მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია "საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაუყოვნებლივ დაიწყო. პირველადი მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა არ ჰქონდა, რის გამოც ფონდი ყველა შესაბამის მასალას საგამოძიებო ორგანოს უგზავნის.

აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე, 1891 წელს აშენებულ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს ჩუქურთმა მოანგრიეს.

"ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია "საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

ფონდისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.
პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.
პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია. ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შესახებ გუშინ "ბათუმელებმა" დაწერა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ძველი ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ფასადების რეაბილიტაციაზე კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით. კომპანიამ სახელმწიფოსთან, ძველი ბათუმის რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის 200 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.