ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ბელგიელ მეცნიერს, ფრენსის ჰალზენს, გადაეცა. მან ჯილდო "IceCube-ის ნეიტრინოს ობსერვატორიაში შეტანილი გადამწყვეტი წვლილისა და ასტროფიზიკური წარმოშობის მაღალი ენერგიის ნეიტრინოების აღმოჩენისთვის" მიიღო.

ჰალზენმა, რომელიც ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში (აშშ) მოღვაწეობს, ჯერ კიდევ 1988 წელს ივარაუდა, რომ სამხრეთ პოლუსის ყინული კოსმოსიდან მომავალი ელემენტარული ნაწილაკების — ნეიტრინოების — "გამოსაჭერად" და დასაკვირვებლად შეგვეძლო, გამოგვეყენებინა. სამხრეთ პოლუსის ყინული ამისთვის იდეალურია, რადგან ის ხელის შემშლელი სხვადასხვა ფაქტორისგან თავისუფალია და გეოლოგიურად სტაბილურია (იქ მიწისძვრები არ ხდება). ვარაუდიდან რამდენიმე წელში პირველადი ტესტირება ყინულშივე განხორციელდა.

მისი სამეცნიერო ლიდერობით მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა შექმნა IceCube — სამხრეთ პოლუსის ყინულში 1 კუბურ კილომეტრზე განთავსებული გიგანტური ობსერვატორია, რომელიც სინათლის სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შორეულ სამყაროში მიმდინარე ექსტრემალური, მაღალენერგეტიკული პროცესებს დროს გამოყოფილი ნეიტრინოების დაფიქსირება შეძლეს.

Ice Cube ობსერვატორია.

ფოტო: Ilya Bodo

"ფრენსის ჰალზენი სათავეში ედგა მკვლევართა და ინჟინერთა საერთაშორისო გუნდს, რომელმაც ფანტასტიკური ინსტრუმენტი მოგვცა. მისმა შეუპოვრობამ და სამეცნიერო ხედვამ ახალი ტიპის ასტრონომიას გზა გაუკაფა", — განაცხადა ფიზიკის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ პირსმა.

IceCube და კოსმოსური ელემენტარული ნაწილაკები

ნეიტრინოები ყველგანაა, თუმცა მათ არსებობას ვერ ვგრძნობთ — ისინი დედამიწასა და ჩვენს სხეულში ისე გადის, რომ არაფერს ეჯახება. ნეიტრინო ელექტრულად ნეიტრალური ელემენტარული ნაწილაკია, რომელსაც ელექტრონის მასასთან შედარებით ძალიან მცირე უძრაობის მასა აქვს (მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრონი და ნეიტრინო ორივე ელექტრული ნეიტრალურობით ხასიათდება, ძირითადი განსხვავებები მათ შორის არის მასა, ზომა, სტრუქტურა და ურთიერთქმედება მატერიასთან). ამის მიუხედავად, ძალიან იშვიათად მაღალი ენერგიის ნეიტრინო ატომის ბირთვს ეჯახება. სამხრეთ პოლუსის სუფთა ყინულში ამ შეჯახებისას სინათლის მცირე ანთება წარმოიქმნება, რასაც ყინულში ღრმად განთავსებული სენსორები აფიქსირებს.

ასევე იხილეთ: ნეიტრინო იმაზე მსუბუქი ყოფილა, ვიდრე ვვარაუდობდით — კვლევა

ნეიტრინოები კოსმოსური სივრცის სხვა რეგიონებიდანაც მოდიან და კოსმოსის ზოგიერთი საიდუმლოების მინიშნებებიც თან მოაქვთ.

ფოტო: ohan Jarnestad/The Royal Swedish Academy of Sciences

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ კოსმოსში არსებობს ბუნებრივი "ნაწილაკთა ამაჩქარებლები" (მაგალითად, შავი ხვრელები ან ზეახალი ვარსკვლავები), რომლებიც მილიონჯერ უფრო ძლიერ ენერგიას გამოყოფს, ვიდრე დედამიწის უძლიერეს ლაბორატორიებშია. სხვა ნაწილაკებისგან განსხვავებით, ნეიტრინო კოსმოსში მოგზაურობისას მიმართულებას არ იცვლის და ენერგიას არ კარგავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას პირდაპირ შეუძლია მიგვითითოს იმ შორეულ წყაროზე, საიდანაც წამოვიდა.

2011 წელს IceCube-ის მშენებლობა დასრულდა, რის შემდეგაც მკვლევრებმა მალევე დააფიქსირეს მაღალი ენერგიის პირველი კოსმოსური ნეიტრინოები, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის მიღმა წარმოიქმნა. ამით სამყაროში ნეიტრინოების წყაროების ძიების სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო.

ასევე იხილეთ: ქართველი მეცნიერები "მოჩვენება ნაწილაკების" ძიებაში — რა აღმოაჩინეს მათ კოლეგებთან ერთად

ამ აღმოჩენამ და IceCube-ის მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა სამყაროს ყველაზე ექსტრემალური მოვლენების შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა და კოსმოსის ჩვენეული გაგება ფუნდამენტურად შეცვალა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.