4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
ფოტო: Getty
ახალი კვლევის თანახმად, 4 ლემურს ადამიანის ჰერპესვირუსი გადაედო და მოკვდა. მათ ადამიანებთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, ერთ-ერთი ცხოველი კი "ლემურების იოგის" გაკვეთილზეც ჰყავდათ.
მათ პირველი ტიპის მარტივი ჰერპესვირუსი (HSV-1) აღმოაჩნდათ, რომელიც ადამიანებში ძალიანაა გავრცელებული. როგორც წესი, ჩვენში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პრიმატებში ეს ვირუსი მომაკვდინებელი შეიძლება იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლემურებს ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება) განუვითარდათ, რაც ფატალურად დასრულდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლემურებში HSV-1 მოლეკულური ანალიზით დადასტურდა. კერძოდ, გამოიყენეს PCR-ტესტი, რომლის მეშვეობითაც ექიმები ადამიანებს უსვამენ დიაგნოზს. უნდა ითქვას, რომ ადამიანის ჰერპესვირუსი ლემურებში აქამდეც დადასტურებულა, თუმცა იშვიათია. აქამდე ყველა ასეთი დიაგნოზი ლაბორატორიული მეთოდებით დასვეს და არა მოლეკულური ანალიზით.
სხვათა შორის, ეს პრობლემა მხოლოდ ლემურებში არ გვხვდება. HSV-1-მა ლეტალური დაავადება სხვა პრიმატებშიც გამოიწვია, მათ შორის, მარმოსეტებში, საკებში, გიბონებსა და სხვა სახეობებში.
ახალ ნაშრომში განხილული 4 შემთხვევა ამერიკაში 8 წლის განმავლობაში მოხდა. როგორც ვახსენეთ, ერთ-ერთი მათგანი "ლემურების იოგის" გაკვეთილს უკავშირდება. ამ დროს ადამიანები იოგაში ვარჯიშობენ, იმავე ოთახში კი ლემურებიც არიან. მკვლევრების თქმით, ეს ამ ცხოველებისთვის კარგი ნამდვილად არაა. მეორე მხრივ, ზუსტად არავინ იცის, კონკრეტულად იოგის გაკვეთილზე გადაედო თუ არა ვირუსი ამ ლემურს.
ადამიანებთან ახლო კონტაქტი დანარჩენ 3 ლემურსაც ჰქონდა. თითოეული მათგანი ეგზოტიკური შინაური ცხოველი იყო.
ცნობისთვის, HSV-1 უმეტესად ნერწყვით ან ინფიცირებულის პირთან შემხებლობით გადადის. ეს ვირუსი ზრდასრული (50+) ადამიანების 67%-ს აქვს, თუმცა უსიმპტომოდ — ინფექცია ამ დროსაც გადამდებია. კვლევის ფარგლებში შესწავლილ 4 ლემურს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდა, მათ შორის: ლეთარგია, უმადობა, წყლულები პირისა და ყელის არეში, სუნთქვის პრობლემები.
ლემურების სიკვდილის შემდეგ მკვლევრებმა მათი ქსოვილები მიკროსკოპით შეისწავლეს. ტვინში ანთება და ქსოვილის დაშლა შენიშნეს. გარდა ამისა, მაიმუნებს ბირთვშიდა ჩანართები აღმოაჩნდათ. ეს უჯრედებში არსებული ანომალიური სტრუქტურებია, რომლებიც ჰერპესვირუსს ხშირად სდევს თან.
ამის შემდეგ მეცნიერებმა სხვადასხვა ანალიზი ჩაატარეს. ამით ვირუსის გენეტიკური მასალა და ცხოველების ტვინის უჯრედებში არსებული ცილები გამოიკვლიეს. შედეგად დამატებითი მტკიცებულებები მიიღეს იმაზე, რომ ენცეფალიტი ნამდვილად ვირუსმა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ამ ლემურებს კერძო პირები/სტუდია ფლობდნენ. ზოოპარკში მყოფ ლემურებს მეტად იცავენ, ამიტომ მათი დაინფიცირების შანსი ნაკლებია. მიზეზი ისაა, რომ HSV-1 ამ ცხოველზე მხოლოდ პირდაპირი კონტაქტით გადადის.
ნაშრომი გამოცემაში Journal of Zoo and Wildlife Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები