აგვისტოს პირველი კვირის განმავლობაში, ბუნების ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაფიქსირებელი მოვლენის, მარჯნის ქვირითობის დროს, ფლორიდაში 12 ორგანიზაცია გაერთიანდა. ამ ორგანიზაციების მეცნიერებმა, მარჯნების შემდეგი თაობის გასამრავლებლად და გადასარჩენად, კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები (გამეტები) შეაგროვეს, ემბრიონები სტრატეგიულად გაანაყოფიერეს და სპერმის კრიოკონსერვაცია (ღრმად გაყინვა, რათა უჯრედები უცვლელად შენარჩუნდეს) განახორციელეს, რითაც მომავალი თაობებისთვის ფასდაუდებელი გენეტიკური მრავალფეროვნება უზრუნველყვეს.

ელქჰორნის მარჯნის კოლონია (Acropora palmata) ფლორიდაში, წყალქვეშა მარჯნის სანერგეში ქვირითობს.

ფოტო: მოტის საზღვაო ლაბორატორია

მარჯნების გამრავლება ძალზე იშვიათი მოვლენაა. ის წელიწადში ერთხელ, დროის ვიწრო მონაკვეთში მიმდინარეობს და მთვარის ფაზებსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული. 22:00 საათის შემდეგ მარჯნები სინქრონიზებულად გამრავლებას იწყებენ და ერთდროულად მილიონობით კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის კონას გამოყოფენ. განაყოფიერებისთვის აუცილებელია, რომ ეს კონები იმავე სახეობის სხვა კონებს შეხვდეს.

ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კლების შედეგად, მარჯნის კოლონიები იმდენად გაიშვიათდა და მიმოიფანტა, რომ კონები წყალში ერთმანეთს ხშირად ვეღარ პოულობს. ამის გამო ბუნებრივი რეპროდუქცია სულ უფრო რთულდება და ზოგიერთი სახეობა ფლორიდაში ფუნქციურად გადაშენებული რჩება. ამჟამად, ფლორიდის მარჯნის რიფზე 150-ზე ნაკლები უნიკალური ელქჰორნისა (elkhorn) და 300-მდე სტაგჰორნის (staghorn) მარჯანია დარჩენილი, რაც მათი ყოფილი რაოდენობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. თუმცა, მეცნიერები დანებებას არ აპირებენ.

ორგანიზაციების გეგმის მიხედვით, მყვინთავთა გუნდებმა კი-ლარგოს მახლობლად, ღია ზღვის სანერგეებში, ელქჰორნისა და სტაგჰორნის მარჯნებიდან მილიონობით გამეტა შეაგროვეს. შემდეგ გამეტები მარჯნის რიფის სახელმწიფო პარკში მოწყობილ დროებით ლაბორატორიაში გადაიტანეს, სადაც ექსპერტებმა ყველაზე მდგრადი ემბრიონების მისაღებად სასურველი გენეტიკური წყვილები შეარჩიეს. პარალელურად, მეორე გუნდი მომავლისთვის სპერმის კრიოკონსერვაციაზე მუშაობდა.

"ამ პროექტით ახალი მიდგომების დანერგვა და მარჯნის აღდგენაზე მომუშავე სხვადასხვა ინსტიტუტის მრავალწლიანი გამოცდილების გაერთიანება გვსურს", — განაცხადა ენდრიუ ბეიკერმა, მაიამის უნივერსიტეტის როზენსტილის სკოლის საზღვაო ბიოლოგიისა და ეკოლოგიის პროფესორმა — "ჩვენი რიფი საფრთხეშია და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ".

საზღვაო ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, მარენ სტიკლი, საზღვაო ლაბორატორიაში მარჯნის გამეტებს ანაყოფიერებს.

ფოტო: მაიამის უნივერსიტეტი

მეცნიერები ელქჰორნის 25 და სტაგჰორნის 36 გენოტიპის გამრავლებას შვიდი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რამაც დამხმარე განაყოფიერების გამოყენებით 116 უნიკალური, მიზანმიმართული შეჯვარება გამოიღო. საბოლოოდ, მეცნიერებმა 1 500 000-ზე მეტი ემბრიონი მიიღეს, საიდანაც ელქჰორნის 61 000-ზე მეტი და სტაგჰორნის 47 000-ზე მეტი ლარვა გამოიჩეკა. ისინი მაიამის უნივერსიტეტის როზენსტილის სკოლას, ფლორიდის აკვარიუმს, რიფის ინსტიტუტსა და სმითსონის საზღვაო სადგურს შორის გადანაწილდა, სადაც ლარვების მოვლასა და გაზრდას გააგრძელებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.