მონაშის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანის ევოლუციის შესახებ ბოლოდროინდელი აღმოჩენები, ჩვენი წინაპრების დასახელებისა და კლასიფიკაციის სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კვლევა, რომელიც ჟურნალ American Journal of Biological Anthropology-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებს ადამიანის ტაქსონომიის ძირეული გადახედვისკენ მოუწოდებს. ის გვთავაზობს, რომ გასული 4-5 მილიონი წლის განმავლობაში არსებული ადამიანის ყველა სახეობა და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ნამარხი ნათესავები ჰომოს გვარში გაერთიანდეს.

ადამიანის ევოლუცია ხშირად აღიწერება, როგორც განსხვავებული სახეობების შედარებით მარტივი თანმიმდევრობა, რომელიც მაიმუნისმაგვარი წინაპრებიდან იწყება, გრძელდება ავსტრალოპითეკითა და ჰომოს ადრეული წარმომადგენლებით და საბოლოოდ დღეს არსებულ ჰომო საპიენსამდე მოდის.

მიუხედავად ამისა, ნამარხი მონაცემები გაცილებით რთულ ევოლუციურ ისტორიას აჩვენებს. ახალი ნამარხების აღმოჩენასთან ერთად, ბევრი იმ მახასიათებლის განსაზღვრა, რომლებიც ოდესღაც ადამიანების მათი ახლო ნათესავებისგან მკაფიოდ გამოსაყოფად გამოიყენებოდა, სულ უფრო რთულდება.

ადამიანის ევოლუცია და ახალი აღმოჩენები

მთავარი მკვლევრის, ავსტრალიის მონაშის ბიომედიცინის აღმოჩენების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, დოქტორ იან ტოულის თქმით, ბოლოდროინდელი მიგნებები არსებულ საკლასიფიკაციო სისტემას ნაკლებად გამოსადეგსა და ზუსტს ხდის. ეს ეხება იმასაც, როგორ აჯგუფებენ მეცნიერები სახეობებს ჰომოს, ავსტრალოპითეკისა და პარანთროპის გვარებში, რომელთა წარმომადგენლებიც გასული 5 მილიონი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

"ნამარხების ბოლოდროინდელი აღმოჩენები და ევოლუციურ თუ გენეტიკურ ანალიზში მიღწეული პროგრესი იდეალურ დროს ქმნის იმის გადასახედად, ადამიანის ევოლუციას ჩვენი ტრადიციული ტაქსონომია კვლავ ზუსტად ასახავს თუ არა", — თქვა დოქტორმა ტოულმა — "ეს ჯგუფები ცალკეულ ევოლუციურ შტოებს მაინცდამაინც არ წარმოადგენს. ხოლო ქცევასა და ეკოლოგიაში არსებული იმ განსხვავებების შენარჩუნებაც, რომლებიც ოდესღაც მათ გასამიჯნად გამოიყენებოდა, სულ უფრო რთულდება. ჩემი შემოთავაზებაა, ჰომოს გვარი გაფართოვდეს და ეს სხვა ჯგუფებიც მოიცვას, რათა მზარდი ნამარხი მონაცემების მიერ გამოვლენილი რთული ევოლუციური კავშირები უფრო ზუსტად და სტაბილურად წარმოვაჩინოთ".

ევოლუციური კავშირების მეცნიერული კლასიფიკაცია

გასული 50 წლის განმავლობაში, ევოლუციის გაგების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა ცოცხალი სამყაროს დაჯგუფება და კლასიფიკაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.

თანამედროვე ტაქსონომია, ანუ ორგანიზმების დასახელებისა და კლასიფიკაციის მეცნიერება, სულ უფრო მეტად ცდილობს, რეალური ევოლუციური კავშირები სახეობების საერთო წინაპრის მიხედვით დაჯგუფებით ასახოს. მიუხედავად ამისა, ადამიანის ევოლუციის კვლევისას ამ მიდგომის დანერგვა უფრო ნელა მიმდინარეობდა.

ბოლო ათწლეულებში მეცნიერები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, ორგანიზმები ნამდვილი ევოლუციური ჯგუფების, ანუ კლადების მიხედვით დააჯგუფონ, რომლებიც საერთო წინაპარსა და მის ყველა შთამომავალს მოიცავს.

ტრადიციულად, ჰომოს გვარის წარმომადგენელთა იდენტიფიცირება ისეთი მახასიათებლებით ხდებოდა, როგორებიცაა დიდი ზომის ტვინი, შრომის იარაღების გამოყენების განვითარებული უნარი და გარკვეული ანატომიური თუ ქცევითი თავისებურებები.

