კომპანია Google თავისი ჩატბოტის, Gemini-ს, აპლიკაციის უფასო ვერსიის მომხმარებლებს გარკვეულ ფუნქციებს შეუზღუდავს. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის (AI) პროგრამულ უზრუნველყოფაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ახლახან განაცხადა.

9 ოქტომბრიდან Gemini-ს უფასო ვერსიის მომხმარებლებს წვდომა მხოლოდ 3.5 Flash-Lite მოდელზე ექნებათ, ხოლო 3.6 Flash და 3.1 Pro გაეთიშებათ. გარდა ამისა, ცვლილება Google AI Plus-ის გამომწერებსაც შეეხებათ, რომლებიც თვეში $4.99-ს იხდიან: ისინი Pro მოდელზე წვდომას დაკარგავენ, თუმცა Flash-Lite-ითა და Flash-ით სარგებლობას კვლავ შეძლებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ აქამდე ხელმისაწვდომი სერვისის შენარჩუნება გსურთ, Google AI Pro-ს გამოსაწერად თვეში სულ მცირე $19.99-ის გადახდა მოგიწევთ. მეორე მხრივ, მათთვის, ვინც AI Pro-ს საფასურს უკვე იხდის, სასიამოვნო სიურპრიზია: მომხმარებლები წვდომას Deep Think ფუნქციაზე მიიღებენ, რომელიც მანამდე მხოლოდ უფრო ძვირიან პაკეტებში იყო ხელმისაწვდომი.

საბოლოო ჯამში, სიახლე მოულოდნელი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვითარდება ხოლმე გამოწერაზე დაფუძნებული სერვისები. ფუნქციები, რომლებიც თავდაპირველად ყველა მომხმარებლისთვის უფასო იყო, დროთა განმავლობაში მხოლოდ ფასიანი პაკეტების მფლობელებისთვის ხდება ხელმისაწვდომი.

წელს Google-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არაერთი სირთულე შეექმნა. დემის ჰასაბისი, რომელიც მრავალი წელია Google DeepMind-ის ლიდერია, ახალ პოზიციაზე გადავიდა. მეორე მხრივ, გაურკვეველია, ეს ნაბიჯი დაწინაურებას ნიშნავდა თუ დაქვეითებას. ამასთან, კომპანიამ ვერც დაპირებული Gemini 3.5 Pro-ს გამოშვება შეძლო, რომლის დებიუტიც ივნისში იგეგმებოდა.

Google-ის თანამშრომელთა უკმაყოფილებაზე Bloomberg-იც წერს. მათი აზრით, ახალი მოდელი, Gemini 4, OpenAI-სა და Anthropic-ის კონკურენტულ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ცნობებისა, რომლებიც კომპანიის კულისებში არსებული დაძაბულობის შესახებ ვრცელდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.