ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი დაგვხვდება. ახალი ინტერფეისი, რომლის ჩაშვებაც 7 ოქტომბერს დაიწყეს, ჩვენს დიალოგებში უამრავ ვიზუალურ ელემენტს შემოიტანს.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ ეს ვიზუალური მასალა მეტწილად ინტერაქციული იქნება. უძრავი გამოსახულებების ნაცვლად, გამოჩნდება ტექსტში თითის დაჭერით გააქტიურებადი ღილაკები, კონკრეტული ამოცანისთვის განკუთვნილი კალკულატორი, ინტერაქციული დიაგრამები და რედაქტირებადი გრაფიკები. მომხმარებელს მათთან პირდაპირი მუშაობაც შეეძლება.

კომპანიის განმარტებით, ამ სიახლის მთავარი მიზანი "რთული თემების ათვისების გამარტივებაა". ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ეს ცვლილება ChatGPT-ს უფრო მეგობრულსა და ხელმისაწვდომს გახდის, რაც პლატფორმას ახალ აუდიტორიას მოუზიდავს (OpenAI-ს ეს პირდაპირ არ აღუნიშნავს).

ჟურნალისტებთან შეხვედრისას OpenAI-ს წარმომადგენლებმა Intelligent UI-ს შესაძლებლობები მოკლედ წარმოადგინეს. აჩვენეს, რომ ჩატბოტს შეუძლია თვალის დახამხამებაში შექმნას სხვადასხვა დიაგრამა და ვიზუალური მასალა, რომლებიც მომხმარებელს აბსტრაქტული საკითხების უკეთ გაგებაში ეხმარება.

არუშ სელვანმა, კომპანიის პროდუქტის მენეჯერმა, აღნიშნა, რომ აქამდე ChatGPT ძირითადად ტექსტურ ინტერფეისს ეყრდნობოდა. მეორე მხრივ, კომპანიას სურს, მომხმარებელს "ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაეხმაროს: ეს შეიძლება იყოს რეცეპტის მოძიება, მოგზაურობის დაგეგმვა თუ რაიმე ახლის შესწავლა. ასეთ დროს ყველაზე სასარგებლო პასუხი მხოლოდ ტექსტით არ შემოიფარგლება".

სელვანმა მაგალითად მოიყვანა სტუდენტი, რომელსაც აინტერესებს, თუ როგორ მუშაობს თვითმფრინავის ფრთა. მან ChatGPT-ს სთხოვა აეხსნა, "როგორ წარმოქმნის ფრთა ამწევ ძალას". ჩატბოტმაც სწრაფად მოამზადა რამდენიმე დიაგრამა, რომლებზეც მკაფიოდ გამოჩნდა, როგორ ჩერდება თვითმფრინავი ჰაერში.

კომპანიამ სხვა მაგალითებიც წარმოადგინა. მათ შორის იყო: რეცეპტების ილუსტრაციები, ველოსიპედის მექანიზმის განმარტებითი დიაგრამა, რამდენიმედღიანი სალაშქრო რუკა, პირადი დანაზოგების კალკულატორი და სხვა.

ახალი ფუნქციის მორგება გემოვნების მიხედვით იქნება შესაძლებელი. თუ მომხმარებელს პასუხებში ბევრი ვიზუალური ელემენტი არ სურს, მას მათი შემცირება შეეძლება. Intelligent UI გლობალურად GPT-6-თან ერთად ჩაირთო Pro, Plus, Business და Enterprise პაკეტის მომხმარებლებისთვის, 8 ოქტომბრიდან კი უფასო და შედარებით იაფი Go ვერსიის მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.