OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
ფოტო: Zeniteq
OpenAI-მ სხვადასხვა მათემატიკური პრობლემის დამამტკიცებელი თუ უარმყოფელი 722 ნაშრომი გამოაქვეყნა. აკადემიკოსების აზრით, ეს მასშტაბი, რამდენადაც შთამბეჭდავია, იმდენად დამაბნეველია. ამაზე პლატფორმა New Scientist წერს.
AI მოდელებში მათემატიკური პრობლემების გადაჭრის უნარი უფრო და უფრო იხვეწება. 2019 წელს ისინი გამსვლელი ქულის მიღებასაც კი ძლივს ახერხებდნენ GCSE მათემატიკის ტესტებში. გასულ თვეს უკვე OpenAI-მ განაცხადა, რომ ნავიე-სტოქსის პრობლემა ამოხსნა. ეს მათემატიკაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული თავსატეხი იყო.
იხილეთ: OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
სიღრმის მიღწევის შემდეგ OpenAI-მ ახლა, როგორც ჩანს, მასშტაბის გაზრდა არჩია და ასობით მათემატიკური აღმოჩენა ერთიანად გამოაქვეყნა. კომპანიას არ დაუსახელებია, მათმა რომელმა AI-მ გააკეთა ეს. იგი უბრალოდ "შიდა მოწინავე მოდელად" მოიხსენიეს.
რას უქადის ეს ყველაფერი მათემატიკას? — სპეციალისტთა მოსაზრებები
ფრენსის ჯონსონი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, უოლის D(2) პრობლემაზე მრავალი წელი მუშაობდა. ეს ერთ-ერთი თავსატეხია, რომლის ამოხსნაც OpenAI-მ გამოაქვეყნა.
"ამ პრობლემაზე 25 წელი ვმუშაობდი. მასზე ორი წიგნი დავწერე. მე, პირადად, დავნებდი. მიკვირს, რომ AI-მ ეს ასე სწრაფად გააკეთა, მაგრამ, რომ გააკეთა, არ მიკვირს", — განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონი ბოლო თვეებში AI მოდელებთან მუშაობას იხსენებს. მათი ანალიზის დახვეწილობასა და სიცხადეს "გამაოგნებელს" უწოდებს.
"ეს ყველას ძალიან უცნაურ მდგომარეობაში გვაყენებს. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ჯინი ბოთლიდან უკვე გამოვიდა. ამასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. ადამიანები, წესით, ადაპტირებადები უნდა ვიყოთ, ამიტომ ადაპტაცია მოგვიწევს. ვფიქრობ, უბრალოდ უკან უნდა დავიხიოთ და გაკვირვებას მივეცეთ", — აცხადებს ჯონსონი.
კევინ ბაზარდი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარი, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს. მისი თქმით, გამოქვეყნებულ მასალაში რიცხვთა თეორიის შესახებ 30 ნაშრომი იყო. ამათგან შთამბეჭდავი, მისი აზრით, მხოლოდ შვიდი ჩანდა და ფორმალურად მხოლოდ ერთი იყო შემოწმებული Lean-ში. ეს კომპიუტერული ანალიზია, რომელიც მათემატიკურ შედეგებს ეჭვის გარეშე ამტკიცებს.
"სამწუხაროდ, საზოგადოების მიერ ამ შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. ჟურნალისტებს მოცდა მოუწევთ, სანამ მათემატიკოსები თავიანთ საქმეს გააკეთებენ. ექვსი დაუდასტურებელი შედეგისთვის ექსპერტმა ტექსტის წაკითხვა და შემოწმება უნდა გადაწყვიტოს ან Lean ფორმალიზაცია უნდა შეიქმნას", — განაცხადა ბაზარდმა.
შედეგების სისწორეზე დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ, თუმცა ბაზარდისთვის AI მათემატიკაში აღმავალი ტენდენცია გასაოცარია. მისი თქმით, ახალი შედეგების უმეტესობა თუ სწორი აღმოჩნდება, გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნება, ახალი ნორმა როგორია.
"დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანები მათემატიკის ყველა დარგში ექსპერტები იყვნენ, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ამ თვისების მქონე მანქანები გვყავს", — განაცხადა მან.
