შს მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოებული პირების მიერ მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა.

ცვლილება შევიდა ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს მკერდზე მარცხენა მხარეს ატარებდა.

მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს მკერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო სამკერდე ნიშანი – მარჯვენა მხარეს.

შს მინისტრის ბრძანების დანართში განმარტებულია შსს-ს თანამშრომლების ფორმაზე ჯილდოების, თამასების, სამკერდე ნიშნებისა და ჟეტონის განთავსების წესები.

დოკუმენტში გაწერილია, როგორ უნდა განთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სააღლუმე ფორმაზე ჯილდოები, თამასები, სამკერდე ნიშნები და ჟეტონი — მითითებულია მათი ადგილმდებარეობა პიჯაკზე, ერთმანეთთან დაშორება, რიგების რაოდენობა და განლაგების პრინციპი, მათ შორის, რომ ჯილდოები და თამასები რანგის მიხედვით უნდა განთავსდეს, ხოლო უცხოური ჯილდოები და თამასები — ქვედა რიგში.

1. ჯილდო განლაგდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე მარცხენა მხარეს, სამკერდე ჯიბის სარქველის ზემოთ, ცენტრის თანაბრად.
2. ჯილდო დაშორებული უნდა იყოს ჯიბის სარქველიდან 4 სმ-ით.
3. ჯილდოები განლაგდება ორ რიგად. თითო რიგში არაუმეტეს ოთხი ჯილდო. რამდენიმე ჯილდოს შემთხვევაში აღნიშნული ჯილდოები განლაგდება რანგირების მიხედვით (სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო, სხვა ჯილდო და ა.შ.). უმაღლესი ჯილდო განთავსდება მკერდთან ახლოს. პიჯაკის საყელო ჯილდოს საკიდ ბაფთას შესაძლებელია არასრულად ფარავდეს.
4. ერთ მწკრივში ჯილდოების ბაფთები ერთმანეთს უნდა ფარავდეს 1/3-ით.
5. უცხოური სახელმწიფო/უწყებრივი ჯილდოების განლაგება შესაძლებელია ჯილდოების შემდგომ, ქვედა მწკრივში, კიდეში.
6. ზედა მწკრივის ჯილდო უნდა განთავსდეს ისე, რომ ქვედა მწკრივის ჯილდო დაიფაროს ½-ით. ამასთან, ქვედა მწკრივის მედალიონი უნდა იყოს კითხვადი.
7. ყელზე საკიდი ბაფთიანი ჯილდო უნდა განთავსდეს ჰალსტუხის კვანძზე.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების თამასები განლაგდება პიჯაკის მარცხენა მხარეს, სამკერდე ჯიბის სარქველის ზემოთ, ცენტრის თანაბრად, ჯიბის სარქველიდან 1,5 სმ-ის დაშორებით.
9. თამასები განლაგდება ორ მწკრივად. თითო მწკრივში განლაგდება არაუმეტეს ოთხი თამასა. რამდენიმე თამასის შემთხვევაში თამასები განლაგდება რანგირების მიხედვით. უმაღლესი ჯილდო განთავსდება მკერდთან ახლოს.
10. თამასების მწკრივებს შორის დაშვებულია 2მმ-იანი შუალედი. დაუშვებელია თამასები ფარავდეს ერთმანეთს.

11. ნაკლებთამასიანი მწკრივი უნდა განთავსდეს ჯიბის სარქველის ნაკერისა და თამასების პირველ მწკრივს შორის არაუმეტეს 3მმ-ის დაშორებით.
12. უცხოური თამასების განლაგება დაშვებულია სახელმწიფო და უწყებრივი თამასების შემდგომ, ქვედა მწკრივზე.
13. სამკერდე ნიშნები განლაგდება პიჯაკის მარჯვენა მხარეს, გვარის აღმნიშვნელი სამკერდე წარწერიდან 5მმ დაშორებით.
14. სამკერდე ნიშნები განლაგებული უნდა იყოს რანგირების მიხედვით. უმაღლესი ჯილდო განთავსდება მკერდთან ახლოს. ერთ მწკრივში დაშვებულია მაქსიმუმ სამი სამკერდე ნიშნის განლაგება.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ჟეტონი უნდა განთავსდეს პიჯაკის მარჯვენა მხარეს, სამკერდე ჯიბის ცენტრში.