კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესაძლო მიზეზი "მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო". ბუწაშვილის თქმით, "ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული".

"დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან.

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.

სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან.

მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე", — დაწერა ბიწაშვილმა.

მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში ბუწაშვილი წერდა, რომ, მსგავსი ეპიდაფეთქებების ზუსტი მიზეზის ზეპირად დადგენა შეუძლებელია, რადგან სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც საკვებისმიერი ტოქსინებითა და ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციებით, ისე პარაზიტებით. ბუწაშვილი ხაზს უსვამს ეპიდემიოლოგიური კვლევის ოპერატიულობის მნიშვნელობას და შესაბამის უწყებებს სამოქმედო რეკომენდაციებს სთავაზობს.

"ბევრი კითხვაა საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე.

ზეპირად იმის თქმა, რამ გამოიწვია ეს ეპიდაფეთქება, ცხადია, შეუძლებელია. ამ ტიპის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ტოქსინმა (თუ ღებინება იწყება საკვების მიღებიდან მალევე, რამდენიმე საათში. ძირითადად სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი); ბატერიულმა ინფექციამ (თუ სიმპტომები დაიწყო საკვების მიღებიდან რამდენიმე დღეში - ხშირად სალმონელა), ვირუსულმა ინფექციამ (მაგალითად, ნოროვირუსმა), პარაზიტებმა (ციკლოსპორა, კრიპტოსპორიდიუმი) და სხვ.

ასეთ დროს დაუყოვნებლივ იწყება ეპიდკვლევა (რასაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები, NCDC-ისა და სურსათის უვნებლობა უკვე ატარებენ), რომლის დროსაც დროის ფაქტორს და ოპერატიულობას გადამწყვეტი როლი აქვს. კერძოდ,", — დაწერა ბუწაშვილმა.

მაია ბუწაშვილი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების მხრიდან სიჩუმეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ საბავშვო ბაღებში მომხდარი ეპიდაფეთქების ფონზე, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე მიმდინარე პროცესების შესახებ არანაირი განახლებული მონაცემი არ იძებნება. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც მსგავსი შემთხვევების დროს საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია პაციენტთა რაოდენობისა და კვლევების შედეგების შესახებ, საქართველოში ექიმებსაც კი არ აქვთ წვდომა დეტალებზე, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პრევენციისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.

"როდესაც ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა (outbreak) და ბაღების მოვლენა სწორედ ასე კვალიფიცირდება, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის დაწესებულებები მუდმივად განახლებად ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ მოსახლეობას და ჯანდაცვის მუშაკებს.

ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდებზე ჩამიჩუმი არ ისმის მიმდინარე ეპიდაფეთქების შესახებ.

შედარებისთვის, აშშ და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების საიტებზე (cdc; ecdc), როდესაც მიმდინარე ეპიდაფეთქებაა, მთავარ გვერდზე დევს ხოლმე მუდმივად განახლებადი ინფორმაცია იმ დროისთვის პაციენტების რაოდენობის, ჩატარებული ეპიდ და ლაბორატორიული კვლევების წინასწარი თუ საბოლოო შედეგების შესახებ და ასევე გაფრთხილება/რეკომენდაციები.

პაციენტების, ასევე უსიმპტომო ბავშვების მშობლებს და მთელ საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს. მაგალითად, აქვთ თუ არა რისკი სხვა ბავშვებს, ან პაციენტების ოჯახის წევრებს.

ჩვენ, ექიმები, ამ კითხვებზე ვერ ვპასუხობთ, რადგან შესაბამისი დაწესებულებებისგან კომუნიკაცია არ არსებობს. შეიძლება ყველა ინფექციაზე თუ ტოქსინზე ჯერ არა, მაგრამ მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევების შედეგები და წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მინიმუმ რა გამოირიცხა, ამაზე მაინც უნდა იდებოდეს განახლებული ინფორმაცია. თუნდაც იმას რომ თავი დავანებოთ, ვის რა ბრალეულობა აქვს, სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ინფორმირება", — დაწერა მან.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს იმის ალბათობაზეც, რომ ბავშვების ნაწილს ნოროვირუსი მართლაც გამოუვლინდეს, თუმცა რეალური ეპიდაფეთქების თავდაპირველი მიზეზი შესაძლოა სულ სხვა ფაქტორი იყოს. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაჯაროვდეს დეტალური სტატისტიკა — კერძოდ, რამდენი ნიმუში იქნა გამოკვლეული და ზუსტად რამდენ პაციენტს დაუდასტურდა ეს ვირუსი.

"ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ბავშვის განავლის ანალიზით მართლაც გამოვლინდა ნოროვირუსი (საკმაოდ გავრცელებული ინფექციაა), მაგრამ სინამდვილეში ეს აფეთქება სხვა რამით იყოს გამოწვეული. ამიტომ კარგი იქნებოდა გამოქვეყნდეს, რამდენი ნიმუში იქნა გამოკვლეული და რამდენს დაუდასტურდა ნოროვირუსი", — დაწერა ბუწაშვილმა.

მაია ბუწაშვილი დიაგნოსტიკის პროცესთან დაკავშირებულ კითხვებსაც სვამს და აღნიშნავს, რომ ნოროვირუსზე ტესტირება მარტივი და სწრაფი პროცედურაა, რომელსაც ჩვეულებრივი კლინიკური ლაბორატორიებიც წარმატებით ატარებენ. მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ არ ჩაატარეს სტაციონარებმა ჰოსპიტალიზებული პაციენტების გამოკვლევა, ან თუ ტესტირება რეალურად ჩატარდა და ვირუსი გამოვლინდა, რატომ არ გახდა ეს ინფორმაცია საჯარო.

"კიდევ ერთი კითხვა: ნოროვირუსზე დიაგნოსტიკას ჩვეულებრივი კლინიკური ლაბორატორიებიც აკეთებენ. მე დიარეის მქონე ამბულატორიულ პაციენტებსაც კი ვუტარებ ჩვენთან გამოკვლევას და რანაირად მოხდა, რომ სტაციონარებმა არ ჩაატარეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნოროვირუსზე გამოკვლევა? ძალიან ადვილი ტესტია და პასუხი სწრაფად არის.

თუ ჩაატარეს და გამოავლინეს ნოროვირუსი, რატომ არც ერთხელ არ ითქვა ამის შესახებ?",— დაწერა ბუწაშვილმა.


18 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა. მათი ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამასთანავე, მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

მომხდარის გამო 7 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 სექტემბერს გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ბავშვებისა და აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტზე, შესაბამისი უწყებები პირველივე წუთებიდანვე აქტიურად მუშაობენ. ცენტრის განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ლაბორატორიული ანალიზების წინასწარი მონაცემებით, ინფექციის ძირითად და სავარაუდო გამომწვევ მიზეზად ნოროვირუსი სახელდება.

"ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო", — წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება". უწყების ცნობით, "საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები".