თურქეთში, ტბის ფსკერზე აღმოჩენილი ეკლესია, შესაძლოა, ნიკეის კრების ადგილი იყოს
ფოტო: Getty Images
მცირე ეკლესია, რომელიც უფრო დიდი ნაგებობის ქვეშ აღმოაჩინეს, შესაძლოა, ქრისტიანობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის ადგილი ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი, რომელიც გათხრებში არ მონაწილეობდა, ამას არ ეთანხმება.
ეკლესიის გათხრები იზნიქის ტბის სანაპიროზე, თურქეთში
ფოტო: Getty Images
გათხრების ხელმძღვანელი არქეოლოგის თქმით, აღმოაჩინეს ადგილი, სადაც ახ. წ. 325 წელს, ქრისტიანი ეპისკოპოსების მნიშვნელოვანი შეკრება, ნიკეის პირველი კრება გაიმართა. თუმცა, ზოგიერთმა ექსპერტმა, რომელიც გათხრებში არ მონაწილეობდა, ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა.
ნიკეა ძველი ბერძნული ქალაქი იყო, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, იზნიქის ტბის (ასევე ცნობილი, როგორც ნიკეის ტბა) სანაპიროზე მდებარეობდა.
ნიკეის პირველმა კრებამ, რომელიც ახ. წ. 325 წელს გაიმართა, ქრისტიანი ეპისკოპოსები შეკრიბა. კრების მიზანს თეოლოგიური უთანხმოებების მოგვარება წარმოადგენდა, სადაც ქრისტიანული რწმენის ძირითადი დებულება, ცნობილი ნიკეის მრწამსი მიიღეს. იმ დროისთვის რომის იმპერატორი კონსტანტინე I იყო (რომელიც დაახლოებით ახ. წ. 272-337 წლებში ცხოვრობდა). მან ქრისტიანობა დააკანონა და, ისტორიული წყაროების მიხედვით, კრების ორგანიზებაში წამყვანი როლი შეასრულა.
2014 წელს არქეოლოგებმა იზნიქის ტბის ფსკერზე უფრო დიდი ეკლესია აღმოაჩინეს. 2015 წლიდან კი, გათხრების შედეგად, ამ დიდი ეკლესიის ქვეშ, თანდათან უფრო მცირე ზომის ეკლესიის ნაშთები გამოჩნდა. გუნდმა მცირე ზომის ეკლესიის ქვით მოპირკეთებული იატაკი იპოვა, რომელიც ბაზილიკიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრით ქვემოთ მდებარეობს. ეს მიუთითებს, რომ მცირე ეკლესია უფრო ძველია, თქვა თურქეთის ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროფესორმა, მუსტაფა შაჰინმა, რომელიც ამ ადგილას გათხრებს ხელმძღვანელობს.
კრების ერთ-ერთი მონაწილე, ევსები კესარიელი, "ნათლად მიუთითებს, რომ შეხვედრა სალოცავ სახლში ან მცირე ეკლესიაში გაიმართა" და ახლად აღმოჩენილი ეკლესია ამ აღწერას ბაზილიკაზე უკეთესად შეესაბამება, თქვა შაჰინმა. მის გუნდს მცირე ეკლესიის ზომები ჯერ არ დაუდგენია. თუმცა, ისტორიულ ჩანაწერებზე დაყრდნობით, ის ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს "ნეოფიტეს ეკლესია", ხოლო ზემოდან აშენებული უფრო დიდი ეკლესია — "წმინდა მამათა ეკლესია". ნეოფიტე ქრისტიანი იყო, რომელიც ნიკეაში ცხოვრობდა და 303 წელს მოკლეს. "წმინდა მამათა ეკლესიამ" სახელი ნიკეის კრების აღსანიშნად მიიღო.
ისტორიული ჩანაწერებიდან და არქეოლოგიური ნაშთებიდან ირკვევა, რომ მცირე ეკლესია ახ. წ. 368 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია, ხოლო უფრო დიდი ეკლესია ამ ადგილას ახ. წ. 380 წელს აშენდა.
