მათთვის, ვისი ბავშვობის ზაფხულებიც მზისგან დამწვარი კანის ყოველწლიურ აქერცვლას მოიცავდა, უხერხული კითხვა ჩნდება: მიაყენა თუ არა ამ რეგულარულმა დამწვრობებმა თქვენს კანს ხანგრძლივი ზიანი?

ჟურნალ JAMA Dermatology-ში გამოქვეყნებული მეტაანალიზი მიუთითებს, რომ პასუხი, სავარაუდოდ, დადებითია.

17 კვლევის ფარგლებში, რომლებშიც 321 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მტკივნეული, ბუშტუკოვანი ან მწვავე მზის დამწვრობის ისტორიის მქონე პირებს, კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის (cSCC), კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმის, განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აღენიშნებოდათ.

მკვლევრებმა ათასობით გამოქვეყნებული კვლევა შეისწავლეს და გასაანალიზებლად 17 მათგანის მონაცემები გააერთიანეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში მტკივნეული, ბუშტუკოვანი ან მწვავე მზის დამწვრობა საშუალო სიხშირით აღენიშნებოდათ, cSCC-ის განვითარების ალბათობა 51 პროცენტით უფრო მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც მსგავსი ისტორია არ გააჩნდა.

მაღალი სიხშირის მქონე ადამიანებისთვის ეს ალბათობა 69 პროცენტით მაღალი იყო.

ნიუ-იორკში მდებარე როჩესტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (University of Rochester Medical Center) ექსპერტები ამ დაზიანებებს "სიცოცხლის შემცვლელ მზის დამწვრობებს" უწოდებენ, რადგან კანის უჯრედებში დნმ-ზე ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მიერ მიყენებულ ზიანს, შესაძლოა, სამუდამო შედეგები მოჰყვეს. შეიძლება შვება ვიგრძნოთ, როდესაც მზის დამწვრობის სიმხურვალე იკლებს, მაგრამ დნმ-ის დაზიანება ნარჩუნდება.

"როდესაც სხეული ამ დაზიანებას აღადგენს, ზოგჯერ, შესაძლოა, შეცდომები მოხდეს", — აღნიშნა როჩესტერის უნივერსიტეტის ვილმოტის კიბოს ინსტიტუტის (Wilmot Cancer Institute) ონკოლოგმა, ადრიენ ვიქტორმა ბოლოდროინდელ პრესრელიზში. იგი ამ ანალიზში ჩართული არ ყოფილა — "დროთა განმავლობაში, ეს მუტაციები შეიძლება დაგროვდეს და კანის კიბოს განვითარებას ხელი შეუწყოს".

მეტაანალიზი, რომელიც 2025 წელს გამოქვეყნდა, ტეხასის უნივერსიტეტის MD Anderson-ის კიბოს ცენტრისა (University of Texas MD Anderson Cancer Center) და სხვა ამერიკული ინსტიტუტების დერმატოლოგმა, ისააკ ვებერმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს.

"მიუხედავად იმისა, რომ cSCC-ში ულტრაიისფერი გამოსხივების როლი კარგად არის დადასტურებული, მზის დამწვრობის კონკრეტული ეფექტი ნაკლებად ნათელი რჩება", — წერენ ვებერი და მისი კოლეგები. ეს, სავარაუდოდ, იმითაა განპირობებული, რომ ათწლეულების შემდეგ წარსულში მიღებული მზის დამწვრობის ეფექტების გაზომვა რთულია.

"ქრონიკული ულტრაიისფერი გამოსხივებისა და მზის დამწვრობის ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია, რადგან ისინი, შესაძლოა, ერთმანეთს ემთხვეოდეს: პირებს, რომლებსაც მეტი მზის დამწვრობა აქვთ, შეიძლება ასევე უფრო მეტი ქრონიკული ექსპოზიციაც აღენიშნებოდეთ".

მკვლევრებმა მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც, სადაც ეს შესაძლებელი იყო, ასაკის, სქესის, კანის ფერისა და კანის მგრძნობელობის მიხედვით დაკორექტირდა.

