პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, კანის სასიკვდილო კიბოს, მელანომის, გვიანი ფაზის კლინიკურ კვლევაში, იმუნოთერაპია Keytruda-სთან კომბინაციაში, წარმატებას მიაღწია. კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობამ ორივე მიზანს მიაღწია: კიბოს რეციდივი შეამცირა და სხეულის სხვა ნაწილებში მის გავრცელებას ხელი შეუშალა. მკურნალობას Moderna და Merck ავითარებენ, ხოლო Merck ასევე Keytruda-ს აწარმოებს.

"ეს კაცობრიობისთვის ისეთივე დიდი დღეა, როგორც 2020 წლის 16 ნოემბერი", — განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა CNN-ს, მაშინ Moderna-მ გვიანი ფაზის კლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლებმაც აჩვენა, რომ მისმა Covid-19-ის ვაქცინამ იმუშავა, — "ეს კიბოს მკურნალობაში ახალი თავია".

Moderna აცხადებს, რომ კომპანია და მისი პარტნიორი Merck, მარეგულირებლებისთვის ავტორიზაციის მისაღებად განაცხადის წარდგენას, უახლოეს თვეებში გეგმავს, თუმცა უფრო ზუსტი ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა.

"მრავალი წლის განმავლობაში, კონკრეტული პაციენტის კიბოსთვის სპეციალურად შექმნილი mRNA მკურნალობის იდეა მხოლოდ სურვილად რჩებოდა", — აღნიშნა ბანსელმა თავის განცხადებაში — "ახლა ჩვენ ამ ხედვის რეალობად ქცევაში ვმონაწილეობთ".

მელანომის მქონე პაციენტების მკურნალობა

კიბოს ეს მკურნალობა Keytruda-ს და ინდივიდუალურად შექმნილ mRNA ვაქცინას აერთიანებს, რომელიც პაციენტების სიმსივნეებში აღმოჩენილი მუტაციების ანალიზს ეფუძნება.

კვლევაში 1137 მაღალი რისკის მქონე პაციენტი იყო ჩართული, რომელთაც 2b-დან მე-4 სტადიის, ქირურგიულად ამოკვეთილი მელანომა ჰქონდათ. მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად გაანაწილეს: პირველმა ჯგუფმა, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, პერსონალიზებულ ვაქცინასთან ერთად Keytruda-ს ცხრამდე დოზა მიიღო, მეორემ კი მხოლოდ Keytruda.

კომპანიების განცხადებით, კვლევაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი სიგნალები არ გამოვლენილა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო დაღლილობა, ტკივილი ინიექციის ადგილას და შემცივნება.

იანვარში მკურნალობის შუა ფაზის კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლებმაც აჩვენა, რომ ხუთი წლის შემდეგ რეციდივის ან სიკვდილის რისკი 49%-ით შემცირდა.

მელანომა კანის კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმაა. მხოლოდ აშშ-ში, წელიწადში დაახლოებით 112 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის (NCI) მონაცემებით, 2023 წელს, აშშ-ში, მელანომით, 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, თავიანთ შედეგებს უახლოეს სამედიცინო შეხვედრაზე წარადგენენ და მარეგულირებლებს გაუზიარებენ.

კიბოს იმუნოთერაპიის პარკერის ინსტიტუტის (PICI) აღმასრულებელმა დირექტორმა, კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შეიძლება მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალ ეპოქას დაუდოს საფუძველი.

"აქ მიღებული დადებითი შედეგი იმუნოთერაპიის ნამდვილად ახალ ფაზაში გადაგვიყვანს", — თქვა კნუდსენმა — "ეს პერსპექტიული დასაწყისია, სწორედ აქედან იწყება ყველაფერი".

ნეგატიური რეაქცია mRNA-ს მიმართ

ინფორმაციული რნმ, ანუ mRNA, არის ერთჯაჭვიანი მოლეკულა, რომელსაც გენეტიკური ინფორმაცია გადააქვს ცილების წარმოქმნის სამართავად. სანამ მას Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში გამოიყენებდნენ, mRNA კიბოს მკვლევრებში დიდ ინტერესს იწვევდა. თუმცა, პანდემიის შემდეგ ტექნოლოგიამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია და ზოგიერთმა mRNA-ს უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა. ექსპერტების თქმით, ეს შეშფოთება უსაფუძვლოა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის დროს mRNA-სთვის, განსაკუთრებით რესპირატორული ვირუსების მიმართულებით, სახელმწიფო დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც mRNA ინოვაციების შეფერხების შიში გააჩინა.

აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა (HHS) გასულ წელს Moderna-სთან ახალი პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის შესამუშავებლად 590 მილიონი დოლარის ხელშეკრულება გააუქმა. აგვისტოში HHS-მა ასევე განაცხადა, რომ ბიოსამედიცინო მოწინავე კვლევებისა და განვითარების სააგენტოს (BARDA) მეშვეობით mRNA კვლევებს აღარ დააფინანსებდა.

მას შემდეგ, რაც კლინიკური კვლევის დიზაინის გამო სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) თავდაპირველად უარი თქვა Moderna-ს mRNA-ზე დაფუძნებული გრიპის ვაქცინის განხილვაზე, სააგენტომ ის ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

Moderna-ს აქციების ფასი მკვეთრად იზრდება

ოთხშაბათის განცხადების შემდეგ Moderna-ს აქციების ფასი 160%-ით გაიზარდა. Moderna თავისი პორტფელის დივერსიფიკაციას Covid-19-ის ვაქცინის მიღმაც ახდენს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ FDA-ს მიერ დამტკიცებული გრიპის ვაქცინა დაამატა, პარალელურად კი ექსპერიმენტულ ვაქცინებს ავითარებს ისეთი დაავადებებისთვის, როგორებიცაა ნოროვირუსი და ლაიმის დაავადება.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კიბოს ვაქცინის მონაცემები კომპანიისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი კატალიზატორი აღმოჩნდეს და ინვესტორების განწყობა პოტენციურად გააძლიეროს, რომელიც პანდემიის პერიოდში მიღწეული პიკის შემდეგ გაუარესდა. გასულ თვეში Barclays-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათი მოლოდინით, 2035 წლისთვის, ამ თერაპიამ მელანომის მკურნალობის მიმართულებით, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი შეიძლება გამოიმუშაოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.