სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტმა ა(ა)იპ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. მონიტორინგის დაწყების საფუძველი სავარაუდო დარღვევა გახდა — კერძოდ, ორგანიზაციას გრანტი შესაძლოა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიეღო. ინფორმაციას IPN ავრცელებს.

"საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში", — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა", რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს, 1999 წელს დაარსდა და მას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის კრიტიკა, რომელიც ბახმაროში გასულ კვირას გამართულ სემინარს უკავშირდებოდა. მთავრობის პოზიციით, "გრანტების შესახებ" კანონის შესაბამისად, ევროსაბჭოს მიერ აღნიშნული სკოლის დაფინანსებას მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, თუმცა მათ მსგავსი თანხმობა არ გააჩნიათ.

"ბახმაროს შეხვედრასთან დაკავშირებით მიჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს საქართველოს კანონმდებლობისთვის გვერდის ავლასთან. მოდიოდა ხმები, რომ მოფიქრებული იყო კანონისთვის გვერდის ავლის სქემები. თუკი მანამდე ევროსაბჭო რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის პროექტს გრანტს აძლევდა, ახლა განმარტებებიდან ჩანს, რომ გრანტი არ მისცეს და პირდაპირ ევროსაბჭოს ადგილობრივმა ოფისმა იქირავა სასტუმრო, ავტობუსი, კვების ფული პირდაპირ ევროსაბჭოს ოფისმა გადაიხადა და ექსპერტებსა და მომხსენებლებს ფული მან გადაუხადა. თუკი ეს ასეა, კანონის გვერდის ავლასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან ჩვენ ნდობა არ გვქონდა, კანონში ახლაც არის ნორმა, რომ თუ ხელშეკრულება თავისი დასახელებით არის არა გრანტის, არამედ მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ არსით ეს არის გრანტი, მაშინ ეს თვალთმაქცური გარიგებაა და გრანტად ჩაითვლება.

თეთრი ძაფით ნაკერ კანონისთვის გვერდის ავლას ჰგავს ყველაფერი. კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი ამაში აღმოჩნდება გახვეული. თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონს არღვევს და კანონისთვის გვერდის ავლას ცდილობს, ეს ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისისთვის კატასტროფული სკანდალი იქნება. აუდიტის სამსახური იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი მოიკვლიოს. თუ ეს ასე აღმოჩნდება, საჭირო გახდება კანონმდებლობის გადახედვა, რადგან ეს იქნება ჩვენი ხალხის კანონების აბსოლუტური ფეხქვეშ გათელვა, როდესაც ამბობ, რომ ამიკრძალავ გრანტებს, მაშინ მოვძებნი სანქციებისთვის გვერდის ავლის გზას. ახლა ორგანიზაციებს გრანტს აღარ აძლევენ, მაგრამ NGO-ს თანამშრომლებთან პირდაპირ ხელშეკრულება იდება და მას წარმოადგენენ როგორც თავის თანამშრომელს", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.