ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
ფოტო: AFP/Getty
ჩინელმა ექიმებმა ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ნაყოფის გულმკერდში არსებული წარმონაქმნის ზომა ნაკლებად ინვაზიური პროცედურის საშუალებით შეამცირეს. მათ ამისთვის მუცლისა და საშვილოსნოს გაჭრა არ დასჭირვებიათ.
ნაყოფს ფილტვის თანდაყოლილი პულმონალური მალფორმაცია, ე.წ. CPAM, ჰქონდა. ეს მდგომარეობა დაახლოებით 25 000-35 000 ორსულობიდან ერთში გვხვდება და უმეტესად სიცოცხლისთვის საშიში არაა. ამის მიუხედავად, იშვიათ შემთხვევებში წარმონაქმნი სწრაფად და მნიშვნელოვნად იზრდება, რის გამოც ნაყოფის გულსა და ფილტვებზე ძლიერი ზეწოლა შეიძლება გამოიწვიოს და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
CPAM-ის ყველა შემთხვევისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ჯერ არ გვაქვს. ზოგჯერ ორსულ ქალს სტეროიდულ პრეპარატებს აძლევენ, რათა ნაყოფის წარმონაქმნი შემცირდეს; თუ CPAM სითხით სავსე დიდი კისტის სახითაა, ექიმებმა შეიძლება ნემსი დედის მუცლისა და საშვილოსნოს გავლით შეიყვანონ, რათა წარმონაქმნსა და სანაყოფე გარსს შორის სადრენაჟო მილი მოათავსონ. ასეთ შემთხვევებში ნაადრევი მშობიარობის რისკი არსებობს.
კიდევ ერთი მეთოდი ნაყოფის ლობექტომიაა — ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ჭრიან, წარმონაქმნს ნაყოფის ფილტვიდან იღებენ და შემდეგ ჩანასახს ისევ დედის სხეულში აბრუნებენ. ეს საკმაოდ რთული ოპერაციაა და გადარჩენას ბავშვების მხოლოდ დაახლოებით 50% ახერხებს.
ახლა ჩინელმა ექიმებმა სხვა, ნაკლებად ინვაზიური, მეთოდი გამოიყენეს. შემთხვევა, რომელიც გამოცემა Ultrasound in Obstetrics & Gynecology-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი, 40 წლის ქალის ორსულობას ეხება. 22-ე კვირაზე ნაყოფის გულმკერდში არსებული წარმონაქმნი დაახლოებით 5 სანტიმეტრამდე გაიზარდა, ამიტომ გულსა და ფილტვებს აწვებოდა. ამასთან, მის მუცლის ღრუშიც სითხეც დაგროვდა.
ექიმებმა დედის მუცლის გავლით მცირე ზომის ნემსი ნაყოფის ფილტვში არსებულ წარმონაქმნში შეიყვანეს. შემდეგ მისი საშუალებით ქსოვილს მიკროტალღური ენერგია გადასცეს, რათა გაენადგურებინათ. ამან ქსოვილში არსებული წყლის მოლეკულების ვიბრაციით ძლიერი სითბო წარმოქმნა, რომელმაც პათოლოგიური წანაზარდი შიგნიდან დააზიანა.
პროცედურიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ წარმონაქმნის ზომა მნიშვნელოვნად შემცირდა, ნაყოფის მუცელში დაგროვილი სითხე კი მთლიანად გაქრა. ბავშვი ორსულობის 37-ე კვირაზე საკეისრო კვეთით დაიბადა და დაახლოებით 2.9 კილოგრამს იწონიდა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევის საფუძველზე მეთოდის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის საბოლოოდ შეფასება მაინც შეუძლებელია. თუ მომავალში ეს ყველაფერი დადასტურდება, ამგვარი პროცედურა შეიძლება მძიმე ფორმის CPAM-ის დროს მკურნალობის კიდევ ერთ ვარიანტად იქცეს.


კომენტარები