როგორ შეიძლება ერთი იდეა რეალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტად იქცეს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიებას იწყებს ასობით გოგო ყოველწლიურად Technovation Girls-ის პროგრამაში. ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობა მხოლოდ ახალი უნარების შეძენას არ ნიშნავს - ეს არის შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, შექმნან იდეები და რეალური პრობლემების გადასაჭრელად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები შეიმუშაონ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საერთაშორისო პროგრამა Technovation Girls, რომელიც საქართველოში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

პროგრამა 13-18 წლის გოგოებს ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის პრაქტიკულად შესწავლის, გუნდური მუშაობისა და საკუთარი იდეების რეალურ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაში საქართველოში უკვე 2 000-ზე მეტმა გოგომ მიიღო მონაწილეობა, 2026 წელს კი 550 მონაწილე დარეგისტრირდა და შეიქმნა დაახლოებით 400 გუნდი. მონაწილეთა დაახლოებით ნახევარი საქართველოს რეგიონებიდანაა.

ეს ციფრები მხოლოდ მონაწილეთა რაოდენობას არ ასახავს - ისინი იმ გოგოების ისტორიებს აერთიანებს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი გარემოს პრობლემებზე დაიწყეს ფიქრი და მათი გადაჭრის გზების ძიება.

საქართველოში პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2025 წლიდან მისი ოფიციალური მასპინძელია საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტის ელჩები არიან ნანა დიხამინჯია და სალომე ნასყიდაშვილი, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ გოგონების ტექნოლოგიური გაძლიერებისა და STEM მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია, პროგრამის მნიშვნელობას გოგოებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შექმნაში ხედავს.

"Technovation Girls-ის არსებობა საქართველოში ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ამ პროექტში გოგოები სწავლობენ საკუთარ თემში პრობლემების აღმოჩენას და მათ გადაწყვეტას ტექნოლოგიური გზით, რაც ინოვაციური აზროვნების განვითარების საფუძველია. ამ პროცესში გოგო აღარ არის მხოლოდ მოსწავლე, რომელიც ტექნოლოგიებს სწავლობს — ის ხდება შემქმნელი, მკვლევარი, გუნდის წევრი და ხშირად ლიდერიც."

ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება — შესაძლებლობა, რომ ცოდნა რეალურ პრობლემას დაუკავშირდეს და იდეა კონკრეტულ გადაწყვეტად იქცეს. სწორედ ამ გამოცდილების გაღრმავებას ემსახურება Technovation Girls Camp 2026, რომელიც 21–25 აგვისტოს ბაკურიანში, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და მკვლევრებმა ჩაატარეს ლექციები.

ბანაკში პროგრამის საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობდა. მონაწილეებმა და მათმა მენტორებმა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ლექციებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებში მიიღეს მონაწილეობა, იმუშავეს ელექტრონიკის პროექტებზე, გაეცნენ სტარტაპის მეთოდოლოგიებს და ტექნოლოგიური კარიერის დაგეგმვაზე იმუშავეს. პროგრამის ფარგლებში გოგოებმა საკუთარი იდეების ტექნოლოგიურ გადაწყვეტებად გარდაქმნის პროცესიც გააგრძელეს.

პროგრამის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს პარტნიორობას. Technovation Girls-ის მთავარი პარტნიორები არიან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), Association of Teachers of Exact and Natural Sciences, ReThink, Quantum Computing Association, İşbank Georgia, Softgen Group, NB Legal, Idea Design Group და Credo Bank. „Technovation Girls“ ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში“ მხარდაჭერით, რომელიც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.

იზაბელ რაპი, პროექტის BMZ-ის დაფინანსებითა და GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტის "პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში" მენეჯერი, აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ბანაკი მონაწილეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო გამოცდილება იყო, არამედ მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობაც მისცა.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერის შედეგად კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლო ბანაკში მონაწილეობა და ამ გამოცდილების მიღება. ეს ინიციატივა გოგოებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ და გააფართოონ საკუთარი უნარები, იპოვონ შთაგონება, შექმნან ქსელი და თავდაჯერებულად განაგრძონ სვლა თავიანთი მიზნებისკენ."

პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერაც გოგოებისა და ქალების ტექნოლოგიებში მონაწილეობის გაზრდას ემსახურება.

ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიებთან ადრეული ასაკიდან დაკავშირება გოგოების მომავალ პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

"გოგოების ადრეული ასაკიდან ჩართვა ტექნოლოგიებსა და STEM სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება მათი ინტერესები, პროფესიული მისწრაფებები და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. მნიშვნელოვანია, ქალები და გოგოები არ იყვნენ მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები — ისინი უნდა იყვნენ ამ ცვლილებების აქტიური მონაწილეები, შემქმნელები და ლიდერები."

Technovation Girls-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და სხვადასხვა სექტორის პარტნიორობის გაერთიანება გოგოებს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ შეიძინონ ახალი ცოდნა, არამედ თავად შექმნან ინოვაციური იდეები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები.

პროგრამის სამომავლო განვითარება კი უფრო ფართო ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის შექმნას უკავშირდება. ნანა დიხამინჯიას ხედვით, მნიშვნელოვანია, Technovation Girls-ის მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს და მომავალში პროგრამის კლუბები საქართველოს სკოლებში უფრო ფართოდ დაინერგოს, რაც სკოლების, უნივერსიტეტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მისი ხედვით, ამგვარი განვითარება კიდევ უფრო მეტ გოგოს მისცემს შესაძლებლობას, ადრეული ასაკიდან მიიღოს ტექნოლოგიური განათლება, იმუშაოს საკუთარ იდეებზე და ტექნოლოგიების სფეროში საკუთარი პროფესიული გზა შექმნას.