Anthropic მასშტაბური სასწავლო პროგრამის, Claude Frontier Academy-ს, დასაწყებად 100 მილიონი დოლარს გამოყოფს. ინიციატივის მთავარი მიზანი ბიზნესსექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მხარდაჭერაა.

2027 წლის ბოლომდე კომპანია 10 000 სპეციალისტის (Frontier Deployed ინჟინრების, FDE-ების) მომზადებას გეგმავს. ეს ინჟინრები Claude-ის მომხმარებლებს უსაფრთხოების ნორმების დაცვაში, საჭიროებების იდენტიფიცირებასა და ტექნოლოგიის პრაქტიკაში დანერგვაში დაეხმარებიან.

"Claude Frontier Academy-ში მონაწილეები ზუსტად იმ მეთოდოლოგიით ისწავლიან, რომლითაც ჩვენი ინჟინრები ემზადებიან. გვსურს, ამ პროგრამის კურსდამთავრებულებმა ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სრულიად ახალი სტანდარტი შექმნან", — განმარტა Anthropic-ის ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორობის გლობალურმა ხელმძღვანელმა, სტივ კორფილდმა.

Anthropic ათი ათას FD ინჟინერს გადაამზადებს

სასწავლო კურსი მსხვილ ორგანიზაციებში AI-ს დანერგვის სიმულაციით იწყება. ამის შემდეგ მონაწილეები 12-კვირიან პრაქტიკულ ეტაპზე გადავლენ, "სადაც საკუთარ კომპანიებში Claude-ის გამოყენებასთან დაკავშირებულ რეალურ პროექტებს უხელმძღვანელებენ".

პირველ ნაკადში ისეთი წამყვანი საკონსულტაციო და ფინანსური გიგანტების ინჟინრები მოხვდებიან, როგორებიცაა: Accenture, Bain, Capgemini, Commonwealth Bank of Australia, Deloitte, McKinsey, Morgan Stanley და Novo Nordisk.

Claude Partner Network-ის ფარგლებში Anthropic-ს 46 ათასზე მეტი კომპანიის 175 ათასზე მეტ თანამშრომელზე უკვე გაცემული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. მეორე მხრივ, ახალი FDE პროგრამის მთავარი მოტივი კიდევ უფრო მკაფიოა.

რაც უფრო გაუმარტივდებათ ბიზნესკლიენტებსა და საკონსულტაციო კომპანიებს Claude-ის დანერგვა, მით მეტი მომხმარებელი ეყოლება Anthropic-ს. ამასთან ერთად, საკონსულტაციო გიგანტებთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, მათი კლიენტების ბაზაზეც გავიდეს და საკუთარი გავლენა გააფართოოს.

Anthropic-ის კონკურენტ OpenAI-ს მსგავსი მასშტაბური FDE პროგრამა უკვე აქვს, თუმცა მათ შორის არსებითი განსხვავებაა. OpenAI აქცენტს საკუთარი თანამშრომლების მომზადებაზე აკეთებს, რომლებიც შემდეგ კლიენტების ტრანსფორმაციას უზრუნველყოფენ. მეორე მხრივ, Anthropic-ის მიდგომა უშუალოდ პარტნიორი კომპანიების ინჟინრების FDE სპეციალისტებად გადამზადებას ითვალისწინებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, 2026 წლის ივლისის შემდეგ OpenAI-ს გაყიდვები ბიზნესსექტორში ორჯერ გაიზარდა. ზუსტი ციფრები გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ მსხვილ ორგანიზაციებთან გაფორმებული გარიგებები Anthropic-ის ტიპის კომპანიებისთვის ბევრად უფრო მოგებიანია, ვიდრე რიგითი მომხმარებლების გამოწერები.

ინჟინრების გადასამზადებლად 100 მილიონი დოლარი ერთი შეხედვით კოლოსალური თანხა ჩანს, თუმცა Anthropic-ს გონივრული მოლოდინი აქვს, რომ ეს ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში შესაბამის სარგებელს მოიტანს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.