5 ოქტომბერს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2026 წლის ნობელიანტთა ვინაობა გავიგეთ, 6 ოქტომბერს კი კომისიამ ფიზიკის დარგში გამარჯვებული გამოაცხადა. ხვალ, 7-ში, ჯილდოს უკვე ქიმიის მიმართულებით მომუშავე მკვლევარს ან მკვლევრებს გადასცემენ.

ნობელიანტებს ხშირად "ლაურეატებს" უწოდებენ, მაგრამ რატომ დამკვიდრდა ეს სიტყვა ჯილდოს მფლობელთა აღსანიშნად? პასუხს დიდი ხნის წინანდელ ტრადიციამდე მივყავართ — დაფნის გვირგვინამდე.

ინგლისური სიტყვა "laureate" ლათინური laureatus-იდან მოდის და თავდაპირველად ადამიანს აღნიშნავდა, რომელსაც დაფნის ფოთლების გვირგვინი ედგა. თავად დაფნა კი ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული მცენარეა, რომელსაც ანტიკურ სამყაროში სამკურნალო თვისებების გამოც იყენებდნენ და განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა.

რა უნდა ვიცოდეთ ამ მცენარეზე

დაფნა.

ფოტო: Otto Wilhelm Thomé

დაფნა პატარა ბუჩქებსა და ხეებს მოიცავს, რომლებიც თავდაპირველად ხმელთაშუაზღვისპირეთში იზრდებოდა. ზოგიერთი სახეობა რამდენიმე მეტრ სიმაღლესაც აღწევს. Laurus nobilis-ს გრძელი, მწვანე და არომატული ფოთლები აქვს, რომლებიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც დაფნის ფოთოლი — სანელებელი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში იყენებენ.

ანტიკურ სამყაროში დაფნას მხოლოდ კულინარიაში არ იყენებდნენ. მცენარეს სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა. მაგალითად, რომაელები მის ფოთლებს გველის ნაკბენზე იფენდნენ, მცენარისა და მისი ნაყოფისგან კი გაციების საწინააღმდეგო სხვადასხვა საშუალებას ამზადებდნენ.

ბერძნები Laurus nobilis-ს, ანუ კეთილშობილ დაფნას, სხვა მცენარეებით გამოწვეული გამონაყარის სამკურნალოდ იყენებდნენ. მისგან ანტისეპტიკურ და პირველადი დახმარებისთვის განკუთვნილ პრეპარატებსაც ამზადებდნენ.

როგორ უკავშირდება ის აპოლონს

დაფნის გვირგვინის ტრადიცია, როგორც ჩანს, ძველბერძენებში იღებს სათავეს. ისინი მცენარეს, რომელსაც daphne-ს უწოდებდნენ, რიტუალურ განწმენდასა და ღვთაებრივ შთაგონებას უკავშირებდნენ.

დაფნა აპოლონის კულტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ბერძნები მას ამ ღვთაების წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, აპოლონის ტაძრის სამისნო დელფოში ქურუმი პითია მის ფოთლებს შესაძლო ჰალუცინოგენური ეფექტისთვისაც ღეჭავდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ქიმიური ეფექტი კვლევებით არ დასტურდება.

დაფნასთან აპოლონის კავშირის ერთ-ერთი ცნობილი ახსნა ოვიდიუსის "მეტამორფოზებში“ გვხვდება. მითის მიხედვით, აპოლონს ნიმფა დაფნა შეუყვარდა, რომელიც მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ბოლოს დაფნამ დახმარება მამას, მდინარის ღვთაებას, სთხოვა და მან ქალიშვილი დაფნის ხედ გადააქცია.

გამარჯვებულთა გვირგვინი

რომაელი პოეტი — ვერგილიუსი.

ფოტო: Getty Images

ძველ საბერძნეთში დაფნის გვირგვინი გამარჯვების სიმბოლოდაც დამკვიდრდა. დელფოში აპოლონის პატივსაცემად გამართულ პითიურ თამაშებში გამარჯვებულებს სწორედ დაფნის გვირგვინით აჯილდოებდნენ.

პითიური თამაშები ძვ. წ. VI საუკუნეში დაარსდა. ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, ამ დროს თავდაპირველად მუსიკალური შეჯიბრებები იმართებოდა, მოგვიანებით კი პროგრამას სპორტული ასპარეზობებიც დაემატა. შეჯიბრებების დროს კონფლიქტებიც კი დროებით წყდებოდა. შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს ის, რომ დელფოში გავრცელებული მცენარე Laurus delphica რომაელებში, სავარაუდოდ, მშვიდობასთანაც ასოცირდებოდა.

დაფნის გვირგვინი გამარჯვებასთან, პოეზიასთან და ხელოვნებასთან იმდენად მჭიდროდ იყო დაკავშირებული, რომ მისი გამოყენება მოგვიანებით ევროპულ კულტურაშიც გავრცელდა. ადრეული რენესანსის პერიოდში დაფნის გვირგვინით პოეტებისა და სხვა ინტელექტუალებისადმი პატივის მიგება უკვე დამკვიდრებული ტრადიცია იყო.

სიტყვა laureate-ის ისტორიაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. Baccalaureate ლათინური სიტყვიდან მოდის და დღეს ბაკალავრის ხარისხს აღნიშნავს. მისი ფორმა მოგვიანებით ხალხურმა ეტიმოლოგიამ დაფნის ლათინურ სახელთან დააკავშირა — იმ ტრადიციის გამო, რომლის მიხედვითაც აკადემიური წარმატება დაფნის გვირგვინთან ასოცირდებოდა.

ნობელის ლაურეატები

ნობელის პრემიის მფლობელებთან მიმართებით laureate-ის გამოყენება შედარებით ახალია. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი მიხედვით, ნობელის პრემიის მფლობელის აღსანიშნად ეს სიტყვა პირველად 1947 წელს გვხვდება — თავად ნობელის პრემიის დაარსებიდან ოთხ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ.

სიტყვას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ნობელის პრემიას სიმბოლურადაც საკმაოდ შეესაბამება. დაფნა ერთდროულად უკავშირდება მედიცინას, ხელოვნებას, გამარჯვებასა და მშვიდობას — იმას, რაც ნობელის პრემიების ისტორიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.