საყურადღებოა, რომ ბავშვობაში ხშირი მწვავე დამწვრობები cSCC-ის განვითარების უფრო მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული, რაც ალბათობას თითქმის სამმაგად ზრდიდა, ხოლო რამდენიმე ძლიერმა მზის დამწვრობამაც კი, როგორც ჩანს, cSCC-ის რისკი გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებების სარწმუნოობა კვლავ დაბალი დარჩა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მონაცემები ადამიანების მიერ მზის დამწვრობის წარსული ისტორიების გახსენებას ეყრდნობოდა, ვებერმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ მათი მიგნებები მზის დამწვრობის პრევენციის ეფექტიანი სტრატეგიების მნიშვნელობას ხაზს უსვამს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.

დერმატოლოგმა ჯინია ელ-ფეგალიმ, როჩესტერის უნივერსიტეტის პრესრელიზში, ეს რჩევა გაიზიარა.

"ბავშვები უფრო მგრძნობიარეები არიან მრავალი რისკფაქტორის გამო, მათ შორის პიგმენტის წარმომქმნელი კანის უჯრედების ბიოლოგიის, მზეზე ყოფნის უფრო დიდი ალბათობისა და მზისგან დამცავი საშუალებების არათანმიმდევრული გამოყენების გამო", — განმარტა მან.

სხვა სახის კანის კიბოსა და მზის დამწვრობის ისტორიების შემსწავლელმა წარსულმა მეტაანალიზებმა მსგავსი სურათი აჩვენა: მაგალითად, რაც უფრო მწვავეა მზის დამწვრობები ბავშვობაში, ათწლეულის თუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მელანომის ან ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის რისკი მით უფრო მაღალია.

არსებითად, დაზიანება ჯამდება და ხშირი მწვავე დამწვრობები საშიშია, ამიტომ მათი თავიდან აცილება, სავარაუდოდ, დიდწილად კანის კიბოს რისკის შემცირებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები, შესაძლოა, შემაშფოთებელი იყოს, ის სრულ სურათს არ გვიჩვენებს.

ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში მზეზე ყოფნა კიბოს განვითარების ალბათობაზე ძალიან რეალურ გავლენას ახდენს, ულტრაიისფერი გამოსხივება ხომ ცნობილი კანცეროგენია, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს. გარკვეულ როლს გენეტიკა თამაშობს, თუმცა ამას ცხოვრების წესიც ემატება, მაგალითად სიგარეტის მოწევა, რამაც, შესაძლოა, კანის კიბოს რისკის გაზრდას ხელი შეუწყოს.

სოლარიუმის გამოყენება მელანომის რისკსაც ზრდის. 2025 წლის კვლევა მიუთითებს, რომ ხელოვნურ ულტრაიისფერ შუქზე რეგულარული ექსპოზიცია, შესაძლოა, კანისთვის მზის სინათლეზე უფრო საზიანო იყოს.

მზეზე ხანმოკლე ყოფნა, შესაძლოა, D ვიტამინის დონის ამაღლებას დაეხმაროს, მაგრამ მზის დამწვრობის ისტორიებსა და კანის კიბოს რისკზე ჩატარებული ბოლოდროინდელი მეტაანალიზების შედეგები მიუთითებს, რომ ისეთ მზის დამწვრობებს, რომლებიც კანს შესამჩნევად აზიანებს, ნამდვილად უნდა მოვერიდოთ. მართალია, ჩვენი ძველი მზის დამწვრობის ისტორიების გადაწერა შეუძლებელია, თუმცა ახალი ეპიზოდების დამატების თავიდან აცილება შეგვიძლია.

მზეზე გადაჭარბებული ყოფნისგან თავის დაცვა გარკვეულ დაფიქრებასა და დაგეგმვას მოითხოვს. როგორც 1980-იანი წლების ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიური საგანმანათლებლო კამპანია გვირჩევს: ჩაიცვით (მაისური), წაისვით (მზისგან დამცავი), დაიხურეთ (ქუდი).

"ზოგიერთი ადამიანი მზისგან დამცავ საშუალებებს იმ მითების გამო ერიდება, რომ მისმა ინგრედიენტებმა, შესაძლოა, კანის კიბო გამოიწვიოს", — ამბობს ვიქტორი — "თუმცა, ყველაზე მყარი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ უმეტესი კანის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი ულტრაიისფერი გამოსხივებაა".

მეტაანალიზი ჟურნალ JAMA Dermatology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.