მცირე ეკლესიის კედლები ან მორთულობა ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის და უცნობია, რა მასალისგან იყო ის აგებული, რადგან მხოლოდ ქვის საძირკვლის იატაკია შემორჩენილი, თქვა შაჰინმა, თუმცა მისი დიდი ნაწილი, შესაძლოა, ხისგან ყოფილიყო აშენებული.
საიმპერატორო სასახლე
საჰაერო ხედი ეკლესიის ნაშთებზე, ყოფილ ძველ ბერძნულ ქალაქ ნიკეაში
ფოტო: Getty Images
ექსპერტებმა, რომლებიც გათხრებში არ მონაწილეობდნენ, აღნიშნეს, რომ დანამდვილებით არ არის ცნობილი, ამ ეკლესიაში შეიკრიბნენ თუ არა ეპისკოპოსები და რომც შეკრებილიყვნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ეკლესიის ნაცვლად კონსტანტინეს საიმპერატორო სასახლეში გაიმართებოდა. საიმპერატორო სასახლე ჯერ არ არის ნაპოვნი და, შესაძლოა, ისიც იზნიქის ტბის ფსკერზე მდებარეობდეს.
ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის კლასიკური კვლევების პროფესორმა, იანგ რიჩარდ კიმმა, აღნიშნა, რომ მცირე ეკლესია დათარიღებული არ არის. გარდა ამისა, ევსები კესარიელს ნახსენები აქვს, რომ კრების გახსნითი სესია "საიმპერატორო სასახლეში" გაიმართა და რომ კრება სამ თვეს გაგრძელდა.
"შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ეს ეკლესია ერთ-ერთი შეხვედრის ადგილი იყო", — განუცხადა მან Live Science-ს ელექტრონულ წერილში.
ბოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ემერიტუს-პროფესორი, ჩარლზ ოდალი, ამ ეკლესიის შეხვედრის ადგილად მიჩნევას ასევე სიფრთხილით მოეკიდა.
"ნიკეის კრება, ნიკეის ტბის მახლობლად, საიმპერატორო სასახლეში გაიმართა", — მისწერა ოდალმა Live Science-ს ელექტრონულ წერილში — "ეს ეკლესია იქვე მდებარეობდა, მაგრამ იმპერატორის წინამძღოლობით ჩატარებული კრების შეხვედრების ადგილს არ წარმოადგენდა".
როიალ ჰოლოუეის (ლონდონის უნივერსიტეტი) ისტორიკოსმა, დეივიდ გვინმა, ელექტრონულ წერილში Live Science-ს განუცხადა, რომ "მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, უფრო ძველი ეკლესია, შესაძლოა, მე-4 საუკუნის დასაწყისით თარიღდებოდეს და, შესაბამისად, პოტენციური კავშირი ჰქონდეს ნიკეის კრებასთან, იმედისმომცემად გამოიყურება." თუმცა მან აღნიშნა, რომ ფიზიკური ეკლესიის მნიშვნელობას არ გააზვიადებდა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ოდნავ უკეთ საშუალებას გვაძლევს, ის სამყარო დავინახოთ, რომელშიც კრება ჩატარდა. ნიკეის კრებას ბევრი ადამიანი დაესწრო.
"თავად კრება ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და მასში ასობით ეპისკოპოსი და, შესაძლოა, 2000-მდე დამხმარე სასულიერო პირი თუ მომსახურე პერსონალი მონაწილეობდა", — თქვა გვინმა, — "მიუხედავად ამისა, ეს გათხრები დამატებით საინტერესო დეტალებს ჰფენს ნათელს და ასევე ქრისტიანობის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენაზე ხელახალ ყურადღებას ამახვილებს".
ამ ადგილას გათხრები და ანალიზი გრძელდება.
კომენტარები