუალურად არ აუმჯობესებ ან, რომ ბიოლოგიური გაახალგაზრდავება საერთოდ არ მიიღწევა. ნაშრომის ავტორები უბრალოდ იმას ამტკიცებენ, რომ ამ უკანასკნელის შესახებ მხოლოდ შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს.

კვლევების უმრავლესობაში ყურადღება ძირითადად კოლაგენზეა გამახვილებული. ის კანს სიმტკიცესა და სათანადო სტრუქტურას ანიჭებს. ზოგი ესთეტიკური პროცედურა ამ ცილის წარმოქმნას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, კვლევის ავტორი და უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტი, უილიამ რიჩარდ ვები, განმარტავს, რომ მხოლოდ კოლაგენის ზრდა კანის რეგენერაციაზე არ მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ გაანალიზებული ნაშრომების უმეტესობაში კანის გაახალგაზრდავების განმაპირობებელი სხვა ფაქტორები ნაკლებადაა შესწავლილი. მაგალითად: როგორაა ახალწარმოქმნილი ქსოვილები ორგანიზებული, შეცვლილია თუ არა კანის ფუნქციონირება ან რამდენად შექცეულია კანის დაბერებასთან დაკავშირებული უჯრედული პროცესები.

მეცნიერთა აზრით, დაბერების ამ კუთხით შესწავლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგ კვლევაში გენების აქტივობაში მიმდინარე ცვლილებებსა და ბიოლოგიურ ასაკთან დაკავშირებულ ქიმიურ მარკერებს უღრმავდებიან. სხვა ნაშრომებში ხშირად დნმ-ის ასაკობრივ ცვლილებებსა და უჯრედების გამრავლების უნარზე ამახვილებენ ყურადღებას.

გარდა მტკიცებულებების სიმწირისა, ვების გუნდმა კვლევების მეთოდოლოგიაშიც იპოვა პრობლემები. ზოგ მათგანში ცოტა ცდისპირი იღებდა მონაწილეობას, ზოგში საკონტროლო ჯგუფები არ ჰყავდათ, ზოგში კი სუბიექტურ შეფასებას დასჯერდნენ და ობიექტურად არაფერი გაუზომავთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები თავად ახალ მიმოხილვასაც აქვს. გუნდის მიერ შემუშავებული 22-ქულიანი სისტემა შეიძლება კანის გაახალგაზრდავების ყველა ასპექტს არ მოიცავდეს. ამასთან, გუნდმა სამეცნიერო მონაცემთა მხოლოდ 3 ბაზა გამოიყენა. შესაძლოა, სხვა ბაზებში იყოს ისეთი კვლევები, რომლებშიც ესთეტიკური პროცედურები ბიოლოგიურ გაახალგაზრდავებასთან ნამდვილადაა დაკავშირებული.

ნაშრომი ამ დროისთვის რეცენზირებული არაა. მას შეგიძლიათ Research Square-ზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.