Anthropic-მა უახლესი AI მოდელი Claude Haiku 5.5 გამოუშვა. კომპანიამ Haiku ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ განაახლა.

ამჟამად Anthropic რამდენიმე Claude AI მოდელს გვთავაზობს, საიდანაც სამი ძირითადი მოდელია: Haiku (ყველაზე პატარა და იაფი), Sonnet (საშუალო ზომისა და ფასის) და Opus (სამიდან ყველაზე დიდი და ძვირი). Anthropic-ის იერარქიაში ყველაზე მაღლა Fable/Mythos მოდელები დგას, რომლებიც კიდევ უფრო მძლავრი და ძვირია.

7 ოქტომბერს შევიტყვეთ, რომ კომპანიამ Claude-ის Haiku 4.5 ვერსია განაახლა და Haiku 5.5 გამოუშვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს Claude 5.5 სერიის მესამე განახლებაა. მანამდე Opus და Sonnet გააუმჯობესეს.

როგორია Claude Haiku 5.5

ერთ-ერთი საკვანძო დეტალი ისაა, რომ ახალი მოდელის მუშაობა წინასთან შედარებით დაახლოებით 75%-ით იაფია.

"Claude Haiku 5.5 დიდი მოცულობისა და ხარჯებისადმი მგრძნობიარე ამოცანებისთვის შევქმენით. მოდელი სწრაფ და განმეორებად დავალებებს (მაგალითად: შეჯამების, შემოკლების, მონაცემთა ბაზასთან და კლასიფიკაციასთან დაკავშირებულ თხოვნებს) საიმედოდ ასრულებს. კოდის წერისას იგი, როგორც ქვეაგენტი, Opus 5.5-სა და Sonnet 5.5-თან კარგად თანამშრომლობს. ასევე, რადგან ამ ეტაპზე ჩვენი ყველაზე სწრაფი მოდელია, იგი განსაკუთრებით კარგად მუშაობს სისწრაფისადმი მგრძნობიარე ამოცანებზე, თუნდაც მომხმარებელთა რეალურ დროში მხარდაჭერისთვის ან ბრაუზერის გამოყენებისას", — აცხადებს Anthropic.

კომპანიის ცნობით, Haiku 5.5-ის მუშაობა მის წინამორბედთან შედარებით "დაახლოებით 75%-ით ნაკლები ჯდება".

"მოდელის გამოშვებასთან ერთად ჩვენი მოდელების სერიის ფასეულობასაც ვზრდით. ქეშის წაკითხვისას Claude Sonnet 5.5-ის ფასს ვანახევრებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აგენტურ საქმეებზე Sonnet 5.5 ახლა დაახლოებით 20%-ით იაფად მუშაობს. ამასთანავე, Claude Max-ისა და Team-ის გამომწერებისთვის ახალ ყოველთვიურ API კრედიტს ვამატებთ, რათა მომხმარებლებს Claude Platform-ზე მომუშავე ახალი აგენტებისა და აპლიკაციების შექმნაში დავეხმაროთ", — აცხადებს Anthropic.

Anthropic-ის უახლესი მოდელის შესახებ უფრო დეტალურად კომპანიის ბლოგპოსტიდან შეიტყობთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.