კულტურის ახალ მინისტრს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერის მიერ ხელმოწერილი ბრძანებების თანახმად, მოადგილეებად დაინიშნენ თამარ შარაშიძე და ნათია შამათავა.

აღსანიშნავია, რომ კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა მაია ბითაძემ 2 მოადგილე - გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოზიცია შეინარჩუნა მიხეილ კიკნაძემ, რომელიც პოსტზე თინათინ რუხაძის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა და უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც იყო. მიხეილ კიკნაძის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 15 სექტემბერს აიტვირთა.

შესაბამისად, ამ მოცემულობით, მაია ბითაძეს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე ჰყავს.

შეგახსენებთ, წინა მინისტრმა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი 28 ივლისს დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და დასძინა, რომ "მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა დასჭირდა, რის გამოც მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას ვერ შეძლებს".