ეს განსხვავებები ახლა ნაკლებად მკაფიოა. მეცნიერებმა უკვე იციან, რომ ჰომოს ზოგიერთ წარმომადგენელს ძალიან პატარა ტვინი ჰქონდა, ხოლო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რთული ქცევების გამოვლენა პარანთროპსა და ავსტრალოპითეკსაც შეეძლოთ.

ჰომოს გვარის გაფართოების წინადადება

დოქტორი ტოული ამტკიცებს, რომ ავსტრალოპითეკისა და პარანთროპის სახეობების ჰომოს გვარში გადატანამ, შესაძლოა, ადამიანის ევოლუციური ისტორიის უფრო თანმიმდევრული სურათი შექმნას. ამან ასევე შეიძლება, ახალი ნამარხების აღმოჩენასა და ჩვენი წინაპრების შესახებ მეცნიერთა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ჯგუფების მუდმივად ხელახლა განსაზღვრის საჭიროება შეამციროს.

"რაც უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი წინაპრებისა და ახლო ნამარხი ნათესავების შესახებ, მით უფრო ვაცნობიერებთ, როგორი რთული და არახაზოვანია ჩვენი საგვარეულო ხე", — თქვა დოქტორმა ტოულმა — "ჰომოს გვარის გაფართოება, რათა მან ავსტრალოპითეკისა და პარანთროპის სახეობებიც მოიცვას, არსებული განსხვავებების გათვალისწინების საშუალებას, კონკრეტული ჯგუფების მუდმივი რეკლასიფიკაციის გარეშე, მოგვცემს".

მტკიცებულებები და საწინააღმდეგო არგუმენტები

ტოულის თქმით, ავსტრალოპითეკი პრაქტიკულად "wastebasket taxon"-ის როლს ასრულებს. ეს ნიშნავს ისეთ ჯგუფს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ სახეობებს მხოლოდ იმის გამო აერთიანებს, რომ ისინი სხვაგან არსად ჯდება. ფილოგენეტიკურმა კვლევებმა ეს ჯგუფი არამონოფილეტურად არაერთხელ აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ის ერთი საერთო წინაპრისა და მისი ყველა შთამომავლისგან არ შედგება.

მისივე თქმით, ჰომოსთვის ოდესღაც განმსაზღვრელად მიჩნეული ნიშნებიც, მაგალითად ტვინის ზომა, ისეთმა აღმოჩენებმა შეარყია, როგორებიცაა პატარატვინიანი ჰომო ნალედი და ჰომო ფლორესიენსისი, რომლებიც ამის მიუხედავად ადამიანებთან ერთად ჯგუფდებიან. ამასთან, ავსტრალოპითეკ გარის კბილების ზომა ყველაზე მსხვილკბილიან პარანთროპსაც კი აღემატება, რაც გვარებს შორის საზღვრებს კიდევ უფრო აბუნდოვანებს.

ტოული თავისი მოსაზრების გასამყარებლად დღეს არსებულ პრიმატებს, კერძოდ ბაბუინებსა და მათ ახლო ნათესავებს ადარებს. ამ ჯგუფებში გენეტიკურმა კვლევებმა ახლო გვარებს შორის ვრცელი ჰიბრიდიზაცია გამოავლინა. მისი აზრით, ბოლო რამდენიმე მილიონი წლის ფარგლებში, ვიწროდ განსაზღვრული ჰომინინური გვარები ამგვარი არასტაბილურობისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან. მიზეზი ისაა, რომ ახლო ნათესავ ხაზებს შორის გენური ნაკადი პირველადი დაშორების შემდეგაც კიდევ რამდენიმე მილიონ წელს გრძელდება.

ტოულის წინადადებით, გაფართოებული ჰომოს გვარი დაახლოებით 4-5 მილიონი წლის უკან, ავსტრალოპითეკ ანამენსისის განშტოების წერტილთან, უნდა იწყებოდეს. ეს წერტილი პალეოანთროპოლოგებს შორის კონსენსუსის იშვიათი მაგალითია.

ტოული გვთავაზობს, ტომი Hominini პან-ჰომოს კლადად გადაკვალიფიცირდეს — ეს კლადი შიმპანზეებისა და ადამიანების საერთო ხაზს მოიცავს. ცალკე ადამიანური შტოსთვის კი ახალი ქვეტომის, Hominina-ს, შემოღებას გვთავაზობს.

ამ მიდგომას ყველა მკვლევარი არ ეთანხმება. ბევრის აზრით, სამი ცალკეული გვარის ერთში გაერთიანება ბიოლოგიურად მნიშვნელოვან განსხვავებებს წაშლის, განსაკუთრებით ჰომოსა და პარანთროპს შორის, რომლებმაც განსხვავებული ევოლუციური და კვებითი გზები განვლეს.

კვლევა ჟურნალ American Journal of Biological Anthropology-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.