ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემაში მოძრავი ერთ-ერთი ასტეროიდის რგოლები იმაზე საინტერესოა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

საუბარია ქარიკლოზე — 250-კილომეტრიან ობიექტზე, რომელიც მზის გარშემო გადაადგილდება. მისი ორბიტა სატურნსა და ურანს შორისაა, ანუ იგი მნათობისგან იმაზე დაახლოებით 17-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დედამიწა. ამ ციურ სხეულს, რომელიც კენტავრების სახელით ცნობილ ასტეროიდთა ჯგუფს მიეკუთვნება, ორი სქელი რგოლი აქვს.

მართალია, მზის სისტემაში რგოლებით ყველაზე მეტად სატურნია ცნობილი, თუმცა ისინი სხვა პლანეტებსაც აქვს, მათ შორის ურანს, ნეპტუნსა და იუპიტერს. ქარიკლოსა და კიდევ უფრო პატარა ობიექტის, ქირონის, მაგალითმა აჩვენა, რომ რგოლები შეიძლება ასეთი მცირე ზომის სხეულების გარშემოც ჩამოყალიბდეს.

ასევე, იხილეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ნეპტუნი, მისი რგოლები და თანამგზავრები გადაიღო

ვების ტელესკოპის მაღალი მგრძნობელობის მეშვეობით ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქარიკლოს რგოლები იმაზე უცნაურია, ვიდრე 2013 წელს (მისი აღმოჩენისას) მოპოვებული მონაცემები მიუთითებდა. კვლევას ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ, რომლებმაც ვების დახმარებით ქარიკლოზე დაკვირვება 2022 წლის ოქტომბერში დაიწყეს.

მკვლევრებმა გამოიყენეს მეთოდი, რომელსაც ვარსკვლავის ოკულტაცია ეწოდება. ამ დროს აკვირდებიან, როგორ მცირდება მნათობის სინათლე, როცა მის წინ ციური სხეული მოძრაობს.

"ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოპოვებულ სხვა ოკულტაციების მონაცემებთან ჯეიმს ვების ტელესკოპის დაკვირვებების შედარებისას აღმოვაჩინეთ, რომ ორი რგოლი ერთმანეთის საპირისპიროდ იცვლება: შიდა რგოლის გაუმჭვირვალობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გარე რგოლისა კი შემცირებულია", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პაბლო სანტოს-სანსი.

შორეული ვარსკვლავის სინათლის ცვლილება, რომელიც ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ ქირილიკოს (და მისი რგოლების) ჩავლითაა გამოწვეული.

ფოტო: ESO/Felipe Braga Ribas/M. Kornmesser

აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ პატარა ციური სხეულების რგოლები შედარებით სტაბილურია. ქარიკლოს რგოლების ასეთი ცვლილება კი მიუთითებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები იმაზე რთულია, ვიდრე მიაჩნდათ.

"ჩვენი შედეგები გვაიძულებს ხელახლა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ წარმოიქმნება ეს რგოლები, როგორ ვითარდება ისინი და რა მექანიზმები უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას", — აცხადებს სანტოს-სანსი.

მისი თქმით, რგოლებში ცვლილებების დაფიქსირება მეცნიერებს მსგავსი სისტემების ევოლუციის უკეთ შესწავლის ახალ შესაძლებლობას აძლევს. ამის მიუხედავად, რა იწვევს ქარიკლოს რგოლების ასეთ ტრანსფორმაციას, ჯერჯერობით უცნობია.

ეს მიგნება ჯეიმს ვების ტელესკოპისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი დაკვირვებისთვის მეცნიერებს განსაკუთრებული სიზუსტით უნდა სცოდნოდათ როგორც ქარიკლოს ორბიტა, ისე ვარსკვლავის მდებარეობა და თავად ტელესკოპის ტრაექტორია. მნათობის პოზიციის დასადგენად მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს Gaia-ს მისიის მონაცემები გამოიყენეს. ვები კი დედამიწიდან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრის მოშორებით მდებარე ლაგრანჟის მეორე წერტილის მიმდებარედ მოძრაობს და ორბიტის შესანარჩუნებლად პერიოდულად კორექტირებას საჭიროებს.

კვლევის დროს ქარიკლო ტელესკოპთან მიმართებით დაახლოებით 2.5 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობდა. მზის სისტემაში მოძრავი მსგავსი ობიექტებისთვის ეს შედარებით დაბალი სისწრაფეა, რამაც ასტრონომებს რგოლების დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. მიუხედავად ჯეიმს ვების ტელესკოპის შესაძლებლობებისა, ქარიკლო იმდენად პატარა და შორეულია, რომ მისი და მისი რგოლების პირდაპირ გადაღება მაინც ძნელია. სწორედ ამიტომ იყენებენ მეცნიერები ვარსკვლავის ოკულტაციის მეთოდს.

კვლევა გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.