კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ ხორცის მოხმარება გარემოსთვის საზიანოა: მისი წარმოებისას ბევრი რესურსი იხარჯება და ჰაერში დიდი რაოდენობით სათბურის აირი გამოიყოფა. ამის მიუხედავად, ხორცი მაინც ადამიანთა უმრავლესობის რაციონის განუყოფელი ნაწილია, მიზეზი კი გემოვნება, კულტურული ჩვევები ან კვებითი სარგებელი შეიძლება იყოს.

ამ პროდუქტის ჩასანაცვლებლად ხორცის გემოს ან მისი ცილოვანი შედგენილობის მსგავსი მცენარეული ალტერნატივების შექმნას ცდილობენ. ახალი ნაშრომის ავტორებმაც სწორედ ეს შეძლეს: მათ სალათა (Lactuca sativa) და თამბაქოს მცენარე (Nicotiana tabacum) გენური ინჟინერიის გამოყენებით ისე შეცვალეს, რომ მათში ცხოველური ცილა, მიოგლობინი, გვხვდებოდეს.

მკვლევრებმა ე.წ. ბიოლისტური გარდაქმნის ტექნიკა გამოიყენეს. მათ სალათასა და თამბაქოს ჩითილებში ქლოროპლასტები გადაიტანეს, რომლებშიც ღორის მიოგლობინის გენების ოპტიმიზებული ვარიანტები იყო. ამის შემდეგ მცენარეები გაზარდეს და თესლი მიიღეს, რომლის ანალიზითაც აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ტრანსგენი მომდევნო თაობას წარმატებით გადაეცა. ისიც აღსანიშნავია, რომ მათში ფოტოსინთეზის პროცესი მნიშვნელოვნად არ შეფერხებულა.

მშრალი წონის სალათის 1 კგ-ზე 810 მგ. მიოგლობინი მიიღეს, თამბაქოს შემთხვევაში კი — 800 მგ. ეს მაჩვენებელი ხორცისას ჩამოუვარდება (დაახლოებით 10-ჯერ), თუმცა გარემოს დაცვის მხრივ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე წარმოებისას წყლის დაზოგვა და ემისიების შემცირებაა შესაძლებელი.

თამბაქოს გენეტიკურ კვლევებში უკვე დიდი ხანია იყენებენ.

ფოტო: Public domain

გუნდმა თამბაქოსა და სალათის გენომში მიოგლობინის გენების გადატანა ვირუსების საშუალებითაც სცადა, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტიანი გამოდგა. ამის შემდეგ მწვანე წყალმცენარეებში ძროხის მიოგლობინის გენების გადატანა სცადეს, თუმცა განსაკუთრებით დამაიმედებელი არც ეს აღმოჩნდა. ქლოროპლასტები დიდი რაოდენობით ცილას უკეთ წარმოქმნის, ამის ძირითადი მიზეზი კი მათი ბაქტერიული წარმომავლობაა.

მიოგლობინი განსაკუთრებული იმითაცაა, რომ მასში ბევრი რკინაა. ეს ცილა გემოსა და ფერის წარმოქმნაში დიდ როლს ასრულებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მცენარეულ საკვებში მისი დამატებით არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სარგებელს, არამედ ხორცის ფერსა და გემოსაც მივიღებთ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის კვლევა ამით არ დასრულებულა, ამიტომ შეიძლება შედეგები გაუმჯობესდეს: ცილისა და რკინის შემცველობა გაიზარდოს ან მიოგლობინის გარდა, სხვა ცილებიც მივიღოთ.

ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Plant Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.