ალბათ, ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მავნე რადიაციას ყველაზე მაღალი დოზებით ექიმები ან მეცნიერები იღებენ. ახალი კვლევის თანახმად, ეს ასე არ არის.

ნაშრომის ავტორებმა 500-ზე მეტი პროფესია გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ რადიაციასთან დაკავშირებული კიბოთი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბორტგამცილებლებშია, მათ შემდეგ კი — მფრინავებში.

მაინც რატომ ახლავს ხშირ ფრენას კიბოს განვითარების ასეთი დიდი რისკი? საქმე ისაა, რომ ხმელეთზე მყოფებს დედამიწის ატმოსფერო გვიცავს, მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდივართ, კოსმოსურ სხივებთან შემხებლობაც მით უფრო იზრდება. ამასთან, ადგილმდებარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს — ატმოსფეროს დამცავი ეფექტი პოლუსებთან უფრო სუსტია, ვიდრე ეკვატორთან.

მფრინავებსა და ბორტგამცილებლებზე წელიწადში საშუალოდ 3-6 მილიზივერტი კოსმოსური გამოსხივება ზემოქმედებს, მგზავრებზე კი (თუ დავუშვებთ, რომ მათ წელიწადში 10-ჯერ აქვთ ფრენა) —0.4 მილიზივერტი. ცნობისთვის, ზივერტი ადამიანის ორგანიზმზე მაიონიზებელი გამოსხივების მავნე ზეგავლენის საზომი ერთეულია.

ახალი ნაშრომის ავტორებმა აშშ-ის ეროვნული სასიცოცხლო სტატისტიკის სისტემის მონაცემები გააანალიზეს. მათ 12.7 მილიონი ადამიანის გარდაცვალების (2020-2024) მოწმობიდან მიღებული ინფორმაცია შეისწავლეს. ისინი ჯამში 503 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ.

მკვლევრებმა კიბოს მქონე ადამიანთა გარდაცვალების მიზეზი 2 კატეგორიად დაყვეს: გამოსხივებასთან დაკავშირებული კიბო და ნებისმიერი სხვა სიმსივნე. პირველ კატეგორიას ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლისა და პროსტატის სიმსივნეები მიაკუთვნეს. ასევე, მრავლობითი მიელომა, ლეიკემია, მელანომა და სხვა.

503 შესწავლილი პროფესიიდან ბორტგამცილებლებსა და მფრინავებში პირველი "ტიპის" სიმსივნეები ყველაზე ხშირად აღმოაჩნდა. მეორე მხრივ, მათში გამოსხივებასთან კავშირის არმქონე სიმსივნეები იმავე სიხშირით ფიქსირდებოდა, როგორითაც სხვა პროფესიების წარმომადგენლებში.

უფრო კონკრეტულად, ბორტგამცილებლებს სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით პირველ კატეგორიაში შემავალი კიბოს განვითარების 50%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, მფრინავებს კი — 36%-ით.

თავისთავად, ეს კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ცალსახად არ ადასტურებს, თუმცა არაპირდაპირი მტკიცებულებები აშკარაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირველ და მეორე ადგილებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული პროფესიების ადამიანთა ჯანმრთელობის მონიტორინგი (მაგ. კიბოს ხშირი სკრინინგი) კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ნაშრომი გამოცემაში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.