iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
ფოტო: 9to5mac
Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც მანამდე macOS-ის ბეტა ვერსიის კოდში აღმოაჩინეს — Apple სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის. ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარ მაღაზიებში უკვე ყიდის მესამე მხარის კონტროლერებს, მათ შორის Backbone One-სა და SteelSeries Nimbus+-ს, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიას ბაზრის ამ სეგმენტის საკუთარი ძალებით ათვისებაც სურს.
პროგრამულ კოდში აღმოჩენილი მონაცემების მიხედვით, ამჟამად ორ კონტროლერს ქმნიან, რომელთა მოდელის იდენტიფიკატორებია T6502 და T1057. არსებული ინფორმაციით, მოწყობილობებს ექნება D-Pad ღილაკები, ჯოისტიკები, ჰაპტიკური ძრავები და, შესაძლოა, ინტეგრირებული აქსელერომეტრი და გიროსკოპიც მოძრაობის კონტროლისთვის. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორი იქნება მათი დიზაინი ვიზუალურად.
მარკ გურმანის ვარაუდით, Apple-ის მიერ შექმნილი აქსესუარი ბაზარზე, შესაძლოა, Beats-ის ბრენდის ქვეშ გამოვიდეს და პროექტსაც სწორედ Beats-ის ხელმძღვანელები კურირებენ. როგორც წესი, ამ ბრენდის აქსესუარები შედარებით ხელმისაწვდომ საფასო კატეგორიაზეა გათვლილი და, Apple-ის პრემიუმ ხაზისგან განსხვავებით, ბიუჯეტური მასალებისგან მზადდება.
შეგახსენებთ, რომ მომხმარებლებს Apple-ის მოწყობილობებთან ამჟამადაც შეუძლიათ დააკავშირონ როგორც MFi-თავსებადი (Made for iPhone), ისე PlayStation DualShock-ისა და Xbox-ის უსადენო კონტროლერები. მიუხედავად ამისა, საკუთარი წარმოებით ან Beats-ის ბრენდირებით აქსესუარის გამოშვება კომპანიას დაეხმარება, რომ Apple TV 4K-ს გეიმინგ ეკოსისტემა გააუმჯობესოს; ეს პოტენციურად ხელს შეუწყობს iOS-სა თუ Mac-ზე ხელმისაწვდომი თანამედროვე AAA, ანუ უმაღლესი კატეგორიის, მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერ-თამაშების პოპულარიზაციასაც.
კომენტარები