ქალებს აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოზს ბევრად უფრო ხშირად უსვამენ, ვიდრე კაცებს. გარვანის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და სიდნეის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ახალი კვლევა, შესაძლოა, ამის ახსნაში დაგვეხმაროს.

აუტოიმუნური დაავადებები მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით ორგანიზმის ჯანსაღ ქსოვილებს ესხმის თავს. მაგალითად, მგლურა (Lupus erythematosus), ყოველ ერთ კაცზე, შესაძლოა, ცხრა ქალს დაემართოს, თუმცა ამ თვალშისაცემი სხვაობის უკან მდგომი გენეტიკური ფაქტორები დღემდე ბოლომდე შესწავლილი არ იყო.

მკვლევრებმა ახლა უკვე 1000-ზე მეტი გენეტიკური გადამრთველი გამოავლინეს, რომლებიც ქალისა და კაცის იმუნურ უჯრედებში სხვადასხვანაირად მუშაობს. როგორც ჩანს, ეს განსხვავებები ქალებში ანთებასთან დაკავშირებული გზების უფრო მაღალ აქტივობას განაპირობებს, რაც ახალ ბიოლოგიურ ახსნას გვთავაზობს იმის თაობაზე, ქალები აუტოიმუნური დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადნი რატომ არიან.

მიგნებები, რომლებიც ჟურნალ The American Journal of Human Genetics-ში გამოქვეყნდა, დამატებით ამტკიცებს, რომ დაავადებები კაცებსა და ქალებში, შესაძლოა, სხვადასხვანაირად განვითარდეს და გამოვლინდეს. ისინი ასევე სამედიცინო კვლევებში ორივე სქესის ჩართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რაც ისტორიულად, მეტწილად, კაცების საკვლევ ჯგუფებზე იყო დამოკიდებული.

"ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ იმუნური სისტემის შესწავლისას სქესის გათვალისწინება აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, კაცებისა და ქალების იმუნური სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება, ბევრი კვლევა ამ განსხვავებებს მაინც უგულებელყოფს. ამან შეიძლება დაავადების ჩვენეული გაგება შეზღუდოს და, თავის მხრივ, მკურნალობის ვარიანტები მიკერძოებული გახადოს", — ამბობს კვლევის ავტორი, გარვანის ინსტიტუტის დოქტორი, სეიჰან იაზარი.

იმუნური უჯრედების სათითაოდ შესწავლა

წლების განმავლობაში სქესთა შორის იმუნური განსხვავებების შემსწავლელი მკვლევრები ტექნოლოგიურად შეზღუდულები იყვნენ. სისხლის ტრადიციული მთლიანი ანალიზი საშუალო აქტივობას მრავალი უჯრედის ნარევში ზომავს, რასაც კონკრეტული ტიპის უჯრედების ქცევაში არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების დამალვა შეუძლია.

ცალკეული უჯრედების ანალიზის ახალმა ტექნოლოგიებმა იმუნური უჯრედების გაცილებით დეტალურად შესწავლა გახადა შესაძლებელი. მკვლევრების თქმით, ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც ქალისა და კაცის იმუნური განსხვავებები ცალკეული უჯრედების დონეზე ასეთი დიდი მასშტაბით შეისწავლა.

გუნდმა 1000-მდე ჯანმრთელი ადამიანის 1,25 მილიონზე მეტი პერიფერიული სისხლის მონონუკლეარული უჯრედის (სისხლში მოცირკულირე იმუნური უჯრედები) დნმ-ის მიმდევრობა დაადგინა. მონაწილეები OneK1K-ის კოჰორტაში შედიოდნენ. ეს ავსტრალიური დიდი კვლევითი პროექტია, რომელიც დიდი პოპულაციის მასშტაბით, ცალკეულ იმუნურ უჯრედებზე გენეტიკის გავლენის გამოსაკვლევად არის შექმნილი.

კაცებისა და ქალების უჯრედული პროფილების შედარებისას ნათელი განსხვავებები გამოიკვეთა. კაცებს მონოციტების (იმუნური უჯრედები, რომლებიც საფრთხეებზე ადრეულად რეაგირებენ) უფრო დიდი წილი ჰქონდათ. მათი გენური აქტივობა ასევე უფრო მეტად უჯრედის საბაზისო ფუნქციების შენარჩუნებასა და ცილების წარმოებაზე იყო ფოკუსირებული. შედარებისთვის, ქალებს B უჯრედებისა და მარეგულირებელი T უჯრედების უფრო დიდი რაოდენობა ჰქონდათ. მათ იმუნურ უჯრედებში ასევე ანთებით გზებთან დაკავშირებული გაცილებით მაღალი გენეტიკური აქტივობა შეინიშნებოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს მაღალრეაქტიული იმუნური პროფილი ქალებს ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს, მას თან ახლავს ბიოლოგიური კომპრომისი: აუტოიმუნური დაავადებებისადმი უფრო დიდი მიდრეკილება. მეორე მხრივ, კაცის იმუნური უჯრედები ნაკლებად არის მომართული ანთებისკენ, რაც ინფექციებისა და არარეპროდუქციული სიმსივნეების მიმართ კაცებს ზოგადად უფრო მოწყვლადს ხდის", — ამბობს კვლევის თანაავტორი, UNSW-ის უფროსი ლექტორი, სარა ბალუზი.

უფრო რეაქტიულ იმუნურ სისტემას ღირებული დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია, რადგან ის რეალურ საფრთხეებზე რეაგირებისთვის უფრო მომზადებულია. თუმცა, მზადყოფნის ამ გაძლიერებული მდგომარეობის შენარჩუნებამ, შესაძლოა, იმუნური "მეგობრული ცეცხლის" ალბათობა გაზარდოს, რომლის დროსაც ორგანიზმი შეცდომით საკუთარ ჯანსაღ ქსოვილებს ესხმის თავს და აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს.

