მთელ მსოფლიოში, გარემოს მიმდინარე ცვლილებები პეპლების ბევრ სახეობას აიძულებს, გადაადგილდნენ და ახალი საცხოვრებელი მოძებნონ. ამ პროცესს სახეობების გავრცელების არეალის ცვლილება ან სახეობების გადანაწილება ეწოდება. ტემპერატურის, ნალექებისა და გარემოს ცვლილებასთან ერთად, პეპლებს დიდ მანძილზე გადაადგილება, ან მთიანეთში ვერტიკალურად ზემოთ და ქვემოთ გადანაცვლება შეუძლიათ.

ახალმა გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ პეპლების ათი ცნობილი სახეობიდან ერთმა გავრცელების არეალი უკვე შეიცვალა. მაშ, სად მიდიან ისინი და რატომ?

თონი კოსტერი (Acraea terpsicore)

ფოტო: Singapore National Parks

საიდან ჩანს, რომ პეპლები გადაადგილდებიან?

გლობალურ კვლევაში გამოყენებული მონაცემები ყოვლისმომცველი იყო: პეპლების არეალის ცვლილების შესახებ 565 კვლევიდან და 68 საექსპერტო შეფასებიდან მიღებული 6180-ზე მეტი ანგარიში, რაც 105 ქვეყნის 1758 სახეობას მოიცავდა.

მონაცემებმა აჩვენა, რომ დოკუმენტირებული პეპლების სახეობების 80%-მა თავისი არეალი განედურად, ანუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ან გრძედურად, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გააფართოვა. დადგინდა, რომ 27%-მა თავისი არეალი შეამცირა, ხოლო 22%-მა გორაკების ან მთების ფერდობებზე ზემოთ ან ქვემოთ გადაინაცვლა. ბევრ სახეობაში ამ ცვლილებების კომბინაცია გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ნარატივი ხშირად გამარტივებულია: პლანეტის დათბობასთან ერთად, სახეობები უფრო გრილი ტემპერატურისკენ, მაღალ განედებზე, ან მთებში უფრო მაღლა ინაცვლებს. ეს ნამდვილად ხდება, მაგრამ ეს თავსატეხის მხოლოდ ერთი ნაწილია.

სინამდვილეში, პეპლებს ახალი საცხოვრებლის პოვნა სათანადო ტემპერატურაზე მეტად სჭირდებათ. მუხლუხები ხშირად კონკრეტულ მასპინძელ მცენარეებზე არიან დამოკიდებულნი; ზრდასრულ ინდივიდებს ნექტარი, თავშესაფარი და გამრავლებისთვის უსაფრთხო ადგილები ესაჭიროებათ; პოპულაციებს ერთმანეთთან დაკავშირებული საცხოვრებელი გარემოები სჭირდება, რათა ინდივიდებმა ლანდშაფტში მარტივად გადაადგილება, ერთმანეთთან შეხვედრა და გამრავლება შეძლონ.

ცვლილება შეიძლება სწრაფად მოხდეს

ზოგიერთი სახეობა აჩვენებს, ცვლილებები რა სისწრაფით შეიძლება მოხდეს. ინდოეთის სუბკონტინენტის მკვიდრი სახეობა თონი კოსტერი (Acraea terpsicore) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში გავრცელდა. ბრაზილიაში, Godartiana byses რიო-დე-ჟანეიროდან და ბაიადან სან-პაულუში გავრცელდა, რაც კლიმატის დათბობას უკავშირდება.

სხვა სახეობები საპირისპირო სურათს აჩვენებს. მცირე ცისფერმა პეპელამ (Cupido minimus) გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 150 წლის განმავლობაში თავისი საცხოვრებელი გარემოს 40% დაკარგა. გერმანიაში, შტოშის პეპელამ (Boloria aquilonaris) ჭაობების ამოშრობის გამო თავისი თავდაპირველი საცხოვრებელი გარემოს დიდი ნაწილი დაკარგა. რუმინეთში სოფლის მეურნეობის ზრდა დუნაის ყვითელი პეპლის (Colias myrmidone) გავრცელების არეალის მკვეთრ შემცირებასთან არის დაკავშირებული.

მცირე ცისფერი (Cupido minimus)

ფოტო: ვიკიპედია

შტოშის პეპელა (Boloria aquilonaris)

დუნაის ყვითელი პეპელა (Colias myrmidone)

მთის ფერდობებზე არეალის ცვლილებაც კი ყოველთვის ცალსახა არ არის. მექსიკაში, ნარშავის პეპელამ (Vanessa cardui) 1988-დან 2011 წლამდე პერიოდში ფერდობზე მაღლა, წელიწადში დაახლოებით 83 მეტრით, გადაინაცვლა. იმავე პერიოდში, დედოფალმა პეპელამ (Danaus gilippus) ფერდობზე დაბლა, წელიწადში დაახლოებით 32 მეტრით, ჩამოინაცვლა.

ერთობლივად, ეს მაგალითები აჩვენებს, რომ პეპლების სახეობების გავრცელების არეალის ცვლილება მხოლოდ პოლუსებისკენ ცხოველთა გადაადგილების ისტორია არ არის.

რა იწვევს ამ ცვლილებას?

კვლევაში ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომ შეიცვალეს პეპლებმა გავრცელების არეალი, კლიმატის ცვლილება და ექსტრემალური ამინდის მოვლენები იყო. თუმცა, კლიმატის ცვლილება ერთადერთი ფაქტორი არ არის. სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, ურბანული განვითარება და საცხოვრებელი გარემოს განადგურება ასევე ცვლის იმ გარემოს, სადაც პეპლებს ცხოვრება და გამრავლება შეუძლიათ. ეს ჩარევები მასპინძელ მცენარეებსა და გამრავლების ადგილებს ანადგურებს, და დიდ საბინადრო გარემოს ჯანსაღი პოპულაციის შესანარჩუნებლად ზედმეტად მცირე ფრაგმენტებად ყოფს.

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პეპლების მონიტორინგის ბევრი გრძელვადიანი პროგრამა მოქმედებს, რომლებსაც მოხალისე ექსპერტები და სამოქალაქო მეცნიერები ხელმძღვანელობენ. დადგინდა, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არეალის ცვლილება დაფიქსირებულია პეპლების ეროვნული სახეობების ნახევარზე მეტში. თუმცა უმეტეს ქვეყნებში, მონაცემები პეპლების ცნობილი სახეობების 10%-ზე ნაკლებისთვის არსებობს.

ყველაზე ნაკლები პეპლების შესახებ ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახალ გვინეასა და ამაზონის აუზშია ცნობილი, რომლებიც დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადგილებია. ეს ასევე ის ადგილებია, სადაც ბევრი სახეობა შეიძლება, თავისი ზედა თერმული ზღვრის სიახლოვეს უკვე ცხოვრობდეს. ტემპერატურის მცირედმა მატებამაც კი, შეიძლება, მათი საცხოვრებელი გარემოს ნაწილები გამოუსადეგარი გახადოს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს? პეპლები ჩვენ გარშემო არსებული ცოცხალი სამყაროს ნაწილია. ზრდასრულ პეპლებს დამტვერვაში შეაქვთ წვლილი. მუხლუხებით ფრინველები, ობობები და სხვა მწერები იკვებებიან. როდესაც პეპლები უჩინარდებიან, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მცენარეები, მდელოები თუ ტყეები, სადაც ოდესღაც პეპლები ბინადრობდნენ, ასევე იცვლება.

ეს მნიშვნელოვანია ბუნების დაცვისთვის. ბევრი დაცული ტერიტორია იმ რუკებს ეფუძნება, სად ცხოვრობდნენ სახეობები წარსულში. მაგრამ თუ პეპლები და სხვა სახეობები გადაადგილდებიან, ეს რუკები სწრაფად კარგავს აქტუალობას.

მკვლევრების თქმით, სათქმელი მარტივია: ბუნების დაცვა მხოლოდ იმ ადგილებით არ უნდა შემოიფარგლოს, სადაც სახეობები ოდესღაც ცხოვრობდნენ. მან უნდა მოიცვას ის ადგილებიც, სადაც ისინი მიემართებიან, და გზებიც, რომლებითაც იქ აღწევენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, "გუშინდელ ბუნებას დავიცავთ, ხვალინდელს კი წასასვლელი აღარსად ექნება".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.