ბენ ალანახი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი, აღნიშნავს, რომ AI კომპანიები მათემატიკოსებს ქირაობენ; ისინი კვლევებში დროსა და რესურსებს დებენ და შთამბეჭდავი შედეგებიც არ აყოვნებს.
"კომპანიები [მათემატიკურ აღმოჩენებს] ინტელექტუალურ, მიღწევად ინტელექტუალურ ჯილდოდ, აღიქვამენ", — თქვა მან.
მისთვის "ეს დამაბნეველი და ძირეული ცვლილებების მომტანია".
"ნამდვილად მიხარია, რომ წმინდა მათემატიკოსი არ ვარ, რადგან ვიფიქრებდი, რა აზრი აქვს-მეთქი", — განაცხადა ალანახმა.
ალანახი გამოქვეყნებული შედეგების მასშტაბსაც აკრიტიკებს და მათ ასახსნელად გაწეული ძალისხმევის სიმცირესაც იწუნებს.
"შედის კი ეს ადამიანური ცოდნის ჩარჩოებში? ჩვეულებრივ, მათემატიკოსებს საკუთარი საქმე და თავსატეხების ამოხსნის პროცესი მოსწონთ. მანქანების მუშაობის მხოლოდ შემოწმება ან გაგება, სავარაუდოდ, ნაკლებად მიმზიდველია", — თქვა მან.
ნაშრომებს "თავზე გვაყრიან"?
მათემატიკური კვლევისთვის უჩვეულოა, რომ OpenAI-მ ნაშრომები GitHub-ზე გამოაქვეყნა. ადამიანები ამ მონაცემთა ბაზას კომპიუტერული კოდის გასაზიარებლად უფრო ხშირად იყენებენ. სხვათა შორის, კვირის დასაწყისში სამეცნიერო პრეპრინტების სერვერმა, arXiv-მა, გამოაცხადა, რომ ატვირთვის ლიმიტებს აწესებს, რათა "დაბალი ღირებულების" მასალების ნაკადი შეასუსტოს.
ბოლო თვეებში OpenAI კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რა გზითაც მათემატიკურ კვლევებს ასაჯაროებს. ტერენს ტაომ, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, გასულ თვეს აღნიშნა, რომ აღმოჩენების გაკეთების ასეთმა ყაიდამ და მათემატიკური საზოგადოებისთვის მათმა "თავზე დაყრამ" შეიძლება დარგი დააზარალოს. მოვლენების საპასუხოდ მათემატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მრჩეველთა დამოუკიდებელი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც AI კომპანიებს საუკეთესო პრაქტიკებზე რჩევებს მისცემს.
OpenAI პირობას დებდა, რომ ამ რჩევებს გაითვალისწინებდა, თუმცა მათი უახლესი პუბლიკაცია, როგორც ჩანს, ჯგუფის ბევრ რეკომენდაციას ეწინააღმდეგება. მაგალითად, ჯგუფი ითხოვს, რომ მოდელის სახელი, გამოყენებული მითითებები და გამოთვლების მიახლოებითი ხარჯი გასაჯაროვდეს. მათივე რჩევით, AI ლაბორატორიამ გამოქვეყნებული დამტკიცების ფორმალიზება შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს. ჯგუფი კომპანიებს სხვა დეტალების გასაჯაროებასაც ურჩევს — მათ უნდა თქვან, მსგავსი სირთულის კიდევ რამდენი თავსატეხის ამოხსნა სცადა და ვერ შეძლო მოდელმა; ასევე, როგორ შეარჩიეს ეს თავსატეხები.
ლინდსი მაკკალუმ რემიმ, OpenAI-ის წარმომადგენელმა, ამ შედეგების შესახებ New Scientist-ს ელექტრონული წერილით აცნობა.
"ვაგრძელებთ ამ პუბლიკაციისთვის საზოგადოების მართული სხვა ალტერნატივების შესწავლას, რომლებიც კომიტეტის მითითებების შესაბამისი იქნება. სამომავლო პუბლიკაციებისთვის ნაშრომების ხარისხის გაუმჯობესების ვალდებულებას ვიღებთ ციტირებების, მათემატიკური ახსნებისა და შედეგების პრეზენტაციის გზით, რომ უფრო გასაგები იყოს. გვინდა მათემატიკურ საზოგადოებას ამ სამუშაოს შესაფასებლად დრო და სივრცე მივცეთ", — განაცხადა მან.
კომენტარები