შრი-ლანკაში მდებარე ქალაქ ტრინკომალის საავადმყოფოში გასულ კვირას ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ყველაზე დიდი მინერალური მასაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ამ ნაწილში უპოვიათ.

პაციენტი 55 წლის კაცია, რომელიც აღმოსავლეთ შრი-ლანკაში მდებარე კლინიკაში სულ სხვა დიაგნოზით მოხვდა. მას ინსულტი ჰქონდა გადატანილი და ექიმები თავდაპირველად სწორედ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ პრობლემებს მკურნალობდნენ.

სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ პაციენტს შარდვა უჭირდა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ მიზეზი შარდის ბუშტში არსებული ქვა იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი ნამდვილად გამორჩეულად დიდი აღმოჩნდა. მისი მასა ახალდაბადებული ბავშვისას უტოლდებოდა, ზომით კი სირაქლემას კვერცხს (ცოცხალ ფრინველებს შორის უდიდესი) ჰგავდა.

ექიმებმა კაცის სხეულიდან ქვა წარმატებით ამოიღეს. ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

"ჩვენთვის ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, ეს შარდის ბუშტის ყველაზე დიდი ქვაა, რომელიც დოკუმენტირებული და ოპერაციის შედეგად ამოღებულია", — ამბობს ექიმი პრაგალატან ბალაკრიშნანი, რომელიც პროცედურას ხელმძღვანელობდა.

შარდის ბუშტიდან ამოღებული 3.1-კილოგრამიანი ქვა.

ფოტო: Trincomalee General Hospital

ექიმები აცხადებენ, რომ კაცს შარდის ბუშტში ქვა 5-10 წელი ჰქონდა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. ის იქ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ დატოვეს.

შარდის ბუშტში ქვები მაშინ წარმოიქმნება, როცა შარდში არსებული მინერალები კრისტალიზაციას განიცდის. შედეგად ისინი მყარ მასებად გარდაიქმნება. რა თქმა უნდა, ეს ყველა ადამიანის ორგანიზმში არ ხდება, არამედ მაშინაა ხშირი, როცა ბუშტი სითხისგან მთლიანად ვერ იცლება.

ასეთი ქვები მეტწილად ქვიშის მარცვლის ზომისაა და თავისით განიდევნება. ამის მიუხედავად, არის 1 სანტიმეტრზე დიდი ზომის მინერალური მასებიც, რომელთა მოსაშორებლადაც სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

ამგვარი ქვებისთვის 4-ზე მეტი სანტიმეტრი უკვე უზარმაზარ ზომად მიიჩნევა. გინესის მსოფლიო რეკორდებში ამჟამად პაციენტის შარდის ბუშტიდან ამოღებულ უდიდეს ნიმუშად 1.9-კილოგრამიანი და 17.9-სანტიმეტრიანი ქვა სახელდება (ბრაზილია, 2003 წელი).

გასულ კვირაში ჩატარებული ოპერაციისას ამოღებული ქვა 18.7 სანტიმეტრი სიგრძის იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.