შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს პირველად დაუკავშირეს — კვლევა
ფოტო: Pixabay
შაქრიანი სასმელები ჩვენთვის სასარგებლო რომ არ არის, ეს ვიცით, თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობას ეს მათ მოხმარებაში ხელს არ უშლის, თანაც, ყოველდღიურად. მონაცემები მიუთითებს, რომ ამერიკელი ზრდასრულების დაახლოებით ორი მესამედი, დღეში, მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს მოიხმარს და აშშ-ში ბავშვების უმეტესობაც იმავეს აკეთებს.
ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ამ ყოველდღიურმა ჩვევამ, კიბოს რისკები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ჟურნალ Gastro Hep Advances-ში გამოქვეყნებულ ანალიზში მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს მოიხმარდნენ, კუჭის კიბოს განვითარების დაახლოებით 2,45-ჯერ მეტი ალბათობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც მსგავს სასმელებს საერთოდ არ სვამდა.
"ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც აშშ-ის მოსახლეობაში შაქრიანი სასმელების მიღებასა და კუჭის კიბოს შორის კავშირი აჩვენა", — ამბობს კვლევის მთავარი ავტორი და გასტროენტეროლოგი, ენდრიუ ტ. ჩანი — "კუჭის კიბო მსოფლიოში სიმსივნით გარდაცვალების მიზეზებს შორის მეხუთე ადგილზეა, თუმცა აქამდე ძალიან ცოტა ვიცოდით იმის შესახებ, კვების რაციონს ამ დაავადების განვითარებაში რა როლი შეიძლება ჰქონდეს".
მიუხედავად იმისა, რომ კუჭის კიბოსა და შაქრიან სასმელებს შორის კავშირი აქამდე დაზუსტებული არ იყო, ჯანმრთელობაზე შაქრიანი სასმელების ნეგატიური გავლენა ეჭვს არ იწვევს. მტკიცებულებები შაქრიან სასმელებს მსოფლიოში ყოველწლიურად 180 000-ზე მეტ გარდაცვალებასთან, მე-2 ტიპის დიაბეტის გაზრდილ რისკთან, ჭარბ წონასა და სხვა მრავალ პრობლემასთან აკავშირებს.
წარსულში ისინი ასევე დაუკავშირეს კიბოს სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, ძუძუს, ღვიძლისა და კოლორექტალურ (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს.
მეცნიერები ადრეც იკვლევდნენ, შაქრიანი სასმელები კუჭის კიბოს უკავშირდებოდა თუ არა, თუმცა შედეგები არადამაჯერებელი იყო, რაც სავარაუდოდ მონაცემების სიმცირით იყო განპირობებული.
უფრო ფართო სურათის დასანახად, ჩანის გუნდმა ინფორმაცია ორი დიდი კვლევიდან — ექთნების ჯანმრთელობის კვლევიდან (Nurses' Health Study) და ჯანდაცვის პროფესიონალთა შემდგომი დაკვირვების კვლევიდან (Health Professionals Follow-Up Study) — შეაგროვა, სადაც ჯამში 112 000-ზე მეტი მონაწილე შეფასდა.
ამ კვლევების მონაწილეები, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, კითხვარებს ავსებდნენ, სადაც თავიანთ კვების რაციონს მიუთითებდნენ (მათ შორის, ინფორმაციას შაქრიანი სასმელების, მაგალითად, გაზიანი სასმელების, პუნშის, ლიმონათისა და სპორტული სასმელების შესახებ). ასევე ცხოვრების წესის ფაქტორებს, სამედიცინო ისტორიასა და დაავადებების შედეგებს უთითებდნენ.
1986-დან 2022 წლამდე, კვლევებში ჩართული 112 284 ადამიანიდან, კუჭის კიბოს 278 დოკუმენტირებული შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, ადამიანებს, რომლებიც დღეში მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს (რაც 237 მლ ულუფით განისაზღვრა) მოიხმარდნენ, კუჭის კიბოს განვითარების ალბათობა ორჯერ მეტად (2,45-ჯერ) ჰქონდათ გაზრდილი, ვიდრე მათ, ვინც შაქრიან სასმელებს არ სვამდა. ეს მაჩვენებელი სხვა პოტენციური რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ მიიღეს.
რისკი როგორც კაცებში, ისე ქალებში იყო მომატებული. ქალებს, რომლებიც დღეში მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს სვამდნენ, კუჭის კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით სამჯერ გაეზარდათ, ხოლო კაცებს — დაახლოებით ორჯერ. ორივე მონაცემი შედარებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც შაქრიან სასმელებს არ მოიხმარდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმზე ხელოვნური დამატკბობლების გავლენის შესახებ შეშფოთება დიდია და მათი შესაძლო კანცეროგენულობის (კიბოს გამომწვევი თვისების) თაობაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრებებიც არსებობს, ამ შემთხვევაში, მკვლევრებს, ხელოვნურად დამტკბარ სასმელებსა და კუჭის კიბოს შემთხვევებს შორის, არანაირი კავშირი არ აღმოუჩენიათ.
ამერიკელი ზრდასრულების დაახლოებით ორი მესამედი, დღეში, მინიმუმ ერთ შაქრიან სასმელს მოიხმარს და აშშ-ში ბავშვების უმეტესობაც იმავეს აკეთებს
ფოტო: PA
მსგავსი სახის დაკვირვებით კვლევას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მონაცემთა შორის კორელაციის (კავშირის) ჩვენება შეუძლია და ის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ ადასტურებს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ დავასკვნით, რომ ამ ადამიანებში კუჭის კიბოს განვითარება უშუალოდ შაქრიანი სასმელების მოხმარებამ გამოიწვია, რადგან დაავადების განვითარებაში, შესაძლოა, როლი სხვა ფაქტორებმაც შეასრულეს.
კვლევის სხვა შეზღუდვები მოიცავს იმას, რომ მკვლევრებს Helicobacter pylori-ის ინფექციის (კუჭის დამაინფიცირებელი ბაქტერიისა და კუჭის კიბოს ცნობილი რისკ-ფაქტორის) შესახებ არასრული ინფორმაცია ჰქონდათ. ასევე, ზოგიერთი მონაწილის ზოგადი ჯანმრთელობისა და კუჭის კიბოსთან მიმართებით ოჯახური ისტორიის შესახებ სრული ჩანაწერები არ ჰქონდათ.
შაქრიანმა სასმელებმა კუჭში კიბოს განვითარება როგორ შეიძლება გამოიწვიოს, ეს საკითხი მოცემული კვლევის ფარგლებში არ შესწავლილა, თუმცა მკვლევრების თქმით, სწორედ ეს არის ის, რაც მომავალში უნდა გამოიკვლიონ.
"წონაში მატება, ინსულინრეზისტენტობა (მდგომარეობა, როცა უჯრედები ინსულინზე სათანადოდ აღარ რეაგირებენ), სტეროიდული ჰორმონების დისბალანსი, ანთება, დნმ-ის დაზიანება და დისბიოზი (კუჭ-ნაწლავში სასარგებლო და მავნე ბაქტერიების ბალანსის დარღვევა), ეს ის ძირითადი მექანიზმებია, რომლებიც აქამდეა შემოთავაზებული", — ხსნიან კვლევის ავტორები.
"შაქრიანი სასმელების კანცეროგენული ეფექტების ზუსტი მექანიზმი ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. აუცილებელია სამომავლო კვლევების ჩატარება, რათა ეს მიგნებები დადასტურდეს და შესწავლილ იქნას ის პოტენციური ბიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ამ პროცესშია ჩართული", — ამატებენ მკვლევრები.
კვლევას შეგიძლიათ ჟურნალ Gastro Hep Advances-ში გაეცნოთ.
- გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
- კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
- მხოლოდ ერთმა ძლიერმა მზის დამწვრობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობა სამუდამოდ შეგიცვალოთ
კომენტარები