1000-ზე მეტი გენეტიკური გადამრთველი ფარულ კანონზომიერებას ავლენს

ცალკეული უჯრედების შესწავლამ მკვლევრებს საშუალება მისცა, სქესისთვის სპეციფიკური გენეტიკური განსხვავებები გამოევლინათ, რომლებსაც წინა კვლევები სისხლის მთლიანი შერჩევების გამოყენებისას ვერ ხედავდა.

გუნდმა ყურადღება გენეტიკურ გადამრთველებზე გაამახვილა, რომლებიც ერთ სქესში ფუნქციონირებს, მაგრამ არა მეორეში. ცნობილი როგორც "ექსპრესიის რაოდენობრივი ნიშან-თვისების ლოკუსები" (expression quantitative trait loci), ეს გადამრთველები შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ხმის რეგულატორები, რომლებსაც გავლენა აქვს, კონკრეტული გენები რამდენად ძლიერად აქტიურდება ან ითრგუნება.

მკვლევრები ხშირად ვარაუდობდნენ, რომ კაცისა და ქალის იმუნურ სისტემებს შორის განსხვავებებს მეტწილად X და Y სასქესო ქრომოსომები განაპირობებდა. ახალმა მიგნებებმა ეს მოლოდინი ეჭვქვეშ დააყენა.

სქესისთვის სპეციფიკური გენეტიკური გადამრთველები ბევრად ნაკლებად იყო კონცენტრირებული სასქესო ქრომოსომებზე, ვიდრე მკვლევრები ელოდნენ. ამის ნაცვლად, მათი უმეტესობა აუტოსომებზე (არასასქესო ქრომოსომებზე, რომლებიც კაცებისა და ქალებისთვის საერთოა) მდებარეობდა. საერთო ჯამში, მკვლევრებმა ამ რეგიონებში 1000-ზე მეტი სქესისთვის სპეციფიკური გენეტიკური გადამრთველი გამოავლინეს.

გენეტიკური მინიშნებები: რატომ ემართება მგლურა უფრო მეტ ქალს

ამ გენეტიკური კონტროლიდან ზოგიერთი პირდაპირ უკავშირდებოდა აუტოიმუნურ დაავადებებს.

მკვლევრებმა კონკრეტული გენეტიკური ვარიანტები გამოავლინეს, რომლებსაც ორი გენის ექსპრესიაზე აქვს გავლენა — ეს გენები დაკავშირებულია სისტემურ წითელ მგლურასთან (Systemic lupus erythematosus) და ქალებში ჭარბად არის გამოხატული. ეს მიგნება შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში, რატომ ვითარდება მგლურა ქალებში დაახლოებით ცხრაჯერ უფრო ხშირად, ვიდრე კაცებში.

აუტოიმუნურ რისკს მარტო გენეტიკა არ განსაზღვრავს. სხვა ფაქტორები, მათ შორის ჰორმონები, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს გენეტიკური განსხვავებები განსხვავებულ ბიოლოგიურ საწყის წერტილს ქმნის, რასაც შეიძლება, დაავადების მიმართ ადამიანის მოწყვლადობაზე, გავლენა ჰქონდეს.

"პირველად ვაჩვენეთ, რომ ეს განსხვავებები გენეტიკური კონტროლის დონეზე ხდება, რაც ადამიანის იმუნიტეტის შესახებ სრულიად ახალ წარმოდგენას გვიქმნის. მას შემდეგ, რაც ვაჩვენეთ, რომ ქალებში ჭარბად გამოხატული გენები დიდწილად მონაწილეობენ ანთებით გზებში, ახლა გვაქვს კიდევ ერთი ბიოლოგიური დასაბუთება იმისა, ქალებში იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ქსოვილებს უფრო ადვილად რატომ შეიძლება დაესხას თავს", — დოქტორი ბალუზი.

აუტოიმუნური დაავადებების უფრო პერსონალიზებული მკურნალობისკენ

ამ მიგნებებს ასევე შეიძლება პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აუტოიმუნური მდგომარეობებით, მაგალითად, მგლურათი ცხოვრობენ. ამჟამინდელი მკურნალობა ყველასთვის თანაბრად კარგად არ მუშაობს და ბევრი ფართოდ გამოყენებული თერაპია იმუნურ აქტივობას მთელ ორგანიზმში თრგუნავს.

კაცისა და ქალის იმუნიტეტში ჩართული განსხვავებული გენეტიკური გზების გამოვლენით, კვლევა მიუთითებს მომავალზე, სადაც მკურნალობა პაციენტის დაავადების კონკრეტულ ფორმაზე შეიძლება უფრო ზუსტად იყოს მიმართული, ნაცვლად მთლიანი იმუნური სისტემის ზოგადი შესუსტებისა.

"ჩვენი მიგნებები მყარ მტკიცებულებებს მატებს იმ მოსაზრებას, რომ ქალისა და კაცის აუტოიმუნური დაავადებები, შესაძლოა, არ იყოს იდენტური და მათი მკურნალობის გზებიც აუცილებლად ერთნაირი არ უნდა იყოს. ამჟამად კლინიცისტები აუტოიმუნური დაავადებების უმეტესობისთვის ეყრდნობიან "ერთი მიდგომა ყველასთვის" ტიპის მართვის პრინციპს, თუმცა საჭიროა უფრო ინკლუზიური მიდგომა", — ამბობს დოქტორი იაზარი.

კვლევას, შეგიძლიათ, ამ ბმულზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.